აკუტაგავა რიუნოსკე
გაზიარება

ფიქრები ლიტერატურაზე 

ლიტერატურული, მხოლოდ და მხოლოდ ლიტერატურული ნაწარმოები; მკლებელი ყოველგვარ «თხრობას».
არა მგონია, რომ «თხრობას» მოკლებული ნაწარმოები სხვებზე უმჯობესი იყოს. აი ამიტომაც არ ვქადაგებ, მხოლოდ «თხრობას» მოკლებული ნაწარმოები წერეთ-მეთქი. უწინარეს ყოვლისა, ჩემი ნოველებიც მეტნაკლებად «თხრობითია». სურათის შექმნა უესკიზოდ არავის ძალუძს. ასევე, პროზაული თხზულებაც «თხრობაზე» ფუძნდება (სიტყვა «თხრობას» მარტო «მოთხრობის» მნიშვნელობით არა ვხმარობ). პირდაპირ უნდა ითქვას, ნაწარმოების შექმნა «თხრობის» გარეშე ყოვლად წარმოუდგენელია და ბუნებრივია ჩემი მოწიწებაც თხრობაზე დაფუძნებული ნაწარმოებებისადმი. განა შეიძლება სხვანაირად მოვიქცეთ, როცა ჯერ კიდევ უხსოვარ დროს «თხრობაზე» დააფუძნეს «დაფნისი და ქლოე», ყველა სხვა პროზაული ნაწარმოები და ეპიკური პოემა. «ქალბატონი ბოვარის», «ომი და მშვიდობის», «წითელი და შავის» ქვაკუთხედიც «თხრობაა».
მაგრამ ნაწარმოების შეფასებისას არ შეიძლება «თხრობის» ღირსება-ნაკლოვანებებს დავემყაროთ, მით უმეტეს «თხრობის» ორიგინალობა თუ არაორიგინალობა შეფასების გარეთ უნდა რჩებოდეს (ყველასთვის ცნობილია, ძიუნიტირი ტანიძაკი ორიგინალურ «თხრობაზე» აგებული მრავალი ნაწარმოებთაგან ზოგიერთმა შეიძლება საუკუნეებს გაძლოს. ეს სულაც არ ნიშნავს, თითქოს მათი უკვდავება «თხრობის» ორიგინალობაზე იყოს დამოკიდებული). კაცმა რომ თქვას, საკითხს _ ნაწარმოებში არის თუ არა «თხრობა», ამ პრობლემასთან საერთო არაფერი
აქვს. ვიმეორებ: არა მგონია, რომ საერთოდ «თხრობას» მოკლებული ნაწარმოები სხვებზე უმჯობესია. მაგრამ ვფიქრობ, ასეთ ნაწარმოებსაც აქვს არსებობის უფლება. «თხრობას მოკლებული ნაწარმოები მხოლოდ ადამიანის საქციელს როდი ასახავს. სხვა პროზაულ ქმნილებათაგან იგი ყველაზე უფრო ახლოა ლექსთან. ამავე დროს, ის უფრო ახლოა პროზასთან, ვიდრე ე.წ. პროზაული ლექსები. მესამედ ვიტყვი: არა მგონია, რომ «თხრობას» მოკლებული ნაწარმოები სხვებზე უმჯობესია და მაინც, «სიწმინდის» თვალსაზრისით, ის უფრო წმინდა სახის მხატვრული ნაწარმოებია. შეიძლება კვლავ მოვიყვანოთ მაგალითი ფერწერიდან _ უესკიზოდ სურათის შექმნა შეუძლებელია (მხედველობაში არა მაქვს კანდინსკის მთელი რიგი ტილოები, «იმპრვიზაცია» რომ ეწოდება). მაგრამ, მიუხედავად ამისა, ცხოვრების ამსახველი სურათი იმდენად ესკიზის წყალობით არ იქმნება, რამდენადაც საღებავებისა. ჩვენდა საბედნიეროდ, იაპონიამდე მოღწეული სეზანის რამდენიმე ტილო ამას ნათლად გვიმტკიცებს. მე სწორედ ისეთი ნაწარმოებები მიტაცებს, რომლებიც ამ სურათებს მაგონებს.
გვხვდება თუ არა სინამდვილეში ასეთი თხზულებანი? პირველად ძველმა გერმანელმა ნატურალისტებმა შექმნეს ისინი. უფრო გვიანდელებიდან შეიძლება მხოლოდ ჟიულ რენარი დავასახელოთ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, რენარის «ფილიპის ოჯახის ცხოვრება», ერთი შეხედვით, დაუმთავრებელი გვეჩვენა. ასეთი ქმნილება იმათ რიცხვს გაენკუთვნება, რომელთა დამთავრება შეუძლია მხოლოდ «დაკვირვებულ თვალს» და «მგრძნობიარე გულს». სეზანს კიდევ ერთ მაგალითს დავესესხები. შთამომავლობას მან მრავალი დაუმთავრებელი სურათი დაუტოვა ისევე, როგორც მიქელანჯელომ მრავალი დაუმთავრებელი ქანდაკება. მაგრამ უნებურად ეჭვი გვიპყრობს _ განა ნამდვილად დაუმთავრებელ ქანდაკებებს როდენი დამთავრებულად თვლიდა! თუმცა რენარის ნაწარმოებებს, მიქელანჯელოს კანდაკებებს, ისევე როგორც სეზანის ზოგიერთ ტილოს არ შეიძლება დაუმთავრებელი ეწოდოს. საქმეში ჩაუხედაობის გამო, სამწუხაროდ, ვერაფერს ვიტყვი იმაზე, თუ როგორ აფასებენ რენარს ფრანგები, მაგრამ, ეტყობა, მისი შემოქმედებითი მანერის ორიგინალობამ საკმაო აღიარება ვერ ჰპოვა.
ნუთუ მხოლოდ უცხოელებს შეუძლიათ შექმნან მსგავსი რამ? ჩემი აზრით, იაპონელებზე თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება ნაოია სიგას მოთხრობები დავასახელოთ.
მე ვთქვი, რომ ასეთი სახის ნაწარმოებნი არ არის «ვულგარულად თავშესაქცევი». ვულგარულად თავშესაქცევს ვუწოდებ ერთგვარ ლტოლვას მხოლოდ და მხოლოდ ამბისადმი. დღეს ქუჩაში ვიდექი და მძღოლისა და რიქშას ჩხუბს თვალს ვადევნებდი. გარკვეული ცნობისწადილიც აღმეძრა. როგორი იყო ეს ცნობისწადილი? ბევრი ვიფიქრე და ვერ წარმოვიდგინე, რითი განსხვავდებოდა იგი იმ ცნობისწადილისაგან, როცა ვუცქერ ჩხუბს თეატრის სცენაზე. გასხვავება მხოლოდ ისაა, რომ ჩხუბი სცენაზე არ მემუქრება, ხოლო ქუჩაში ატეხილი აურზაური პირადად ჩემთვის ხიფათად შეიძლება გადაიქცეს. არ ვაპირებ იმ ლიტერატურის უარყოფას, ასეთ ცნობისწადილს რომ აღძრავს. მაგრამ მჯერა, რომ არსებობს კიდევ სხვა, უფრო მაღალი ცნობისწადილი. ამის მაგალითად (პირველ რიგში ძიუნიტირო ტანიძაკის ვუპასუხებდი) მოვიყვანდი «ჟირაფის» რამდენიმე გვერდს, განსაკუთრებულ ცნობისწადილს რომ აღძრავს. «თხრობას მოკლებულ ნაწარმოებს თითქმის სრულიად არ გააჩნია ვულგარული თავშესაქცევი (საკითხავია, ეროგორ გავიგებთ სიტყვა «ვულგარულს»). რენარის დახატული ფილიპი პოეტის თვალსა და გულში გავლილი ფილიპია _ ჩვენს ცნობისწადილს კი ძირითადად იმიტომ იწვევს, რომ ის ჩვენთვის ახლობელი, ჩვეულებრივი ადამიანია. ამას რომ ვულგარული თავშექცევა ვუწოდოთ,
უსამართლობა იქნებოდა (ბუნებრივია, ჩემს მსჯელობაში არ მსურდა დავყრდნობოდი გამოთქმას «ჩვეულებრივი ადამიანი»). ბევრს ვიცნობ, ლიტერატურა ასეთი თავშესაქცევისათვის რომ უყვარს. ჩვენ არ გვწყინდება ზოოპარკში ჟირაფის ცქერა _ ეს სრულიად ბუნებრივია. მაგრამ, ამავე დროს, კატაც გვიყვარს, ჩვენს ბინაში რომ მოუკალათებია/
თუ სეზანს, ერთი კრიტიკოსის მსგავსად, ჩვენც ფერწერის დამამსხვრეველს ვუწოდებთ, მაშინ რენარმაც დაამსხვირია «თხრობა». ისევე, როგორც საკმევლის სურნელით გაჟღენთილი ჟიდი, ისევე, როგორც ქუჩის სუნით აქოთებული ფილიპი, რენარი მიაბიჯებს ხაფანგებითა და ხიფათით სავსე უდაბურ გზაზე. ჩემს ცნობისწადილს იწვევს იმ მწერლების შემოქმედება, ანატოლ ფრანსისა და ბარესის შემდგომ რომ მოვიდნენ. როგორი ნაწარმოებები მაქვს მხედველობაში, «თხრობამოკლებულს» რომ ვუწოდებ და რატომ აღმიძრავენ ისინი ცნობისწადილს, ამის გაგება ჩემ მიერ ზემოთ ნათქვამიდან შეიძლება.
ტიკამაცუ მონძაემონი
ძიუნიტირო ტანიძაკისა და ჰარუო სატოსთან ერთად თოჯინების თეატრში ვიყავი. დიდი ხანია მარიონეტების სპექტაკლი არ მენახა. თოჯინა მსახიობზე ლამაზია, განსაკუთრებით მაშინ, როცა არ ამოძრავებენ. თოჯინების გამთამაშებელი შავ სამოსიანი მსახიობი უსიამო გრძნობას იწვევს, ასეთი ფიგურები გოიას ნამუშევრებში უკანა პლანზე მოჩანს ხოლმე. ასე გეგონება, ეს შავი ფიგურები, როგორც შენი ნაღვლიანი ბედისწერა, სადღაც მიგერეკებოდეს...
ახლა თოჯინებზე კი არა, ტიკამაცუ მონძაემონზე მინდა გესაუბროთ. ძიჰეისა და კოჰარუს ვუყურებდი და ავტორზე დავიწყე ფიქრი. რეალისტ საიკაკუს საპირისპიროდ, ტიკამაცუს იდეალისტად თვლიან. ტიკამაცუს მსოფლმხედველობას არ ვიცნობ. ზეცას რომ შეღაღადებდა, ალბათ ჩვენს არასრულყოფილებაზე თუ შესჩიოდა. შესაძლოა, დღევანდელი დღის შემყურე, შიშით ელოდა ხვალინდელს. ახლა დაბეჯითებით ვინ მოგცემს ამის პასუხს? მისი დრამების მნახველმა ნამდვილად შემიძლია დავამტკიცო, რომ ტიკამაცუ იდეალისტი არაა. იდეალისტი?.. როგორ შეიძლება მას იდეალისტი ვუწოდოთ? საიკაკუს შემოქმედება და მსოფლმხედველობა რომანტიკულია. ოცნებისაკენ ლტოლვას თუ რომანტიზმს ვუწოდებთ, მაშინ ტიკამაცუც რომანტიკოსია. მაგრამ, ამავე დროს, გარკვეული ასპექტით, ის ჭეშმარიტი რეალისტია. მისი რეალისტური დრამა ადამიანის სულის ყველაზე იდუმალ კუნჭულს აღწევს. დრამაში, ცხადია, გენროკუს ეპოქის დამახასიათებელი ლირიკული ლექსებიც გვხვდება...
ტიკამაცუს ხშირად იაპონელ შექსპირს უწოდებენ. მისი შემოქმედება უფრო მეტადაა შექსპირული, ვიდრე ფიქრობენ. ჯერ ერთი, შექსპირის მსგავსად, თითქმის ყველას აღემატება ინტელექტით (გავიხსენოთ თუნდაც მოლიერის ინტელექტი). მეორეც, მისი დრამები სავსეა ბრწყინვალე სტრიქონებით და, ბოლოს, თვით ყველაზე მძაფრად დრამატულ ქარგალშიც კი კომედიური სცენაა ჩასოვილი. მაყალთან მოფუსფუსე ღარიბი ბერის მაყურებელს ხშირად გამხსენებია დიადი «მაკბეტის» ლხინი.
ტიოგიუ ტაკაიამას გამოკვლევების გავლებით, ტიკამაცუს ყოფით დრამებს მისავე ისტორიაულ დრამებს ამჯობინებენ. მაგრამ არც ისტორიულ დრამაში გვევლინება ტიკამაცუ რომანტიკოსად. ამ თვისებითაც შექსპირს ენათესავება. შექსპირმა სამუდამოდ შეაჩერა თავისი საათი რომში. ტიკამაცუმ ეპოქის
უგულვებელყოფაში შექსპირსაც გაუსწრო. უფრო მეტიც, ღმერთების საუკუნეც გენროკუს ეპოქის სამყაროდ გადააქცია. პარადოქსულია, მაგრამ მისი პერსონაჟების ფსიქოლოგიური მონახაზები ხშირად სრულიად რეალისტურია. მაგალითად, ისტორიულ დრამაში «ნიხონ ფურისოდე ხაძიმე» ძმების _ კოტანას და სოტანას (პიესის გმირები) ჩხუბი ყოფითი დრამის სცენად წარმოგვესახება, ხოლო კოტანას ცოლის და თვით კოტანას სულიერი მდგომარეობა მამის მოკვლის შემდგომ ჩვენი დროისათვისაც მახლობელია. უფრო მეტიც, სუსანოო-ნო-მიკოტოს სიყვარული, გავბედავ და ვიტყვი, მარადი სახით შემორჩა ისტორიის ფერიცვალებას.
ტიკამაცუს ისტორიული დრამა, ბუნებრივია, უფრო მეტადაა გაჟღენთილი ფანტაზიით, ვიდრე ყოფითი დრამა და სწორედ ამ ფანტაზიის წყალობით ათის უფრო მომხიბვლელი, რასაც ვერ ვიტყვით ყოფით დრამაზე.
ლექსის-ფორმა
მრავალ წელს მშვიდად ეძინა ზღაპრულ პრინცესას ციხე-კოშკში. იაპონური ლექსი, ტანკას და ჰაიკუს გარდა, ამ ზღაპრულ პრინცესას ჰგავდა. ტიოკის ფორმითაა დაწერილი «მანიოსიუ», საიბარა, «ტაირის სახლის ტქმულება», იოკიოკუ და ძიორური. მრავალი სალექსო ფორმა თვლემს ამ ნაწარმოებებში. ადრე ვწერდი, რომ იოკიოკუ ახლოსაა თანამედროვე ლექსის ფორმასთან. მას ახასიათებს თანამედროვე ენის რიტმი. ეგრეთ წოდებული თანამედროვე ხალხური პიესების უდიდესი ნაწილი დიდოიცუს ფორმითაა დაწერილი. მძინარე პრინცესას დანახვაც კი დიდ ცნობისწადილს აღუძრავს ადამიანს და რაღა იქნება, ის რომ გავაღვიძოთ!
დღევანდელი, ან ძველი ტერმინოლოგიით, ახალი სტილის ლექსი, ვგონებ, სწორედ ამ გზით მიემართება. ახლანდელი გრძნობების გამოსახატავად, ჩანს, ლექსის გუშინდელი ფორმა არ გამოდგება. ამავე დროს, სულაც არ ვამტკიცებ, რომ უცვლელად უნდა მივდიოთ ძველ პოეტურ ფორმას. ვგრძნობ უბრალოდ, რომ ამ პოეტურ ფორმაშიც არის რაღაც ცხოველმყოფელი. ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ: შეგნებულად უნდა ვეცადოთ, ამ რაღაცას ჩავჭიდოთ ხელი.
ჩვენ, ყველანი, გარდამავალ ხანაში გავჩნდით და წინააღმდეგობაზე წინააღმდეგობას ვუმატებთ. სინათლე იაპონიისათვის მაინც დასავლეთიდან უფრო მოდის, ვიდრე აღმოსავლეთიდან. მაგრამ შუქი წარსულიდანაც გვეფინება... ბუნებრივია, პრინცესას გაღვიძება ყველას არ სეუძლია...
ძველ იაპონურ ლექსში არის ცინცხალი რამ, ის, რაც გამოძახილს ითხოვს. ბუნებრივია, ეს «რაღაც» ჩემს სმენას სწვდება, მაგრამ მისი ხორცშესხმა არ ძალმიძს. ლიტერატურის თვალსაზრისით შეიძლება ეს წვრილმანია, მაგრამ მე, რაგინდ უცნაურადაც მოგეჩვენოთ, მთელი არსებით მიველტვი ამ ბურუსით დაფარულს და მოუხელთებელს.
პროლეტარული ლიტერატურა
ჩვენი დროის სამანთა გადალახვა არ შეგვიძლია. არ შეგვიძლია ჩვენი კლასის სამანთა გადალახვა...
საშუალო კლასებმა, უეჭველია, მრავალი რევოლუციონერი წარმოშვა. თეორიულად და პრაქტიკულად მათ საკუთარი იდეები გამოხატეს, მაგრამ განა შეძლო მათმა სულმა საშუალო კლასების ზღუდეთა გადალახვა? ლუთერმა რომაულ-კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ გაილაშქრა. ის ხედავდა ეშმას, მის სამეს წინ
რომ ეღობებოდა. ლუტერი ახალი იდეებით იყო აღჭურვილი, მაგრამ მის სულს არ სეეძლო არ შეემჩნია რომის კათოლიკური ეკლესიის ჯოჯოხეთი. ეს მხოლოდ რელიგიას არ ეხება. იგივეა, როცა სოციალურ სისტემაზე ლაპარაკობენ.
ჩვენი სული კლასობრივი დამღით არის დატვირთული. მაგრამ მხოლოდ კლასობრივი კუთვნილება არ გვაერთიანებს. ჩვენ შეკავშირებულნი ვართ გეოგრაფიულადაც _ დაბადების ადგილით, ჯერ იაპონიით და შემდეგ მშობლიური ქალაქითა და სოფლით. ახლა მემკვიდრეობასა და გარემოცვას თუ გავიხსენებთ, ჩვენვე გაგვიკვირდება, იმდენად რთული წარმონაქმნი ვართ... მცენარეები ვართ, სხვადასხვა მიწაზე და სხვადასხვა ცის ქვეშ რომ ხარობენ. ჩვენი თხზულებანიც განსხვავებულ პირობებში აღმოცენებულ მცენარეთა ნაყოფია. ღვთის თვალით რომ გადმოვხედოთ საკუთარ თავს, დავინახავთ, ჩვენს ნაწარმოებებში მთელი ჩვენი ცხოვრებაა აღბეჭდილი.
რა არის თავისთავად პროლეტარული ლიტერატურა? უპირველეს ყოვლისა, ეს, რა თქმა უნდა, ლიტერატურაა, რომლის ყვავილებიც პროლეტარული კულტურის წიაღში იფურჩქნება. დღევანდელ იაპონიაში ამას ვერ ვხედავთ. შემდეგ, ეს პროლეტარიატის ინტერესებისათვის მებრძოლი ლიტერატურაა. ჩვენ ამას იაპონიაშიც ვხედავთ (მეზობლად შვეიცარია რომ ყოფილიყო, პროლეტარული ლიტერატურა უფრო განვითარდებოდა.) მესამე _ ესაა ლიტერატურა (სულ ერთია, კომუნიზმის ან ანარქიზმის პრინციპებს ემყარება თუ არა), რომელსაც პროლეტარული სული უდევს საფუძვლად. პროლეტარული ლიტერატურის მეორე და მესამე განსაზღვრა ერთმანეთს სრულიად შეესაბამება. ახალი, ახალგაზრდა ლიტერატურა რომ შეიქმნას, ის პროლეტარული სულით უნდა იყოს სთაგონებული... კომუნისტური ან ანარქისტული იდეების გამოსახვა ნაწარმოებში სრულიადაც არაა ძნელი, მაგრამ ნაწარმოებს მხოლოდ პროლეტარული სული ანიჭებს პოეტურ სიდიადეს და ალმასისებურ ბრწყინვალებას. უდროოდ გარდაცვლილ ახალგაზრდა ფილიპს პროლეტარული სული ჰქონდა...
ნეოსენსუალისტთა ჯგუფი
ახლა ალბათ ძალზე გვიანია ნეოსენსუალისტთა მოღვაწეობის კრიტიკული ანალიზი, მაგრამ გავეცანი ამ ჯგუფის კრიტიკულ სტატიებს და ძლიერმა სურვილმა შემიპყრო, ნეოსენსუალისტთა დადებითი და უარყოფითი მხარეები აღმენიშნა.
პოეზიაზე თუ ვიმსჯელებთ, ის ყველა დროს ნეოსენსუალისტთა ჯგუფის ინტერესების სასარგებლოდ ვითარდება. ამ აზრით სრულიად მართალი საისეი მუროოს მტკიცება, რომ ბასიო იყო გერნოკუს ეპოქის ყველაზე დიდი პოეტი, რომლისთვისაც ზედგამოჭრილია განსაზღვრება «ნეო». ბასიო ყოველთვის იმას ცდილობდა, ლიტერატურისათვის «ნეო» გამხდარიყო. რამდენადაც პროზა და დრამაც პოეზიის ელემენტებს შეიცავს, ე.ი. ფართო გაგებით ორივე პოეზიას წარმოადგენს, ნეოსენსუალისთა ჯგუფის გამოცენას ისინიც უნდა მიესალმონ. მახსოვს, ამ ჯგუფს, ასე თუ ისე, ჰაკუსიუ კიტაჰარაც ეკუთვნოდა (იმდროინდელ პოეტებს სიმბოლოდ ჰქონდა «გრძნობათა თავისუფლება»). ძიუნიტირო ტანიძაკიც ემხრობოდა ნეოსენსუალისტთა ჯგუფს.
დღევანდელ ნეოსენსუალისტთა ჯგუფის მიმართ მეც, ბუნებრივია, გარკვეული ინტერესი აღმეძვრის. ამ მწერლებმა, ყოველ შემტხვევაში კამათის მონაწილეებმა, გამოაქვეყნეს თეორიული ნამუშევრები, გაცილებით უფრო «ნეო», ვიდრე ჩემი მოსაზრებანია ნეოსენსუალისტთა ჯგუფზე. სამწუხაროდ, სათანადოდ არ ვიცნობ
მათ. ჩემთვის ცნობილია, და ისიც არც თუ ისე კარგად, მხოლოდ ნეოსენსუალისტთა ჯგუფის ნაწარმოებნი. პირველი მოთხრობები და ნოველები რომ გამოვაქვეყნეთ, ჩვენ «ნეორაციონალისტების» ჯგუფი შეგვარქვეს (რა თქმა უნდა, ჩვენს თავს ასე არ ვუწოდებთ). მაგრამ ნეოსენსუალისტების ჯგუფის მწერალთა თხზულებებს თუ გადავხედავთ, მაშინ უნდა ითქვას, რომ ისინიც, რაღაც აზრით, უფრო მეტად არიან «ნეორაციონალისტები», ვიდრე ჩვენ ვიყავით. რას ნიშნავს «რაღაც აზრით»? ეს არის რაციონალიზმის სხივი, მათ ეგრეთ წოდებულ სენსუალობას რომ აშუქებს. ერთხელ, სისე მუროო და მე უსუის მთაზე გადმომდგარ მთვარეს ვუყურებდით. უცებ საისე მუროოს სიტყვები მომესამა მიოგის მთა კოჭას მაგონებსო. მეც, ჩემდა მოულოდნელად, აღმოვაჩინე, რომ ეს მთა მართლაც მოგვაგონებს კოჭას ფესვს: ასეთი, ეგრეთ წოდებული სენსუალობა რაციონალიზმის სინათლით არ გაშუქებულა. რას წარმოადგენს თავისთავად მათი ე.წ. სენსუალობა? რიიტი იოკომიცუმ ჩემნთვის მათი ეგრეთ წოდებული სენსუალობის აღმაფრების ასახსნელად ტაკეო ფუძისავას ფრაზა მითხრა: «ცხენი გარბოდა, როგორც მწითური აზრი». მე არ შემიძლია ვთქვა, რომ მსგავსი აღმაფრენა ჩემთვის გაუგებარია, მაგრამ ეს სტრიქონი აშკარად რაციონალისტურმა ასოციაციებმა გამოიწვია. ამრიგად, მათ თავისი ეგრეთ წოდებული სენსუალობა არ შეიძლიათ რაციონალიზმის შუქით არ გაანათონ. ესაა, როგორც ჩანს, ამ ჯგუფის განსაკუთრებულობა. თუ ეგრეთ წოდებული სენსუალობის მიზანი რაიმე სიახლეა ტავისთავად, მაშინ ვალდებული ვარ, მიოგის მთის აღქმა კოჭას ფესვად ყოველგვარ სიახლეზე უახლესად ჩავთვალო. ასე აღიქვამდნენ ჯერ კიდევ შორეული ედოს დროიდან.
ნეოსენსუალისტთა ჯგუფი აუცილებლად უნდა წარმოქნილიყო. ეს წარმოქმნა სულაც არ იყო ადვილი, როგორც ყოველგვარი სიახლის წარმოქმნა (ლიტერატურაში). ნეოსენსუალისთა ჯგუფის წევრებით, ან, უფრო სწორია თუ ვიტყვით, მათი ეგრეთ წოდებული ნეოსენსუალობით აღფრთოვანება მიჭირს, _ მე ეს მითქვამს კიდეც. მაგრამ კრიტიკოსები მაინც ძალზე მკაცრად ექცევიან მათ. ასე თუ ისე, ნეოსენსუალისტთა ჯგუფის წევრები ცდილობენ ახალი მიმართულებით მოძრაობას. ეს აუცილებლად უნდა ვაღიაროთ. მათი დაცინვა მარტო იმას კი არ გამოიწვევს, რომ დარტყმას მივაყენებთ ნეოსენსუალისტურ მწერლებს, ან იმ მიზანს, რომელსაც დაისახავს ნეოსენსუალისტთა ჯგუფის ახალი თაობა, ძველს კვალდაკვალ რომ მოჰყვება, არამედ მათ შემდგომ ზრდასაც შეაფერხებს. ეს კი, ბუნებრივია, იაპონიის ლიტერატურის თავისუფალ განვითარებას, მის პროგრესს ხელს არ შეუწყობს.
კლასიკა
ვეჭვობ, «რჩეული უმცირესობა» ის უმცირესობა იყოს, რომელსაც უმაღლესი მშვენიერების ჭვრეტა ძალუძს. მათ უფრო ნაწარმოებში გამოსახულ გრძნობებთან შეხების უნარი შესწევთ. გამოდის, თითქოს მხატვრულ ქმნილებას არ უნდა ჰყავდეს მკითხველი, გარდა «რჩეული უმცირესობისა». ეს როდი ნიშნავს, არ არსებობდეს «მკითხველთა არარჩეული უმრავლესობა». «გენძის ამბავის» მაქებარი ბევრი მინახავს. არაფერს ვიტყვი, როგორ ესმით და როგორ სიამოვნებას ანიჭებთ ეს რომანი. მაგრამ ჩემს მახლობელ მწერალთა შორის მხოლოდ ორი _ ძიუნიტირო ტანიძაკი და ტოსიო აკასი თუ მეგულება მისი ბოლომდე წამკითხველი. ამრიგად, კლასიკური შეიძლება ეწოდოს ნაწარმოებს, ორმოცდაათი მილიონი ადამიანიდან ერთი-ორს რომ წაუკითხავს.
«მანიოსიუს» გაცილებით ბევრი კითხულობს, ვიდრე «გენძის ამბავს», არა იმიტომ, რომ მათ უფსკრული ყოფთ: ერთი პროზაული, მეორე _ პოეტური ქმნილებაა; უბრალოდ, «მანიოსიუში» შეტანილი ნაწარმოებნი თითეული ცალ-ცალკე შეუდარებლად მოკლეა «გენძის ამბავზე». ყოველ დროს, აღმოსავლეთსა თუ დასავლეთში, მკითხველს მაინცდამაინც არ იზიდავდა გრძელი ნაწარმოები. ასეთი თხზულება წარმატებით სარგებლობდა, თუ მოკლე ამბებისაგან იყო შედგენილი. ჯერ კიდევ პო, პოეზისს საკუთარი პრინციპების განმტკიცებისას, ზუსტად ამ ფაქტს ემყარებოდა.
ბირსიც ასე მოიქცა. პროზის საკუთარი პრინციპების განმტკიცებისას. ჩვენ, აღმოსავლელი ადამიანები, არა გონებით, არამედ გრძნობით ვხელმძღვანელობდით და ამ საკითხში მათი წინამორბედნი აღმოვჩნდით. სამწუხაროდ, მათ მსგავსად ამ ფაქტზე დაფუძნებული, ლოგიკურად დასრულებული შენობა არ აგვიგია. რომ გვეცადა, მაშინ ისეთ რომანსაც კი, როგორიც «გენძის ამბავია», შესაბამისი მასალით უზრუნველვყოფდით. მშვენიერი მასალა რომანს ყოველ შემთხვევაში პოპულარობას მოუტანდა (მაგრამ პოს თეორიის გაცნობისას, დიდი სხვაობა აღმოჩნდება აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის; პოს ლექსის ყველაზე შესაფერ სიგრძედ ასი სტრიქონი მიაჩნია. იგი ჩვენს სამსტრიქონიან და ჩვიდმეტმარცვლიან ჰაიკუს ლექსად არც ცათვლიდა და «ეპიგრამას» შეარქმევდა).
უკვდავება, სულ ერთია აღიარებენ ამას თუ არა, ყველა პოეტის სანუკვარი ოცნებაა. ეს გამთქმა არაა ზუსტი. უფრო სწორია თუ ვიტყვით: «სანუკვარი ოცნებაა იმ პოეტებისა, რომელთაც გამოუქვეყნებიათ საკუთარი თხზულებანი».
ისეთI ადამიანებიც არიან, საკუთარი პოეტობა რომ სწამთ და ერთი სტრიქონიც არ გამოუქვეუყნებიათ. შევთანხმდეთ და პოეტად ჩავთვალოთ მხოლოდ ის კაცი, ვინც ხასიათისა და გარემოებათა მიხედვით ან ლექსს წერს ან პროზას. ამ პოეტის პრობლემა ის კი არ არის, თუ «რა აქვს დაწერილი», არამედ ის, «რაც არ დაუწერია». ჰონორარის შემყურე პოეტისათვის ეს, ბუნებრივია, მაინცდამაინც სასიამოვნო არაა. თუ გულზე არ ეხატება, დაე, გაიხსენოს, ფეოდალიზმის ეპოქის პოეტი როკუძიუენ ისაკავა ფუნდუკის მფლობელი რომ იყო. ჩვენ ლიტერატრის დღიური მუშაკნი რომ არ ვიყოთ, რაიმე ხელობას შევისწავლიდით. იქნებ გამოცდილება და ცოდნაც გაგვეღრმავებინა. ზოგჯერ შურით ვიგონებ ძველ დროებას. არავინ ცხოვრობდა ლიტერატურული შრომით, მაგრამ სწორედ ამ ეპოქამ დაგვიტოვა კლასიკური მწერლობა. შეცდომა იქნებოდა, გვემტკიცებინა, არსებობისათვის დაწერილი თხზულება კლასიკურ ნაწარმოებად ვერ გადაიქცაო (ზოგიერთ მწერალს სხვადასხვა პოზის მიღება სჩვევია, მათგან ყველაზე ბუნებრივია _ «არსებობისათვის ვწერ»). ოღონდ არ უნდა დავივიწყოთ, ანატოლ ფრანსი გვაფრთხილებდა _ მომავლისაკენ გაფრენის მსურველი მსუბუქი უნდა იყოსო.
ბოლოს დავსძენდი, კლასიკური მხოლოდ იმ ნაწარმოებს შეიძლება ვუწოდოთ, რომელსაც ყველა კითხულობს თავიდან ბოლომდე.
საუბარი ლიტერატურაზე
ჩვენი თხზულებანი გაზეთებსა და ყოველგვარ ჟურნალებში იბეჭდება. წინათაც ასე იყო, ახლაც არაფერი შეცვლილა.
ევროპიდან ერთმა მეგობარმა ღია ბარათი გამომიგზავნა ნორტ-დამის გამოსახულებით. ვუყურებდი და კვლავ ფიქრი ამეკვიატა. საქმე ისაა, რომ არქიტექტურა რამდენადმე გაბატონდა ფერწერაზე. მიქელანჯელოს უზარმაზარი
ფრესკები რომანული არქიტექტურის გავლენით გაჩნდა. ვან დეიკის მომცრო სურათებიც გუთურმა არქიტექტურამ განაპირობა. როგორც ჩანს, ლიტერატურულ ნაწარმოებსაც იმ ყოველთვიური ჟურნალ-გაზეთების დაღი აზის, სადაც ის იბეჭდება. ახლანდელი რომანები გაზეთის სულითაა გამსჭვალული. ახლანდელ მოთხრობებს მომავლის თვალით რომ გადავხედოთ, მაშინ ალბათ სტრიქონთა შორის მთელ ჟურნალს დავინახავდით. იქნებ ეს, უბრალოდ, ჩემი ფანტაზიაა, მაგრამ ის, რომ ჩვენს ნაწერებში გაზეთი ან ჟურნალი ტივტივებს, რეალურზე სარწმუნო ფანტაზიაა და ექსპრესიონისტულ ფილმს მოგვაგონებს.
ჩვენი ჟურნალ-გაზეთები წელიწადში ათასზე მეტ რომანსა და მოთხრობას აქვეყნებენ. მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა ძალზე მოკლეა. ლიტერატურის სახეობათაგან რომანი ყველაზე უკეთ ასახავს ცხოვრებას. ამავე დროს ცხოვრების ხასიათი იცვლება და რომანის ზემოქმედება მცირდება ლიტერატურის სხვა სახეებთან შედარებით. გუშინდელი რომანი უნდა წავიკითხოთ გუშინდელი ცხოვრების შესაცნობად. ამ რომანებს პირველ რიგში შემეცნებითი ღირებულება აქვს და არა ის, რომ აგვაღელვოს და გული აგვითრთოლოს.
ჩემი დროის მწერლები ტადანაო კიოსა თუ ბერი სიუნკანი ადამიანურ სახეებს ქმნიან. მაგრამ ისინი ადრე თუ გვიან გარდაიქმნებიან ტადანაო კიოს თუ ბერ სიუნკანისეულ «ადამიანურზე გაცილებით უფრო» დამაჯერებელ სახეებად. ყველაზე წმინდა, ნათელი გრძნობა, მაგალითად, მამაკაცისა და ქალის სიყვარული, ყოველთვის გვაღელვებს, თუნდაც ის «გენძის ამბავში» ამოვიკითხოთ. მაგრამ ვის ეყოფა სიჯიუტე, ასეულ ფურცელს გააწყალებინოს თვალი ცხოვრებისეული სიმართლით სავსე რამდენიმე სტრიქონისათვის. საუკუნეებს რჩება მხოლოდ ის, რაც დიდი გამომსახველობითი ძალით გადმოგვცემს ამ წმინდა, ნათელ გრძნობას. ლირიკული ლექსები იქნებ ამიტომ სძლებენ რომანზე დიდხანს. იაპონური ლიტერატურა ნამდვილად ძალზე მდიდარია, მაგრამ არც ერთ ნაწარმოებს არ უწერია ისეთი დიდი ხნის სიცოცხლე, როგორც «მანიოსიუს» ტანკას.
რომანი და პიესა რომ ჟურნალისტიკასთან ახლოს არის, ამაზე ზემოთ თქმულიც მეტყველებს. მკაცრად რომ ვთქვათ, ეპოქის გარეშე არც მწერალს შეუძლია არსებობა და არც ნაწარმოებს. ასეთია ის ხარკი, რომელიც რომანმა აუცილებლად უნდა გაიღოს, მაქსიმალური გამომსახველობით რომ გადმოსცეს ცხოვრება. აკი ვამბობდი, ლიტერატურის არც ერთ სახეობას არ უწერია ისეთი დღე, როგორც რომანს. ამავე დროს, არც ერთი სახეობა არ ცხოვრობს ისეთი დაძაბული ცხოვრებით, როგორც რომანი. ამრიგად, რომანი უფრო მეტადაა შემკული ლირიკული ტონებით, ვიდრე თვით ლირიკული ლექსი. რომანი ჩვენს თვალწინ წამიერად გაელვებულ პეპელას მოგვაგონებს.
პროლეტარული ლიტერატურის დიდი იმედი მაქვს. ეს სრულიადაც არ არის ირონია. გუშინდელი პროლეტარული ლიტერატურა მწერლებისაგან აუცილებლად მოითხოვდა საზოგადოებრივ შეგნებას. მაგრამ «გენძის ამბავი», «გენძის ამბავად» არც ავტორის არისტოკრატიზმს გადაუქცევია და არც სასახლის ცხოვრების ცოდნას. ამაში ეჭვს ვერავინ შეიტანს.
კრიტიკოსები ე.წ. ბურჟუაზიულ მწერლებს მოუწოდებენ, საზოგადოებრივი შეგნება შეიძინეთო! ამ სიტყვებს არ ვეწინააღმდეები. მე მხოლოდ ეს მინდა ვუთხრა მწერლებს, პროლეტარულს რომ უწოდებენ თავიანთ თავს: შეიძინეთ პოეტური სული...
მწერლის ათი მცნება
1.
მტკიცედ უნდა გვახსოვდეს, რომ ლიტერატურის ყველა სახეობიდან პროზა ყველაზე ნაკლებმხატვრულია. ჭეშმარიტი მნიშვნელობით, მხოლოდ პოეზიაა ლიტერატურა. კუთვნილი ადგილი პროზას მხოლოდ იმის წყალობით უკავია, თუ რამდენად მოიცავს პოეზიას. ამრიგად, ისტორიული და ბიოგრაფიული ნაწარმოები ფაქტიურად პროზაა.
2.
პროზაიკოსი, გარდა იმისა, რომ პოეტია, ისტორიკოსი და ბიოგრაფიცაა ერთდროულად. მაშასადამე, ის განუყრელად უნდა დაუკავშირდეს (გარკვეულ ეპოქაში, გარკვეულ ქვეყნის) ადამიანთა ცხოვრებას. ამას გვიდასტურებს იაპონელ პროზაიკოსთა თხზულებანი მურასაკი-სიკიბუდან მოყოლებული და დამთავრებული იჰარა საიკაკუთი.
3.
პოეტი ის კაცია, ყველას თავის სულს რომ გადაუხსნის (ავიღოთ თუნდაც სასიყვარულო ლირიკა, რომელიც ქალის მოსახიბლავად არსებობს). რამდენადაც პროზაიკოსი არა მხოლოდ პოეტია, არამედ ისტორიკოსიცაა და ბიოგრაფიც, ამიტომ მემუარისტიც უნდა იყოს. აქედან _ პროზაიკოსი ჩვეულებრივ ადამიანზე მეტად განიცდი თავის ტანჯულ ცხოვრებას. პროზაიკოსში მომეტებულად არ უნდა ჭარბობდეს პოეტი. თუ პოეტურობა ჭარბობს მემუარისტობას ან ბიოგრაფობას, მაშინ პროზაიკოსის ცხოვრება აუცილებლად გადაიქცევა მძიმე ტრაგედიად (ნაპოლეონი ან ლენინი პოეტები რომ გამხდარიყვნენ, მაშინ უსათუოდ ორი შეუდარებელი პროზაიკოსი დაიბადებოდა).
4.
ზემოთ მოყვანილი სამი პუნქტი გვიჩვენებს, რომ პროზაიკოსის ტალანტი სამ ტალანტზე დაიყვანება. პოეტის ტალანტი, ისტორიკოსისა ანუ ბიოგრაფის ტალანტი და ყოფითი ტალანტი. ჩვენი წინაპრები ყველაზე რთულად თვლიდნენ ამ სამ ტალანტს შორის წონასწორობის შენარჩუნებას (ადამიანები, რომლებიც ამას ყველაზე რთულად არ თვლიან _ ჩვეულებრივ მოკვდავნი არიან). ის, ვისაც მწერლობა სურს, მძღოლსა ჰგავს, საავტომობილო სკოლა რომ არ დაუმთავრებია და სრული სიჩქარით მიაქროლებს ქუჩაში მანქანას. მას არ შეიძლება მშვიდობიანი და წყნარი ცხოვრების იმედი ჰქონდეს.
5.
მწერალს არ სეიძლება მშვიდობიანი და წყნარი ცხოვრების იმედი ჰქონდეს, ამიტომ ის უნდა ეყრდნობოდეს მხოლოდ საკუთარ სასიცოცხლო ძალებს, ფულს და ცხოვრებისადმი ფილოსოფიურ დამოკიდებულებას (შესწევდეს უნარი მოუწობლად ცხოვრებისა). მტკიცედ უნდა გვახსოვდეს, რომ რარიგ მოულოდნელიც უნდა იყოს, ცნებები _ მწერლობა და მშვიდი ცხოვრება სეუთავსებელია. ის, ვინც წყნარ ცხოვრებას ესწრაფვის, უმჯობესია, მწერლობას ნუ მოეკიდება. უნდა გვახსოვდეს _ მწერალი, რომელზეც შეიძლება ითქვას, შედარებით მშვიდ ცხოვრებას ეწევაო, ის მწერალი, ვისი ბიოგრაფიის დეტალებიც უბრალოდ უცნობია.
6.
მიუხედავად ამისა, თუ მწერალს მაინც სურს შედარებით მშვიდად იცხოვროს, მაშინ სამ ტალანტთაგან ყველაზე მეტად ცხოვრებისეული ტალანტი უნდა გამოიწრთოს. ეს, რასაკვირველია, არ ნიშნავს, რომ ცხოვრებისეული ტალანტის წყალობით ის აუცილებლად დატოვებს თვითმყოფად მემკვიდრეობას. ცხოვრებისეული ტალანტი ნიშნავს
საკუთარ ბედის ბატონ-პატრონობას (ამასთან, არ არის გარანტია, რომ საკუთარი ბედის ბატონ-პატრონობა შეიძლება), აგრეთვე ზრდილობისა და თადარიგიანობის გამოჩენას ნებისმიერ, ყველაზე წყალწღებული იდიოტის მიმართაც კი.
7.
ლიტერატურა _ სიტყვების საშუალებით თვითგამოხატვის ხელოვნებაა. მაშასადამე, მწერალმა შრომა არ უნდა დაზოგოს სიტყვის დასახვეწად. თუ კაცს სიტყვის სილამაზით აღფრთოვანება არ შეუძლია, მაშინ არ ფლობს მწერლისთვის აუცილებელ ყველა მონაცემს. საიკაკუს «ჰოლანდიელ საიკაკუს» უწოდებდნენ არა მარტო იმ დროისათვის მიღებული პროზის კანონთა დარღვევის გამო, არამედ იმიტომ, რომ პოეზიიდან ამოხაპული სიტყვის მადლი შეიცნო.
8.
რომელიმე ქვეყნის პროზაული ნაწარმოები რომელიმე ეპოქის განსაზღვრულ კანონებს ემყარება (რომლებიც ისტორიული ვითარებითაა განპირობებული). კაცი მწერლობას რომ გადაწყვეტს, ამ კანონებს უნდა მისდევდეს.ეს ხელსაყრელია, რადგან: 1) შეიძლება საკუთარი ნაწარმოები შექმნათ წინამორბედთა მხრებზე დაყრდნბით; 2) თუკი არ გადახვალ საზღვარს, ლიტერატურული ქოფაკები არ შეგიყეფენ. ოღონდ ეს სრულიადაც არ ნიშნავს, რომ ამ გზით აუცილებლად თვითმყოფადი ნაწარმოების ავტორი შეიქმნები (სულაც არ არის საჭირო ვამტკიცოთ, რომ ერთი არ ეწინააღმდეგება მეორეს). გენიოსი, უბრალოდ, არღვევს უველა ამ კანონს (ამავე დროს, უცნობია ანგრევს თუ არა ის ამ კანონებს იმდენად, რამდენადაც ადამიანებს ეჩვენებათ). გენიოსები ცაში სხვადსხვა სიმაღლეზე ფრენენ, ე.ი. ლიტერატურაში სოციალურ პროგრესის (ანუ ცვლილების) გარეთ მოძრაობენ და არ შეუძლიათ მდინარების მიმართულებას მიჰყვნენ. ის შეიძლება ლიტერატურული მზის გარეთ მდგომ პლანეტას შევადაროთ. ამის გამო მისი არც სიცოცხლეში ესმით და არც სიკვდილის შემდეგ აღიარებენ სწრაფად (ეს მარტო პროზას კი არა, საერთოდ მთელ ლიტერატურას ახასიათებს).
9.
კაცი მწერლობას რომ ესრაფვის, მოვალეა, ფრთხილად მოექცეს ფილოსოფიურ, საბუნებისმეტყველო და ეკონომიკურ მეცნიერებათა იდეებს. სანამ ადამიანი მხეცია, მანამ ნებისმიერ იდეას თუ თეორიას არ შეუძლია ადამიანის ცხოვრებაზე გაბატონება, ყველაფერს ისე უნდა ვუცქერდეთ, როგორც ცხოვრებაშია და გამოვხატოთ ისე, როგორც არის _ სწორედ ამას ჰქვია ნატურიდან გადაღება. საუკეთესო მეთოდი, რომელიც მწერალმა უნდა აირჩიოს, ნატურიდან გადაღებაა. სიტყვები _ «როგორიც ის არის» უნდა გავიგოთ: «როგორც ის ხედავს» და არა «როგორც ისე ხედავს მაშინ, როცა თამასუქს უყურებს».
10.
ნებისმიერი მცნება პროზაული ნაწარმოების შექმნისა არ არის ქოროს მცნება: რა თქმა უნდა, ჩემი «ათი მცნებაც» არ არის ოქროსი. ვისაც უწერია მწერლად ქცევა, გახდება კიდეც. ვისაც არა _ არა.
შენიშვნა: მე ყველაფერში სკეპტიკოსი ვარ. მაგრამ უნდა გამოვტყდე, რამდენჯერაც ვცადე სკეპტიციზმი შემენარჩუნებინა პოეზიასთა შეჯახებისას, არ შემეძლო სკეპტიკოსი დავრჩენილიყავი. ამავე დროს უნდა ვაღიარო, პოეზიასთან
შეჯახების დროსაც, მთელი ძალით ვცდილობდი ჩემი სკეპტიციზმი შემენარჩუნებინა.

??????