დახსნილი
გმადლობთ, ყურადღებისათვის... ბომ! ბომ!~ - არასერიოზული კაცი
ცაზე ახლა ღრუბელი გაცვეთილი ზამშია,
დაუბერავს ქარი და ცხრა ადგილას გახევს,
რაც დრო გადის,
ცხოვრება,
სიკვდილს უფრო მაშიებს,
დღეს ვარ,
ხვალ არ ვიქნები,
ნახვა გინდათ? -
მნახეთ!
საათებმა იმრუშეს -
წარმოიქმნა ზიგოტა -
გაანაყოფიერეს დღე და გაჩნდა ღამე,
ძველებურად მაციებს,
სითბო არ ჩანს იოტი,
ერთი კაცი არ არის - ხმა გაიღოს,
ჩქამი.
ამ ბოლო ხანს - დამჩემდა - საკუთარ თავს ვაშარჟებ,
ვხედავ,
შემომეჩვია სტრიქონებში დარდი...
აქ ყოველთვის ასეა -
ის,
ვინც იაქს აშაშებს,
გვაიძულებს იმასაც -
მის ნაბიჭვრებს ვგავდეთ.
მაგრამ...
კიდევ მაგრამ და...
უფრო მაგრამ - ;ძაღლ იყოს” -
მისი მკვდარი სულის და მყრალი ხორცის მსგავსი,
მინდა ჩემი მაჯები ბეღურებმა წაიღონ
და დაკიდონ,
დახსნილი,
მეთერთმეტე ცაზე.
საბოლოოდ - მშვიდობით,
აბა,
მე ვინ ვაგდივარ,
ტაკამას მხრის ქარი ვარ,
კაცურაგის მთები,
გდია ძირს დედამიწა,
ავდექი და გავდივარ,
მოყვარე არ მყოლია,
კარგად დარჩნენ - ...
შენ - უფალო -
შემინდე -
ახირებულ ხასიათს,
რა ვქნა,
ვერ მოვერიე,
ვერ იქნა და ვერა,
ისე - უხასიათოდ ყოფნას ჩალის ფასი აქვს,
ცოტასაც თუ მომითმენ,
აღარ დარჩა ბევრი.
გამეცინა,
სიმწრისგან,
ბომ! ბომ! - ადამიანებს,
სწორედ მაშინ ვივიწყებთ კაცს,
მართლა რომ უჭირს,
ვიცი,
ჩემს საშველადაც ყველა დააგვიანებს,
ბოლო იმედს აღარ და
ბოლო წუთებს ვბღუჯავ.
სულ მარტოა ეს ლექსიც,
ვის რა გულზე მოხვდება,
მივიხედ-მოვიხედე,
არის ვინმე? -
არა!
სხვა რაღა დამრჩენია,
ჩემს ჭკუაზე მოვკვდები,
ვბოდავ:
შენი,
ჰო,
შენი,
სახელია - მარა.