გაბაიძე გიორგი
გაზიარება

ოთხშაბათი 

არეულია დედამიწის ავან-ჩავანი,
თოჯინებივით ძაფებზე ვართ ჩამოკიდულნი,
ერთ დროს ზეცამდე მივაბჯინეთ გოდლის თავანი,
სულში ღვთის ნაცვლად ავაყვავეთ ეშმას ფიტული.

ვერ შეგვაშინა წარღვნისაგან ნარჩენმა ტალღამ,
და დღემდე კაენს ვაბოგინებთ სოდომურ სულში,
აღარ ეტყობა ბოროტებას ბოლო, არც დაღლა,
ჩათრეული ვართ ანტიმცნების ჯაჭვურ ფერხულში.

უნდობლობისგან ლამისაა ასი თვალი გვაქვს,
კრავების განსჯა ოდითგანვე ბრბოსაგან მოგვსდევს,
პილატე ჩვენში ნაცოდვილარ ხელებს დაიბანს,
მაცხოვრის ჯვარცმის უფლებასაც სიმშვიდით მოგვცემს.

ასე მიგორავს ურმისა და დროის ბორბალი,
ეს მერამდენედ აყირავდა ურემი ნეტა,
დრო ბორკილები, მე დროისგან ნაბორკილარი,
თავისუფლების მოჩვენებით სივრცეებს ვხედავ.

სულ ასე  ვივლით უმესიოდ, ზევით და ქვევით,
სიცხე და ცეცხლი აგვენთება ბოროტ მანიად,
ედემის ბაღი ჩვენისთანებს ასე მოქცევით,
გვექცევა მალე ჯოჯოხეთურ გეთსამანიად!..

??????