კარმელი შალვა
გაზიარება

ერთი დღე ტყეში 

1.


პოეტი მეფე, პოეტი ბავშვი,
გამიყოლიე დაბინდულ გზაზე.
მე მკლავი მქონდა შენს სურნელ მკლავში.
ვფიქრობდი ჩუმად: ვინ იცის – რაზე!
ხეებს ჩაექრო მთვარე ბურთული,
მე კვლავ მესმოდა სონატა მთვარის.
მაგ თვალთ სისოვლე, თმა დაბურდული,-
ჩემ ცოდვილ ბაგის, ხელების არის!
იყო შრიალი, ფოთოლთა თქეში, 
გრიგალმა ხმებიც გაიტენორა.
ვიყავით სტუმრად ერთი დღე ტყეში -
მე და ლენორა, მე და ლენორა!..


2.


ზღაპრული თვალი ვიცი ჯდოა
და ჩავიძირე მეც შენს ჯადოში.
ახლა ტყე ჩვენთვის ელდორადოა,-
უნდა ვიცხოვროთ ელდორადოში!
და ტყის კარვები ჩვენთვის მწვანდება
ნაზი, სპეტაკი, თავშენაბელი.
მაგრამ ხეებზე რად მელანდება
ყელსახვევების უცხო საბელი?!
ახ, სახრჩობელა! ყვითელ ნეშოზე
პოეტის კუბოს ვხედავ ზმანებით...
შენს ხელის ნაცვლად უნუგეშოზე 
მე ვტირი ცისფერ ხელთათმანებით!
 

3.


მშვიდობით! გტოვებ! მივდივარ მთაში!
დიდ შუადღისას მე ავალ მთაზე.
შენ სად იქნები ლენორა მაშინ?!
რისთვის ად ვიცი, აჰ, რისთვის, რაზე
ჯვარს გადაიწერ ნორჩ თავხურათი,
თუ დაგეჭდობა მშვიდად მკლავები?!
მე ვიცი მხოლოდ ერთი სურათი -
პოეტის სულში ნასაფლავები!
როს მზე ამოვა მაღალ გორასთან,
ის იტყვის ალბათ მხურვალე მზეში:
ვიყავ ბედნიერ ჩემს ლენორასთან
ერთი დღე ტყეში! ერთი დღე ტყეში!
 


4.


მინდოდა ცრემლი, ზეცა... დიდება...
და მე წვალებით ავედი მაღლა.
დღეს სინანულად მაქვს დარიდება,
დღეს დიდებისას ვიგრძენი დაღლა!..
სად ხარ, ლენორა! მარტო ვბერდები!
გეძახი ახლა... გეძახი გვიან!..
მე შენს ჩვენებას კვლავ ვაჩერდები
და საოცრებას თვალები ღვრიან!..
მისმინოს ლანდმა ლოცვა ზენარი.
ამაოება თავს დამგრიგალობს...
მოდი, ლენორა, მოდი, ლენორა!
მკვდრეთით აღდგომას სული გიგალობს!..

1918

??????