კვიტაიშვილი ემზარ
გაზიარება

ნიკოლაძის ქუჩაზე ჩემი ნაცნობი ვეებერთელა ალვის ხე მოჭრეს 

ვაგლახ, გნახე დახერხილი, მოკლე-მოკლე მორებად,
არ მიხილავს მე შენი სასიკვდილო ზმორება.
ძლივს რომ შემოგწვდებოდა, სალტე სამი კაცისა,
მწვანედ მორთვა წაგართვეს რა სიმაღლის, რა ცისა!..
მიწამ, შავმა, თუ იგრძნო წამი იმ გაჟრჟოლების,
რა სიმწარეს ჰყვებიან შენი წლები – რგოლები.
კანი შემოგაფლითეს... ესეც გულსატკენია –
გვირგვინებად შენივე ტოტები გაფენია.
დაბნეული, ვერც იმას ვამბობ დაბეჯითებით –
მოფრენილნი, ხვალ დილით, რას იტყვიან ჩიტები.
სად წაიღე ცეცხლოვანი მზის წვენი და მზეძალა,
რა შრიალი, ბეღურებს, ფეხქვეშ გამოეცალათ.
მიგატოვა, ვინაც რო ამ სახლებს აგაცილა,
შემოგერტყნენ ტყიურნი, დაგჭრეს ნაწილ-ნაწილად.
ისიც კი არ გაღირსეს, ძირს მოგეღო ზღართანი;
მოგკლეს და თან წაიღე სიზმრები, ზღაპართანი...
წინ მინდორი არ გედო, არც მოჩანდი ბექიდან,
სულ მეგონა, წიქარას სალამური გეკიდა.
მოცელილო, გულში სხვაგვარ მწუხარებას შეიტან;
კიდევ უფრო მოწყენილი, მწყრალი ვივლი დღეიდან.

??????