კარმელი შალვა
გაზიარება

დიფირამბი ჰეტერას 

ეგ შენი სხეული 
დიფირამბს ელოდა,
როგორც ქალს, ავხორცს, ჰაშიში, ჰარემი.
ვნებით სიცხეული
ხარ სამეგრელოდან,
მენადებს გასევენ ცის შემოგარენი.
ჰეტერის ტკივილი ტანაშლილს გატირებს,
თხისფეხით გამორბის ნაპრალზე სილენა,
სილენა დატევრილ მტევნებით რქებზე,
გვერდები ჩაენგრა გალეშილ სატირებს
ტყეებში, კლდეებში და მთების ქვებზე.
წივილით სისხლს წოვენ მზეს მონაწილენი, 
სილენა... სილენა მტევნებით რქებზე.
ფრენები, ფლეიტა, ფერხული – ვისია?
თაფლია ველური და ღვინო – თქეში...
ევოე... ევოე... ეს დიონისია,
მთვრალი და უსირცხვო ყველაზე თქვენში.
მღერიან ღმერთები 
ცხრა მზედ და ორ ცად,
და ჩვენც ავმღერდებით
გადახსნილ ხორცად.
სიტკბოში გატვრენას სქესები ეძებს,
ღმუილი გაჰყვება ატეხილ მხეცებს.
ტრიალებს ტრამალი და ვეტრფით ტრიალს,
შიშველა შროშნებს, თესლებით მტვრიანს. 
ველები ივლება ვენახად ვაზის,
შავყელა ყვავილი დავყნოსეთ სხვაფრად,
შეშლილი ვეშვებით ფირუზა ფაზისს
და ტანებს ტალღები ტეხავენ მძაფრად!

1917

??????