შერიგება
საით მიდიან მინდვრები, რატომ აჭრელდნენ ასე?
სად ვნახე წყვილი სანთელი, ნუთუ სულეთის გზაზე?
თეთრი ყვავილი შემომხვდა, მაგრამ რა სურდა, ვერ თქვა,
ტანთ შენი კაბა ემოსა, შენი სახელი ერქვა.
ივსება ჯავრის ფურცელი, ჟამი მოგვდის და მიგვდის.
არც იცი, თეთრო ყვავილო, როგორ უხდები სიკვდილს...
მოვიდა, თავთით დამიჯდა, ცისფრად დაფინა ჩრდილი,
შუბლზე თითები შემახო, შვების ცრემლივით გრილი.
ვუთხარ: შენს კარად მოსული, შენი სინათლის მჭვრეტი,
რისთვის რა ნატვრას ინატრებს, რისთვის აღდგება მკვდრეთით...
თალხებს ჩაიცვამ, ლამაზო, ისეც გშვენოდა შავი,
მოხვალ, დამხედავ, დამირგავ კარზე ღვთისმშობლის ყვავილს.
მერე შენს დღეებს, შეხვედრებს ახლობელთან თუ სწორთან,
ყველა წუხილს და სიხარულს ჩემი არყოფნით მორთავ.
შიგ მაინც სევდა ჩადგება, მოუხელთები სხვისთვის.
არც იცი, თეთრო ყვავილო, როგორ ვუხდებით სიკვდილს...