მეასედ ექსკლიუზივი
დილა მეასე
არც, არაფერი ყოფილა საინტერესო ამ ას დღეში. ფიქრები გაიოლდა, შეეჩვია მოდერნიზებულ სამყაროს. არადა რა სათუთი იყო გრძნობები?! ღმერთმანი, დღეს ტექნიკურად ვფიქრობ... მიჭირს სიყვარული სათვალის გარეშე აღვიქვა, რატომ? მინუს ასი პროცენტი მითხრა ექიმმა. საბედნიეროდ მეორე თვალმა გაამართლა... მედიცინის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის წყალობით დამისვეს დიაგნოზი და დასკვნაში ჩაიწერა: მეასეჯერ ვიმეორებთ, სახიფათოა ცალი თვალის მქონე პაციენტი, რომელიც ოცდაექვს მაისს რესპუბლიკურ საავადმყოფოში შემოვიდა სასწრაფო დახმარების მედიკოსთა თანხმლებით. აქვს მკვეთრად გამოხატული ცალთვალმხედველობითი აპათია და აღიქვამს ყველაფერს, მხოლოდ ეროვნულს. საჭიროებს სასწრაფო რეაბილიტაციას ახლომდებარე დაწესებულებებში.
კონსილიუმი.
რეაბილიტაცია -
დეპრესია -
ქარიზმა...
მყვირალა მთები მხრებად მადევს, დაძარღვულ ფეხებს სიმძიმე ტანჯავს, ჩემს ნაკლულ სხეულს ჰაერს აწვდიან... თითებში შეჰყავთ გემო-დეზ-ინფორმაცია. ენას მიკორტნის ყვანჩალა, გულს მოდებია ნადავლი, ნაავდარალი... დამყოლ სისხლს ფერი ეცვლება, განავალს ჩიჩქნის ლაბორანტი... ექიმს აწვდიან შედეგს, უკმაყოფილოდ დასცქერის ქაღალდს.
კონსილიუმი - ისინი ფიქრობენ... იქნებ რეაბილიტაცია?! მაგრამ სად?
დასკვნა:
სასწრაფო რეაბილიტაცია საერთაშორისო თანამეგობრობის ორგანოებში!
ორგანოს თანამშრომელთა იდენტურობა პაციენტთან უდაოა!
დეპ-რეპ-რესირებული მოქალაქეები... დამონებული მუხლები, ზოგი მშრომელი, ზოგი მთრობელი და სხვა სხვისი, რისი მთხოვნელ-მიმცემი...
ქარიზმატულ ლიდერად შერაცხეს, არადა მოგვევლინა დილერ-კილერად!
დალპა და გალღვა...
მლაშეა მიწა!
ღვარძლია-შუღლი...
კაცია, ვაცია!
ღმერთთან ცინიზმია...
ოვაცია!
მეასედ დამიძახეთ გიჟი!
ცალთვალა...
დაღამდა მეასედ...
30 მარტი 2011 წელი