წერედიანი დავით
გაზიარება

ძველი წარწერები 

მეფემან ბაგრატ მპყრობელმან... ყოვლთა ქართველთა... ვესევ...
და აღვაშენე... წევნითა... ღმრთისა... ტაძარი ესე...
...ითა ჩემითა აღაგო მან მაღალმან და ბრძენმან
ოსტატმან ა... ე... (სახელი არ იკითხება) მრწემ ვარ...
და დავესვენე წმიდასა... ამას... უფლისა... ცხრამე...
ცოდვანი ჩემნი... ითა და... ისაითა და... ამენ.
კედელზე, ვირემ წმიდანნი, თვალს ეფეთება სხვა რამ:
ხელაპყრობილი ხატია ჩაბალხთ-ბატონი გვარამ.
მზერა ჰქონდა და ორბული, ხელი ჰქონდა და მძიმე,
ქართლის მეფეზე გაცაწყრა, სამგზის განაძო იმერს.
ჩაფით ჩაღლევდა ლომკაცი, ჯერზე ერკემალს ნთქავდა
(ეს ცნობაც შემოუნახავს საგვარეულო დავთარს).
შორ გზაზე უბით დაჰქონდა დედასამშობლოს მიწა.
სამთავეს ყადრი იცოდა, ცხენის, ქალის და ხმლისა...
საფლავის ლოდი გადარჩა, თვითონ საფლავი არა.
აქ: განისვენებს: – წერია – დიდი: მთავარი: გვარამ:
კაცნო: უბრძანეთ: შენდობა: მხნესა: მამაცსა: ქველსა:
გარდა: იცვალა: მაყრიონს: გრემის: დაქცევის: წელსა:
ამინ. ვახსენოთ. შევუნდოთ. წარსულია და გველმის.
ისე მამაცნი ყოფილან, უზაკველნი და ქველნი,
ისე ზარავდათ მომხდურებს მათი ძალი და სიმხნე,
რომ ზოგჯერ ეჭვიც გაკრთება: იყვნენ? არ იყვნენ? იყვნენ?
დღეს აქ ერთია სავსებით უეჭველი და ცხადი:
ფრთხილად დახაზა ეტრატზე ნათლის, სიმართლის ხატი,
უჭვრიტა, განბჭო, განზომა, რა განასრულა ხაზვა,
და ოქრომჭედლის სიზუსტით ხედის თვალედში ჩასვა
მან ბრძენმან, ვითარ უწოდებს მეფე ქართველთა, ბაგრატ,
ოსტატმან, ვისი სახელიც არ იკითხება, გაქრა...

??????