კარმელი შალვა
გაზიარება

სიყვარულის სონეტს 

ლამაზ ქალივით შემიყვარდა სონეტის ფორმა.
მოშვილდულ რკალში ოქროთვალით მეტად კარგია.
მეფურ ჯირითის ქამანდები ჩვენ ვიცით ორმა
და მონადირეს ტყეში თავი არ დამკარგვია.

შერჩეულ სხეულს ეს ჯავშანი მწყობრად არგია.
ქარვის მეფისქალს მაძმობილა ცრემლების თქორმა.
მწველ სიმღერებში რაც პოეტურ სულის თარგია,-
ყველას საცქერად აიტაცა ლაჟვარდში ქორმა.

ვფურცლავ რვეულებს, მტვრიან წიგნებს, ძველ ლექსიკონებს.
ვდარაჯობ სიტყვებს: მეფე, მონა და მაძებარი.
არის რითმები ქალწულივით: მკრთალი,მგზნებარი.

ხელის თარეში აჩუქურთმებს ხატულ სტრიქონებს.
ვრცელ ხალიჩაზე ცისარტყელა, ქნარი, დაფინე,-
დიანას ფეხთა საროკავად მე დავაფინე!

1920

??????