ნიშნიანიძე შოთა
გაზიარება

მგლური კანონის ბალადა 

I
ბაბილონიდან,
რომიდან,
სულაც არ ვამბობ ტყუილს,
და კიდევ უფრო შორიდან,
მგლური კანონი ყმუის.

მიწაზე,
წყალში, ჰაერში
მგლური კანონი მეფობს,
ომებისა და თარეშის
მწარეს ვკითხულობთ ეპოსს.

თუ ტყეში მშიერ მგელივით არ გაძუნძულდა შიში,–
ირმებისა და შველ–ნუკრის გადაშენდება ჯიში.

II
აღგვილა იგავ–არაკი, როგორც ზღაპრული თებე:
ცირკშ მალაყებს გადადის ლომი–ნადირთა მეფე.
ატრიალებენ კარუსელს, დათვს ახტუნებენ ცვედანს,
მამლაყინწა და მელიკო ვეფხვის ფიტულზე სხედან.
ბავშვებიც სიცილისაგან ვერ იკავებენ სლოკინს––
ხატაურა და თაგუნა დასეირნობენ ქოლგით.
სალამურს უკრავს ფაკირი,
თვალს არ აშორებს თოფრაკს
და პაპირუსის გრაგნილად
აშრიალებდა კობრა.
მერე ჰანგივით ცახცახებს,
თითქოს მაგიას აკმევს,
ჰგავს ვიოლინოს გასაღებს
და მუსიკალურ ფრაგმენტს...

III
მგელი კი ისევ მგელია! არ მორჯულდება მგელი!
მგლის თავზე სახარებაო,–თქმაა ღიმილის მგვრელი.
როგორც ტყეების სიმწვანის, პირველყოფლობის კლების,
ტყიდან სიმღერა მოისმის, როგორც ტირილი მგლების;
“თავისუფლები ვყოფილვართ მონათმფლობელურ რომში,
ახლა კი ვლოღნით გალიებს ამ კაცთმოყვარულ დროში,
არც ცირკში გვითამაშნია, ისევე მგლურად ვცხოვრობთ,
მგლობას არ გადავჩვეულვართ, გავძაღლებულვართ მხოლოდ.
სამხეცეებში ნუ გვამწყვდევთ, ორფეხიანთა ტომო,
არმია აღარ არსებობს...პარტიზანულად ვომობთ...
ცუდი ბიჭები დავზარდეთ მგლური კანონის მწვდომი?–
მსოფლიოს აზანზარებდა მგლის ნაშიერი რომი.
ბუნების ყევლა კანონი ,
იგავის მართალ–ტყუილი
დაწერილია, გეთაყვათ,
ჩვენი თათით და ყმუილით.
კაცო მოკვდაო, ნუ განსჯი ღვთიურ კეთილს და ბოროტს,
მხოლოდ განგებამ თუ უწყის მისი თავი და ბოლო“...

IV
ირგვლივ ცხოვრება ირევა
ტყესავით შიშის მგვრელი...
მგლისათვის მონადირე ვართ,
მონადირისთვის––მგელი.
შენც დაგკბენს მგლური კანონი, ვერც შენ იდგები ცალკე,
რომში ხარ დაბადებული და გაზრდილი ხარ ალგეთს.
მტერს მგლურად მიუხტებოდა, აწყევლინებდა სვე–ბედს
მეფე ვახტანგი–მგელკაცი, ქართლოსიანთა მეფე.

V
ჩემივე ლექსის ბწკარებში დამწყვდეული ვარ მგლისებრ,
მგელივით მივდი–მოვდივარ, ძლივს ვატრიალებ კისერს,–
მაღიზიანებს მკითხელი, ცნობისმოყვარედ მიმზერს.
ქეჩოს მგელივით ავშლი, სათქმელს ყმუილით მოვჭრი.–
ტუჩს გადამიხლეჩს სტრიქონი–მგლის ალესილი ღოჯი.
ჰაუ, სატკივარს უხდება კბილის გაკვრა და გესლი,
ვაითუ ჩემი ვიშვიში მხოლოდ გალობად გესმით
ხანდახან შიშიც ამიტანს, თავს შევუწყრები ხისტად :
იქნება ღვთის ხატს ვატარებ და ბუნაგი ვარ მგლისა ?
და ჩემში მგელი ამთქნარებს მგლური კანონის გამო,
მფხოტნის და მეწკურწკურება, გარეთ გავარდნას ლამობს...

VI
გაყმუის რომის ლეგენდა:
––ტყეს დაუბრუნეთ მგლები!
ატოტებულა ალგეთი:
––ტყეს დაუბრუნეთ მგლები!
არა მულტფილმის ან თოჯინების,
ტყეს დაუბრუნეთ მგლები!
ქეჩოაშლილი, დაღოჯილები,
ტყეს დაუბრუნეთ მგლები,
––მგლის თვალი აგვიბრიალეთ,
––მგლის თათი მოგვიქლასუნეთ,
––მგლის კბილი აგვიღრჭიალთ
და მოგვიქსიეთ მგლის სუნი!

ტყიდან ირემი ყვირის––
არ უშინდება ხირიმს...

??????