ქემერტელიძე იორამ
გაზიარება

პოეტების სუფრა სიზმრად 

სიზმარი ამყვა და ლექსს ვწერ უბრად –
გაშლილი ჰქონდათ პოეტებს სუფრა: –
პური, ყველი და კეთილი გული
და ღვინო კიდევ – ნამდვილი, ჭურის!
მუხრანი მწყკლარტედ ჭაშნიკს სინჯავდა,
მორისს ბორჯომი ედგა ფინჯანთან;
ხელებს იფშვნეტდა ცმუკად მურმანი, –
ეფერებოდა თვალით პურ-მარილს;
შოთასაც ედო წინ თეთრი თეფში,
იჯდა, პურის გულს სრესდა თითებში;
ახალისებდა სუფრას ჯანსუღი
ზრდილობითა და სიტყვა-პასუხით;
იყურებოდა ცაში არჩილი
(თან პაპიროსი ჰქონდა გაჩრილი).
მოგივიდოდა თვალში თამაზი
გვარიშვილობით და სილამაზით.
ჯდომით კი იჯდნენ, მაგრამ რა გინდა, –
ხელუხლებელი იყო მაგიდა...
ხემსიც არავის არ აუღია,
ერთი ჩანგალიც არ არაჩხუნდა,
ჩვენი ჯანსუღი რო ჯანსუღია –
ბოლოს და ბოლოს, ისიც გაჩუმდა.
ყველა მუნჯივით იჯდა... არა და,
სუფრა ითხოვდა წესით თამადას!
...კარგა ხანს, მახსოვს, არც განძრეულან,
მერე პაპიროსს დასწვდნენ კანკალით
და სიჩუმეში ანაზდეულად
ატყდა ასანთის ჩხაკან-ჩხაკანი;
მიმტანი თითით სრესდა წინსაფარს...
და მივხვდი, ყველამ ხმა რად გატრუნა –
ერთი ელოდა მეორისაგან
თამადად
თავის
კანდიდატურას...
... ცხადივით მახსოვს გაშლილი სუფრა...
სიზმარი ამყვა და ლექსს ვწერ უბრად.

??????