ოცდახუთი წლისა ვარ, მაგრამ არ მიხარია - შანდორ პეტეფი
პოეზია - ახლა უფრო როკია,
მე თუ მკითხავთ,
იხდენს კიდეც გაროკვას,
ყველა სიტყვა სახრჩობელას თოკია,
დაეკიდეთ და სიკვდილი გალოკეთ.
პოეზია - ახლა უფრო სექსია,
მხიბლავს,
რაც უფრო შორია სათავე,
თუ ვარდება, აბა, ის რა ლექსია,
ან - რომ იწყებ და ორ წამში ათავებ.
პოეზია - ახლა უფრო ქალია,
მაღლა,
მზისკენ გაქცეული კერტებით,
მუღამი აქვს - თან მაგარი ძალიან -
შიშველს რომ შეეხები და გედება.
პოეზია - ახლა უფრო ბრენდია,
თან - ძველი და თან - მუდმივად ახალი,
პოეტობაც სადღაც, ალბათ, ბედია,
სისხლში არ გაქვს?
თუნდ თავი ქვას ახალე.
პოეზია - ახლა უფრო დრამაა,
როლი, ერთი მსახიობის თეატრი,
მინორული მიხრილობის გამაა -
მიყვები და ათას ტკივილს მიათრევ.
პოეზია - ახლა უფრო... არ გესმით!
აფექტია, მარტოობა, კოშმარი,
სულ ერთია - მიწამლებთ თუ დამგესლავთ,
ოღონდ, ეს ყრუ ბარიერი მოშალეთ.
პოეზია - ახლა უფრო ჰარია
ჰალერი ან ჟ(ი)ულიენი სორელი,
გავაჩუქე ჩემი წილი ჰაერი,
ჰოდა, ვკვდები ისე, როგორც მოველი.
პოეზია - ახლა უფრო... წაიღო...
ღამდება და ღამით უფრო მოიტანს,
გთხოვთ, რომ ისე არაფერი გაიგოთ,
ასე ვარ და გიჟი ვარ და პოეტი.