ბედნიერება
ჭაში ვისროლე, ჭყურტი რომ სჭირს მუდამ, ბადია,
უკანასკნელად ჩაყვინთა და ავკრიფე ჯაჭვი,
ვარ ფრინველივით! ამ წყლის გარდა დღეს მაბადია
ცის ანაჭერი და დიდძალი ხასხასა ყაჭი.
შემოვიღერებ ამ ბღენძ კოკას შეჩვეულ მხარზე
და ნაკვესივით გადაცვივა აქა-იქ ღვარი,
თითქოს ვიღაცამ მომაგება მზერა ლამაზი,
შევდგები წამით და ვუღიმი ოთხივე მხარეს...
ჩვიდმეტი წლის ვარ, მემჩატება ქვეყანა მხარზე
და ქვეყანაზე არ არსებობს ჩემი ბადალი,
მაცოფებს კარი, ჩაკეტილი შიგნიდან რაზით
და მთვარე გდია გზაზე, როგორც მგზავრის სანდალი.