ნაკუდაშვილი მურთაზ
გაზიარება

სახლი ფალიაშვილის ქუჩაზე 

ავედევნები უხმოდ შენს ქუჩას,
წამით ვჩერდები ნაცნობ ჭადრებთან.
თმებში ნიავი ფათურობს ურჩად,
და ვდგევარ ასე, დუმილით ერთხანს.
ვდგევარ და ვუსმენ იდუმალ ჩურჩულს,
ტკბილ ძილისპირულს შრიალა ხეთა,
მთვარე ღრუბლიდან გაუსხლტა ურჩხულს
და ჩაიძირა მთებს იქით, ხევთან.
გულდაწყვეტილი ჩავიდა მთვარე,
ცაზე ანთია ირმის ნაფრენი.
იწვის ვარსკვლავი სხივმოელვარე,
ღამემ აუშვა შავი აფრები.
ვემშვიდობები ჭადრებს უსიტყვოდ,
მიმაცილებენ ჩუმი შრიალით,
კვლავ შენი ბინის მიმყვება სითბო,
ირგვლივ ღამეა თვალგიშრიანი.
ამ სახლში შევხვდი პირველ სიყვარულს,
ერთი პატარა მთიელი ბიჭი,
აქ მოვყვებოდი სევდას, სიხარულს,
არა მხლებია ოდნავი იჭვიც.
თვალს და ხელს შუა გაფრინდნენ დღენი,
შენც გაგიტაცეს თითქოს და სადღაც
და ვგევარ ხარლაღს, მთებიდან დევნილს,
გეძიო ვისთან, გეძიო სადღა?

??????