მწყემსი და მაწანწალა (იგავ-არაკი) ექსკლიუზივი
ძღვნება მოჰიკანს, თავისუფლების მეხოტბეს
და მისთვის მებრძოლს - იმედი ჯახუას
თავისუფლება ჩემშია და მე მასში ვარ...
მხოლოდ ძიებისას სჭირდება ჩაძიება,
რათა წლები ფუჭად არ განვლო
და მიხვდე უფალმა რისთვის გშვა!
გიგო
მწყემსობდა მწყემსი სამწყსოს.
სამწყსოს მოსწყდა ერთი ჭაბუკი და იქცა მაწანწალად.
დაძრწოდა ქუჩებში ეული. მისი გამგონე არავინ იყო.
დრო გადიოდა...
მწყემსმა შეიტყო ამბავი მაწანწალა ჭაბუკის. უთხრეს მას: „არის ვინმე ჭაბუკი და მას ეძახიან მაწანწალას. თან უცოდველი კრავი ახლავს. სახელი მისი დაფარულია. არავინ იცის და არც ვინმეს ეუბნება. მას სხვებიც უერთდებიან და ხსნას მასთან ეძიებენო“
მწყემსი ცნობილი იყო თავისი სისატიკითა და ბოროტებით, მას ირგვლივ შემოეკრიბა როგორც ცხვრები, ასევე მგლები. ცხვართა შემეცნება უმეცრებით გამოირჩეოდა, ხოლო მგლები უმეცართა მართვით იყვნენ დაკავებულნი. ახალი ამბით შეწუხებული მწყემსი ბოლთას სცემდა მის მიერ აშენებულ ციხე-სიმაგრის უსაქმურთა ოთახში. ვერაფერი მოეფიქრებინა და უსაქმურთა ოთახიდან იმ იმედით გამოვიდა, რომ ხვალ კვლავ შემოიკრებდა თავის ნადირ-ვეზირებს საყმუილოდ. თავად ყველა ნადირის ენა ესმოდა, გარდა ახალგამოჩენილი მაწანწალასი. საძინებელ ოთახში განმარტოვდა, სამწყსო კვერთხი იქვე სასთუმალთან მიაგდო, არადა რა იცოდა, რომ მხოლოდ მაშინ სწუხდა კვერთხი როცა მწყემსის ხელში გამომწყვდეულს მასთან ერთად უნდა ეკეთებინა საქმენი არასაქმისანი.
დღე ნაკლულ-ნაპატარალი...
დილა რძისფერ-ყვითელგულა...
მაწანწალა შემოსილა ზეწრით, რომელიც ტანს შემოეხვია. სახეს სული დაპატრონებია, ფეხშიშველი დადიოდა ქუჩებში. დანამულ ტერფებს სისხამ დილის სურნელი ასდიოდა, სხეულზე აკვნის არტახები შემოერტყა, რომელიც ზეწარს იჭერდა, ხოლო თავზე წინაპართა ნამუსის ქუდი ეხურა. მარჯვენა ხელში ვაზის დაგრეხილი ხელჯოხი ეპყრა. მარცხენა ხელიდან კი სისხლი წვეთავდა. მას გული სტკიოდა. დადიოდა ჭაბუკი ასე და ტოვებდა სისხლად ნაკვალევს. მიმდევარნი მისნი სისხლად ნაწერ ნაკვალევს მიჰყვებოდნენ. არაფერს ჰკადრებდნენ. დროდადრო, რათა დაესვენა ჩამოჯდებოდა-ხოლმე შემხვედრ ქვაზე ან მიწაზე. მხოლოდ მაშინ იცლიდა უმეცართა გამეცნიერებისთვის:
- მე ყველაფერი ვარ, მე თქვენი ყველას სურვილი ვარ, მე თქვენი ხმა ვარ და სული თქვენი უხმოა, მეცოდებით. ვცადოთ, იქნებ მიმიღოთ და განკაცდეთ!
- მოძღვარო სისხლი რატომ გდით?
- მე თქვენი მოძღვარი არ ვარ, არამედ თქვენი მოძღვრება და მცნება ვარ!
- ეს როგორ გავიგოთ?
- ისევე, როგორც ამ სისხლის დინებისა. თქვენ მას ხედავთ, რადგან ფერი აქვს და ის წითელია.
- მერე?
- ეს, ის სისხლია, რომელიც ჩემს გამო თქვენ უნდა გდიოდეთ, არადა პირიქითაა - ჩემგან იცლებით.
- ის ჩვენი მწყემსია და ჩვენ მისთვის დავღვრით სისხლს. - გამოყო მელამ თავი ბუჩქებიდან, სთქვა და გაუჩინარდა.
- მე მინახავს მწყემსი, რომელიც კრავსა თუ ცხვარს დაბინავებისას გადაითვლის და თუ ერთი მაინც აკლია დაუღალავად ეძებს მას. - ამით დაასრულა საუბარი მაწანწალამ. წამოდგა და ნიავს გაჰყვა. კრავიც თან მიჰყვა.
მზე დილას თავწაკრული გამოეცხადა. თაფლისფერ ცაზე თვალები მოიფშვნიტა და დედამიწას დახედა. - სალამიო! - უთხრა და სხივის აწევით დაუდასტურა მეგობრობა. მიწამ მწვერვალებიდან თეთრი ნაბადი მოიხსნა და ასე გამოხატა მადლიერება.
ამ პროცესს არ დასწრებია მწყემსი. მას ჯერ კიდევ ეძინა. შიშისგან ვერ ბედავდნენ კარის შეღებას მსახურნი. მხოლოდ ერთი, ნადირ-ვეზირი ახერხებდა მასთან შესვლას.
- თოთო კვერცხი მიირთვით ბატონო, შემდეგ საუზმეც გელოდებათ.
- დამელოდოს, უთხარით არსად წავიდეს!
- ვის ბატონო?
- ვის და კვერცხს ან კვერცხებს ან საუზმეს ან, ან, ან, ან....... ერთი თქვენიც, გაეთრიე და დამიძახე იმ, იმ, იმ რიეეეს! რა ჰქვიაა ვერ ვიხსენებ...
- ვის, ბატონო მწყემსო?
- რიიიეს, რიეეეეს, შემახსენე სიტყვა! კ-ზე იწყება...
- მივხვდი ბატონო მწყემსო: კუტუ, კუტუ....
- ჰოოო, ჰოოოო სწორედ ეგ, სწორედ კუტურიე.
- მაგრამ, რომელი? გუშინ არ გააგდეთ, როგორც მახსოვს სრულწლოვანი ხართო უთხარით და დაემშვიდობეთ. ერთი პანღურიც უთავაზეთ.
- ჰო, მახსოვს. არა ის არ მჭირდება, უკვე ოცდათხუთმეტის იყო. სხვა პრობლემის წინაშე ვდგავარ. ბალიშები არ მომწონს, საშინელი თავის ტკივილები დამჩემდა. იქნებ მოძებნოთ სხვა!
- ვიცნობ, შესანიშნავი კუტუ...
- რიეეეა, არა?
- დიახ, ბატონო მწყემსო! იცით ვინ არის? გახსოვთ, ამ რამდენიმე თვის წინ აზნაურობა უბოძეთ ნიშნად თქვენდამი ერთგულებისა და არა სამანერო თვისებებისა. შემდეგ კი ყოველივე ამის დასტურად, ჯილდოდ, საზეიმოდ ულვაში გადაეცით! იქნებ თავი სხვა მიზეზით გტკივათ?
- უი, გამახსენდა! არა, სწორედ უგემური ბალიშებისგამო მტკივა თავი.
- დიახ ბატონო, დიახ! გავიგე ბალიშების კერვა დაუწყია.
- რა ჯიშისაა?
- რა ბატონო, ბალიში?
- არა, ჭკუანაკლებო, ვითომ აზნაური და ყოფილი უსინდისო. - ატყდა საძინებელში ხარხარი და აჰყვა მას ნადირ-ვეზირი.
- ის, მწვრილფეხა რქოსანი პირუტყვია, ბატონო.
- ძალიან კარგი. მიყვარს მწვრილფეხება სუსტი არსებები, კარგად ვიმორჩილებ მათ. იცი ნადირო რა მახალისებს ყოველთვის?
- რა, ბატონო?
- რომ, ჩემი სჯერათ და ასე ადვილად მნებდებიან. ნეტავ, როგორ გამომდის? არა, რაა... მაგარი ვარ! ისე როგორ გავაბითურე არა, ვეზირო?
- დიახ, ბატონო, მიუკრავს ულვაში და დადის ქალაქში ამაყად, თითქოს თქვენი ნაჩუქარი ულვაში რამეს ნიშნავდეს. სასაცილოა. ან ეს ჯილდო, რომ უბოძეთ, განახათ ერთი, როგორ დადის გულ-მკერდ ამოვარდნილ-მოღერებული... მაგარი ხართ, მაგარი! მაპატიეთ, ახლა გამახსენდა: თქვენზე სიმღერა დაწერეს და მღერიან ბატონო.
- ძალიან კარგი! მიყვარს სიმღერები და მომღერალი გოგონები. კარგი ნადირო, გააკეთე ის რაც გითხარი. დაუძახე და მობრძანდეს. ისე რომ შემეძლოს მზესაც მოვწველიდი. მაგრამ აბა, როგორ? შენისთანა უტვინოების ხელში განა შევძლებ?! არადა ნელ-ნელა მემსხვრევა ოცნებები მაწანწალა ჭაბუკის წყალობით. აუცილებლად უნდა დავამარცხო, აუცილებლად...
- დიახ, ბატონო!
- კიდევ, მოიცადე! შეკრიბე უსაქმურნი, უსაქმურთა საკონფერენციო ველზე და უთხარი დამელოდონ.
- დიახ, ბატონო მწყემსო! - დატოვა ნადირ-ვეზირმა საძინებელი ოთახი.
მწყემსი, მის მიერ გათელილ მწვანე საფარიან დერეფანს გაუყვა, გზად ხვდებოდნენ ალვის ხეები, რომელთა სილამაზე და სიმაღლე სიამაყეს სძენდა „შემოქმედ და აღმშენებელ“ მწყემსს. აღფრთოვანებით უცქერდა მათ და ტკბებოდა მათი მზერით, თვალებს ნაბავდა და გულით გადამუშავებულ უფერო სისხლს აწვდიდა გონებას, რომელსაც ჭკუა არ ჰყოფნიდა... ბასრ ფიქრებს მწყემსის გონება დაესერა. კარი გააღეს და ის უსაქმურთა საკონფერენციო ველზე შევიდა. მათ მიესალმა:
- სალამი ყმუილა ნადირებო!
- მოგესალმებით დიდო-მაგარო მწყემსო!
- აბა, რა მოამზადეთ. გაქვთ პროექტი იმ წყეულის დამარცხებისა?
- რა თქმა უნდა ბაონო. მას იგივე მეთოდებით უნდა ვებრძოლოთ, როგორც თქავად ექცევა ჩვენს ცხვრებს.
- რითი, სიკეთით?
- არა, ინსტიტუტებით.
- რომელი ინსტიტუტებით? სად გვაქვს ჩვენ ინსტიტუტები?
- ჩამოვაყალიბებით ან მოვიწვევთ.
- მოიწვიეთ. მაცნობეთ ვინ უნდა მოიწვიოთ?
- დათვს მოვიწვევთ ბატონო. მან იცის მათი ენა და შესძლებს მაწანწალა დაამარცხოს.
- როგორ?
- დააძინებს ბატონო ცხვრებს, მთელი ზამთარი.
- სხვა დროები ან ჩვენც რომ დაგვაძინოს?
- ჩვენ ვერ დაგვაძინებს ბატონო, უბრალოდ თვალებში არ ჩავხედავთ.
- გასაგებია. ახლა სხვა დროებზე მითხარით.
- გაზაფხულზე ციყვები მოვიწვიოთ, რომლებიც იჯამბაზებენ და არაჩვეულებრი სანახაობით დაატკბობენ ჩვენს საწყალ უტვინო ცხვრებს. ზაფხულში ფრინველები და ზღვის ბინადართ დავუძახოთ. ისინი დაატკბობენ მათ მშვენიერი ხმითა და სიცხისგან გათანგულთ წყლის აბაზანებს შესთავაზებენ.
- საშემოდგომო?!...
- საშემოდგომო გამოვაყოლოთ, ბატონო მწყემსო! და ახალ წლამდე გადავახდევინოთ ის რაც დავხარჯეთ მათზე ზრუნვისთვის.
- გენიალურია, ბატონებო, გენიალური! აღმატებულ ხასიათზე გტოვებთ და გიტოვებთ საზრდოს. აი, ამ საწყლის სახით. შემოიყვანეთ. თოთო ხორცია აქვს, ძალიან თოთო. მიირთვით ბატონებო, გაამოთ!
ზამთარი - დაიძინა ყველამ...
გაზაფხული - იხალისეს ყველამ...
ზაფხული - დაისვენა ყველამ...
შემოდგომა - გაპარსეს ყველა!
მაწანწალა - დაიჭირეს!
მწყემსი - კმაყოფილია!
ცხვრები - უკმაყოფილო მორჩილები...
დღეს ის ნაცნობ-ნაცადი, ჟამსა შინა დამდგარი, ესტუმრა მათ. განთესილი მინდორსა შიგან თესლად, ნაფრქვევი ხელიდან კაცისა და ნაყოფი მიწისა, აღმოცენებული და მზესწეული დასცქერის მთესველს მისას! ის მაწანწალაა და ის დღეში ეულია... მიჰყავთ დაჭერილი დასასჯელად, მაგრამ ჯერ ის მწყემსმა უნდა იხილოს. მიჰგვარეს მას. დღე წყლულობდა, მაგრამ ვერ უწყლო მტირალმა წყლულები. იყვითლა დღემ, იქნებ სითბომ დაჰბანოს სულია, ნიავმა დაჰბერა... იქნებ მას გაჰყვეს და აცდეს განსასჯელსო, მაგრამ ამაოდ... ის ელოდა მასთან შეხვედრა. ის მიდიოდა და მიჰყვებოდა ნიავს.
და კარი გაიღო!
- გამარჯობა მაწანწალა! როგორ გიკითხოთ?
- ...
- არაფერს იტყვით ჭაბუკო?
- ბატონო, მას სძინავს.
- როგორ თუ სძინავს?
- ჩვეულებრივად, სძინავს. ჩვენც მძინარე შევიპყარით?
- მძინარე როგორ უნდა შეიპყროთ? თქვენ ის უბრალოდ არ გააღვიძეთ და ისე დაატყვევეთ.
- დიახ, ბატონო! იყოს ისე, როგორც თქვენ იტყვით. მთავარია თქვენი ბრძანება შევასრულეთ.
- როგორ დავკითხო?
- აბა, მე რა ვიცი? - უპასუხა ნადირ-ვეზირმა.
- თავხედო, როგორ მელაპარაკები?
- მაპატიეთ, ბატონო!
- მე ყველაფერი ვიცი და მესმის... - თქვა მაწანწალამ. ირგვლივ ყმუილი ატყდა.
- ერთი წუთით, შეწყვიტეთ ყმუილი! ცხვრები სად არიან? მოიყვანეთ ვინმე და თარგმნოს.
- ახლავე, ბატონო! - ფეხებში წნელი უთავაზეს და ძალით მოიყვანეს ერთი პატარა კრავი სათარგმნელად. ის მაწანალას კრავი იყო.
- თარგმნე, უთვისტომო კრავო!
- ჩუმადაა, არაფერს ამბობს.
- მაშინ შენ მითხარი: იცნობ მას?
- დიახ!
- რა ჰქვია?
- არ ვიცი, არასოდეს უთქვამს. - მაწანწალამ კვლავ სთქვა სამი სიტყვა, რომელიც კრავმა უთარგმნა: „მე მცნება ვარ!“
- რაო?
- მცნება ვარო, ვერ გაიგეთ?
- მცნება?! გასაგებია. ეს ალბათ სახელია.
- ალბათ?!
- იქნებ ჰკითხო: აქ რისთვის მოსულა და რად აგვიწიოკა სამწყსო-თქო?
- არაფერს ამბობს. მხოლოდ იმეორებს, რომ მცნება ვარო!
- კარგით ბატონებო. მცნება საკადრისად დაისჯება, რადგან მას არ სურს განმარტოს მისი არსი.
- ეს თქვენ უნდა იცოდეთო! - თქვა კრავმა.
- კი მაგრამ შენ საიდან იცი? ჯერ არაფერი უთქვამს?!
- ადრე მითხრა!
- ე.ი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, არა? კი მაგრამ რა?
- ის რასაც არასოდეს სცემდით პატივს. ღმერთს!
- ღმერთი? ღმერთი მე ვარ, მწყემსიც და ბელად-აღმშენებელიც! მორჩა მეტის მოსმენა არ შემიძლია, სასწრაფოდ უნდა დავამთავრო ეს კომედია. დასაჯეთ სიკვდილით. მომეცით ბრძანება!
დაასრულეს დღე.
დღის ბოლოს მაწანწალა დასაჯეს.
მიძინებული თითქოს მოკლეს, მაგრამ აბა ვინ გაიგონა მცნება დასაჯო ან მძინარე მოჰკლა?
დაასვენეს თავისუფლება კვარცხლბეკზე და ყოველგვარი პატივისა და პატივმოყვარეობის გარეშე დაკრძალეს მიძინებული!
ვინ იცის რამდენი ხნით!
კრავი მის გარეშე...
შობით იშვა მაცხოვარი...
ძღვენი მისგან - რწმენა და თავისუფლება!
28 დეკემბერი 2011 წელი