ცარიელი ქალაქი ექსკლიუზივი
სენაკში დაღუპულ მეგობარს - რეზერვისტ ოთარ კიკალეიშვილს
და ორი ათას რვა წლის აგვისტოს ბრძლოლაში დაღუპულ ყველა ვაჟკაცს.
ქალაქი იყო მთლად ცარიელი,
მაგრამ უკაცურ ქუჩაში მაინც
გამოჩნდა ერთი სულდგმულთაგანი,
იქნებ, მარტოდენ მოჩვენებაა.
შანდორ პეტეფი
ცარიელი სივრცე...
სივრცეში ყუთი.
ყუთი ცარიელი...
მხოლოდ ერთი შესასვლელი.
ვინ ვის ეჩეხება. ვინ სად იდებს საწუთროს. ვის სად აქვს საწუთრო? წუთი ქრება - სიცარიელე ჩნდება. დარჩა მარტო ქალაქში. დარჩა კიდევ სხვა, ქალაქში მარტო.
გამოჩნდა ადამიანი.
მარტო ადამიანი.
მარტო ცხოველი.
- რა ვქნა ახლა მე? კორპუსში მარტო არ გინდა გაძლება? ღმერთმანი გაცივდა ქალაქი რაა... ეს რა უბედურება გვჭირს? ახლა ომის დრო იყო? ვნახო ერთი იქნებ მეზობელ კურპუსში ვინმე ვიპოვო. ეს ქუჩაც რა ახალ მოხვეტილს ჰგავს? შიშის დედა ვატირე მე! ნეტავ ჩემი ბიჭი სად არის ახლა ან რატომ არ მირეკავს? საწყალი დედამისი გიჟს ჰგავს ალბათ. მას მაინც დავურეკო, ვკითხო როგორ არიან... - ფიქრებში გართულს, ფეხები მეზობელი კორპუსისკენ ეზიდებოდა.
- ალო... ალოოო... არაფერი ისმის!!! - კავშირი ჭირდა იმ დღეებში. თუმცა ერთი ოპერატორის ზარები ტარიფის გარეშე მუშაობდა. - დასწყევლოს ღმერთმა ამათი ოპერატორობა! განათებულ სიცარიელეში ვარ. რათ მინდა შუქი თუ საკუთარ ოჯახს ვერ ვუკავშირდები?!
კორპუსებსა და სახლებს ხაკისფერი გადაჰკროდათ. სახურავები ჩაზნექილიყვნენ უსუსურობისაგან. ყველამ მიატოვა. თითო-ოროლა ადამიანი ტკეპნიდა მათ სადარბაზოებსა და შემოღობილ ეზოებს.
- ალო... ალო... როგორ ხარ ქეთევან?
- კარგად ვართ, კარგად! შენ როგორ ხარ?
- აბა, როგორ უნდა ვიყო თქვენს გარეშე? არც ვინმე დარჩა სამეზობლოში, რომ დაველაპარაკო და გული გადავაყოლო.
- ბავშვს, ხომ არ დაუკავშირდი?
- ვერ დავუკავშირდი. ის ხომ იბრძვის ადამიანო. აბა, სცალია ყურმილი აიღოს? აქეთ დარეკავს.
- გურამ მეშინია ძალიან!
- არ შეგეშინდეს ძვირფასო. ჩვენები როგორ არიან გურიაში?
- კარგად არიან. აქ სიმშვიდეა გურამ. მთელი ქალაქი აქ არის. უცნობების სახლშიც კი იდებენ ბინას. საოცრად მიგვიღეს ყველანი.
- მართალი ხარ! ფრთხილად იყავით მანდ. არაფერს შეუშინდეთ.
- აქ არაფერი მოხდება გურამ.
- კარგი ქეთევან. ხვალ დაგირეკავ. ბავშვმა თუ დაგირეკა შემატყობინე. მეც შეგატყობინებ.
- აუცილებლად.
მოჩვენება დაძრწის ქალაქში.
შიში...
* * *
ფიქრებში გართულს, ფეხები მეზობელი კორპუსისკენ ეზიდებოდა. ნაბიჯი ნელი, სიყვარულის თანმხლებით ეკვროდა მშობლიური ქალაქის მიწას.
მოსიარულეს მეზობელ კორპუსამდე, გზად სულიერი შემოხვდა. შორიდან ვერ იცნო.
- გურამ, აქ ხარ? - მოესმა შორი მანძილიდან.
- რომელი ხარ მანდ?
- მე ვარ ბიჭო, ამირანი.
- შე ოხერო შენა! აიწყვიტე? ჯაჭვები სად წაიღე?
- დავტოვე, გურამ.
- აბა, დატოვება იქნებოდა?! შეგირცხვა ცხვირი. ჯაჭვის პერანგს მაინც შევიკერავდით.
ხმამაღალ ძახილში ერთმანეთს მიუახლოვდნენ.
- ხუმრობის ხასიათზე ისევ ხარ არა?
- აბა რა დაგვრჩენია ქართველებს? სიმღერა და ხუმრობა. - გახარებული იყო გურამი.
- შენს კორპუსში არის ვინმე?
- არავინაა. შენთან?
- ჩვენ სამნი ვართ: მე, ტარიელი და ავთანდილი.
- პატრიოტები.
- ეგრე ფიქრობ გურამ?
- რატომაც არა?!
- ისინი ბინების დასაცავად დარჩნენ. რა იცი რა ხდება?
- მტერმა რომ მიუკაკუნოს?
- მტერი არ მოგიკაკუნებს ძამია. წიხლით შემოგინგრევს კარებს.
- თუნდაც ეგ?! რას იზამს მაშინ?
- რა უნდა მოიმოქმედონ? დანებდებიან. ეს რა გვჭირს გურამ?
- არც არაფერი... მორჩება ეს ფარსი მალე.
- რატომ ფიქრობ ეგრე? ისინი ხომ ჩვენი მტრები არიან?!
- ჩემი შვილი იბრძვის, სხვისი ქონების დასაცავად და ამიტომაც ვფიქრობ ასე ჩემო ამირან.
- შეიძლება?! იქნებ ეგრეც არის. ჩემიც იბრძვის.
- შენი ვაჟკაციც გაიწვიეს?
- კი, გაიპარა სახლიდან. რეზერვისტი იყო.
- გასაგებია. - გურამს არაფერი უთქვამს. მან იცოდა ამის შესახებ.
- გაიგე, თურმე იარაღები ვაზნების გარეშე დაურიგებიათ.
- კი, როგორ არა, მაგრამ თქვეს: - ერთმანეთი, რომ არ ამოხოცონ იმიტომ მოვიქეცითო ასეო.
- კი, მაგრამ რა ასწავლეს რეზერვისტებს?
- არც არაფერი. იქიდან ყველა კმაყოფილი და ჩასუქებულები ჩამოდიოდნენ.
- მართალი ხარ!
- წამოდი, ტარიელი და ავთანდილი ვნახოთ.
- წავიდეთ!
* * *
ცარიელი თვალები.
გული ამოშანთული.
სული დაღლილი...
სანთელი ეკლესიაში მანათობელი!
ორი ათას რვა წელი. რვა რიცხვი. მცხუნვარე მზე. ქალაქი სავსე. სავსე, მაგრამ დაჩაგრული და მშიერი. მომუშავენი ლუკმა პურისთვის. ქალაქი ვალებში ჩაძირული, კრედიტებგადასახდელი. ბანკები სიცოცხლით სავსე. კრედიტ-ოფიცრები კი თვალგაფართოებულნი უცქერენ ე.წ. კლიენტებს.
სავსეა ქალაქი - ყოფითზე ფიქრით.
ცარიელია ქალაქი - სულიერებაზე ფიქრით.
ბედნიერია სექტანტები: - ჩვენ არაფერი გვემუქრებაო. - გაიძახიან.
მოჩვენება და მრწამსი კვეთაში...
- დაგვბომბეს! ქეთევან ადექი! - მიმართა იქვე, ტელევიზორთან მთვლემარე მეუღლეს.
- რა თქვი?
- ვერაფერი გაიგე?
- ჩამეძინა გურამ. რა მოხდა?
- წამოდექი ადამიანო და გავიდეთ გარეთ.
- თუ დაგვბომბეს, გარეთ რა გვინდა?!
- როგორ თუ რა გვინდა? იქნებ სახლს დაეცეს. მოკიდე შვილებს ხელი და გარეთ სასწრაფოდ! - ხმაში სიმკაცრე დაეტყო გურამს.
- ახლავე!
- შეხედე ქეთევან ყველა გარეთ არის გამოსული.
- ისვრიან, ისვრიან... დაიმალეთ ხალხნო! თვითმფრინავი მოფრინავს.
გურამმა ზემოთ აიხედა. თვითმფრინავი შენიშნა, რომელიც არც ისე მაღლა მიფრინავდა.
- ქეთევან შემოდი სადარბაზოში. სროლა ატყდება. დროზე სადარბაზოში-მეთქი! -შეშინებული ქეთევანი დამორჩილდა მეუღლეს.
- ღმერთო, შენ გვიშველე! მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა... - ხმამაღლა ლოცულობდა გურამის კარის მეზობელი ქალბატონი.
- ნუ გეშინია მარიამ, ყველაფერი კარგად იქნება.
- მინდა დაგიჯერო კარგო, მაგრამ ამ მთავრობის ხელში, როგორ ვართ საერთოდ?!
- ეხლა წუწუნის დრო არ არის, დაშოშმინდი! შენს პატარებს მიხედე. შეშინებულები არიან ვერ ატყობ?
- დედა შემოგევლოთ თქვენ! ნუ გეშინიათ ჩემო ანგელოზებო, ყველაფერი კარგად იქნება.
- მეუღლე სად არის მარიამ?
- სამსახურში. ვაი მეეეე... ბომბი სად დაარტყეს ხომ არ იცი გურამ?
- არ ვიცი.
- ღმერთო შენ მიშველე! ოღონდ იქ არა, ოღონდ იქ არა... - ცრემლები გადმოსცვივდა აგვისტოს გამთბარ ლოყებზე.
- გოგიტა, შვილო სად ხარ?
- აქ ვარ, მამა.
- არსად წახვიდე, ახლოს იყავი ჩემთან. შენი ძმა სად არის?
- დედასთან.
- დედაშენი ახლა აქ არ იყო? სად წავიდა?
- ნაზის გოგო შეიქნა ცუდად. ნერვებმა აიტანა. გიორგიც გაჰყვა.
- წამოდი ვნახოთ. დაწყნარდა მგონი ყველაფერი.
- წავიდეთ.
- შენ არ წამოხვალ მარიამ?
- მეც წამოვალ, აბა რა გამაჩერებს სადარბაზოში მარტო?
- იქნებ ხვალ გაიყვანო ბავშვები სამშვიდობოს? მე წაგიყვანთ მანქანით. ჩემებსაც გავიყვან.
- მამა, ნეტა ოთო სად არის ახლა?
- შენი ძმა ნაწილშია, გოგიტა. იქ არაფერი ხდება. სიმშვიდეა, მაგრამ უკვე მეშინია თვითმფრინავის ნახვის შემდეგ. საით წავიდა ნეტავი? მე არ წამოვალ შვილო. დედას უთხარი სახლში ავიდა-თქო. ტელევიზორში ინფორმაციას მოვისმენ.
- კარგი, მამა.
- არ უთხრა ბიჭო რისთვის ავედი. უთხარი: ქურთუკს მოიცვამს და ჩამოვა-თქო.
- კარგი, მამა.
ღამე. თბილი აგვისტო გაცხელდა და წაეკიდა. მღვდლები ეკლესიებში სალოცავად წავიდნენ
ლოცვა ისმის საკათედრო ტაძარში, სამშობლოსათვის. მრევლი კი არსად ჩანს. ვითომ სახლებში ლოცულობენ? - არა. ყველა გარეთ გამოსულიყო.
ფიქრები თვითგადარჩენაზე გადაერთოთ.
- მამა, რა თქვეს?
- შვილო, მე ეკლესიაში მივდივარ.
ლოცვა ისმის საკათედრო ტაძარში. სანთელი იწვის მხოლოდ ორი: მღვდლისა და გურამის.
* * *
ორი დღით ადრე.
სხვისთვის მრჩეველი.
და კურდღელი დაიმალა...
საოცრად სუფთა ცის მცხუნვარებამ, ხალხი გარუჯა. ზღვის პირზე მიმოფანტულებს სადარდებელი, მხოლოდ ერთი ჰქონდათ: გასარუჯი ნელსაცხებელი, როგორმე მიმოეფანტათ სხეულის ყოველ თეთრ ადგილზე. არ თაკილობდნენ უცხოს ხელის შეხებასაც, რომელსაც ეძახდნენ და სთხოვდნენ დახმარებას.
სამაჩაბლო კი გასარუჯი ადგილების არ ქონის გამო, იქცა შესანიშავ საომარ ველად...
ორი დღით ადრე დასავლეთი ნებივრობდა, მაგრამ ყველა არა...
ვინ საყვარელი ადამიანი გაიცნო...
ვინ უსაქმურობას უჩიოდა...
ვინ სახლში ტელეფონის ყურმილს იღებს და...
- ალო, გამარჯობა ამირან ბიძია.
- გაგიმარჯოს შვილო.
- ზეზვა სახლშია?
- კი შვილო. ალბათ იცი, რომ ავტოკატასტროფაში მოხვდა.
- კი ვიცი.
- რატომ არ გამოგვიარე მერე?
- რთული დღეები მქონდა ამირან ბიძია.
- რა ხდება, შვილო? ხომ მშვიდობაა?
- კი, მშვიდობაა. უბრალოდ სამსახურში გვაქვს პრობლემები.
- ეს ცუდია.
- დაუძახე ზეზვას ამირან ბიძია.
- ახლავე შვილო. - ყურმილი, იქვე ტახტზე მჯდარ ხელჯოხიან, შვილს გადასცა.
- ვი არის მამა?
- შენი ბედოვლათი ძმაკაცია. არ მომწონს ეგ ბიჭი.
- მამა გეყოფა. იქნებ მეც არ მომწონს შენი, რომელიმე ძმაკაცი, მაგრამ არ გამოვხატავ ასე ღიად.
- იქნებ მითხრა?
- კარგი, მამა გეყოფა. მომეცი ყურმილი.
მამამ ხელი ყურმილის მიკროფონიდან აიღო და შვილს გაუწოდა.
- გისმენ!
- სად ხარ აქამდე, ადამიანო?
- დედას ვესაუბრებოდი. - იცრუა ზეზვამ.
- როგორ ხარ?
- მოსულიყავი და ეგ კითხვა აღარ გაგიჩნდებოდა.
- პრობლემები მქონდა.
- რა პრობლემები?
- ტიპმა გადაგვაგდო.
- როგორ თუ გადაგაგდოთ?
- ხო, ფული მივეცით და არაფერი მოიტანა.
- იქნებ მორჩეთ ჰაა, ამ საშინელებას?
- ძნელია „ბრატ“, ძნელი... უკვე დავჯექი და აღარც ადგომას ვაპირებ.
- ნაგვები ხართ!
- ეეე, ბიჭო ეხლა ახურებ, ხო იცი?!
- თქვენ გიჭირთ გიჟებო, თქვენ გიჭირთ!
- მე სულ სხვა რამის გამო დავრეკე...
- რა ხდება?
- ბიჭები მიყავთ ომში. წამოხვალ?
- ჩვენ მივდივართ.
- ვინ თქვენ?
- ჩვენი „სასტავი“
- მერე, ჩემთან რა გინდა?
- იქნებ შენც წამოსულიყავი.
- არ გამოვა. არ ვარგივარ.
- როგორ თუ არ გამოვა? რა ხდება?
- ადამიანო, ფეხი მტკივა. ხელჯოხით დავდივარ ოთახებში.
- შენ „ვაბშემ“ რას გეტყვი იცი? პატრიოტი ხარ ძმაო?
- რა თქმა უნდა ვარ!
- ჰოდა... თუ ეგრეა, ავტობუსი გადის დღეს, საღამოს რვა საათზე, ქალაქის ცენტარლური მოედნიდან და შეგიძლია მოხვიდე. ჩვენც ვიქნებით. არ მოხვალ, ესეც შენი საქმეა. მე გითხარი. სამშობლოს უჭირს მეგობარო!
- არ შემიძლია, ვერ წამოვალ.
- ლაჩარი ხარ, შე...
- მოკეტე! ნუ მიშლი ნერვებს...
- კი, ბატონო, მაგრამ შენი ჭკუის დარიგებები აღარ იყოს შემდეგ. როგორც კი დაიწყებ, გაიხსენე შენი დღევანდელი საქციელი.
საუბარი დასრულდა.
ზეზვა მაჯის საათს დააცქერდა. ისრები შვიდს აჩვენებდა. დრო მოსულა.
პატრიოტები მიდიან! - გაიფიქრა და ხელჯოხს დაეყრდნო. წამოდგა ტახტიდან. საძინებელ ოთახში შევიდა. ტანსაცმელი გამოიცვალა. კარებს მიუახლოვდა. დედ-მამა ქვევით ეზოში ჩასულიყვნენ. ზურგს უკან კარები მოიხურა.
ეზოში ჩავიდა.
ფიქრები... ფიქრები... საქართველოზე! საქართველოზე?! საქართველოზე? - კი საქართველოზე.
- სად მიდიხარ, შვილო? - შეეკითხა მამამ.
- იმასთან, ვინს შენ არ მოგწონს. - იყო მშვიდი, ხმაში ზეზვა.
- მანდ რა გინდა?
- ჰო, შვილო მართალია მამაშენი. რა გინდა მასთან?
- ქეიფზე დამპატიჟეს. უნდა წავიდე.
- მალე მოდი იცოდე. არ დააგვიანო. მობილური მიგაქვს?
- კი მიმაქვს. ჩემი დაიკო სად არის?
- მეგობართან არის გადასული.
- ვისთან? უნდა ვნახო.
- მაიკოსთან. მის განუყრელ მეგობართან.
- კარგით, წავედი. მოდი გაკოცოთ! - სხეული არც ისე ცივია, მას სული ათბობს.
- რაღაც უცნაურად იქცევი, შვილო?! - შეატყო დედამ.
- არაფერია დედა. წავედი.
ეზოდან გავიდა. გზად დასთან შეიარა. დაემშვიდობა. - დედას დაუჯერეო - უთხრა და დატოვა ბინა.
* * *
ცენტრალური ხელისუფლება...
ცენრტრალური მოედანი...
ცენტრისტული აზროვნება...
ხალხი ირეოდა მოედანზე. აქ ზღვიდან გამოქცეულ გოგონებსაც შეხვდებოდით, რომლებიც თავიანთ ძმებს აცილებდნენ. იყვნენ მშობლები, ნათესავები, მეგობრები, უბრალო მოქალაქეები. არ იყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლები. იყვნენ მოშურნენი, აგენტები, პატრულის თანამშრომლები.
- ზეზვა შენ აქ რა გინდა? უკვე ჩაეწერე?
- კი ჩევეწერე.
- და არაფერი გითხრეს?
- რა უნდა ეთქვათ?
- ნება დაგრთეს წასვლაზე?!
- ვითომ, რატომ უნდა ეთქვათ უარი?!
- შენს მდგომარეობაში, ადამიანები არ მიყავთ ან შენი ხელჯოხი სად არის?
- გზაში გადავაგდე. მდინარეს გაჰყვა. უკვე ზღვაში იქნება.
- ღმერთო, შენ გიჟი ხარ!
- არ არის გამორიცხული. - გაიცინა ზეზვამ. ჩვენი არაჩვეულებრივი ძმაკაცი სად არის? დამირეკა, მეც მოვდივარო.
- მეც დამირეკა. ველოდებით.
- სხვები სად არიან?
- მეორე ავტობუსთან. მივიდეთ?
- მივიდეთ.
ათი მეტრის მოშორებით იდგა მეორე ავტობუსი, რომელიც უკვე სავსე იყო. საოცრად ცხელოდა ავტობუსში.
- გახედე! ეგერ სხედან. ბიჭო, ბექა... ბექა... - გასძახეს ავტობუსის სარკმლიდან გამოყოფილ თავს.
- ვაააჰ... ზეზვა შენც აქ ხარ?!
- ჰოო, აქ ვარ! არ მელოდით?
- მართლა არ გელოდით. ბიჭებო, გახედეთ ზეზვაც აქ არის!
- ზეზვას გაუმარჯოს, - გასძახა ოთარმა.
- ოთარ?! შენ აქ რა გინდა?
- მე მინდა ზეზვა. რეზერვისტი ვიყავ მეგობარო და გამომიძახეს. შენ რა გინდა აქ?
- მამაშენი სად არის?
- აქ არის. აქვეა სადღაც. უბრალოდ ხალხი ბლომადაა და ვერ შეხვდი ალბათ?!
- ჩამოდით ქვევით, სანამ წავსულვართ.
- შენც მოდიხარ?
- მეც, ოთო, მეც მოვდივარ.
- რა ხდება ამ ქვეყანაზე?! მოიცა ჩამოვალთ. ავტობუსში ოთხი ადგილი განთავისუფლდა.
გულს ალმოდებულებმა, არც იცოდნენ თუ რა ელოდათ. სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილებს გული ჯერ კიდევ სიყვარულით უძგერდათ. მტრის თვალებს ვერ აღიქვამდნენ. იცოდნენ ერთი - უნდა ერძოლათ.
აგვისტოს სიცხე ისევ აჭერდა მშობლიურ ქალაქს. ავტობუსები ჯერ კიდევ განუძრევლად იდგნენ. ხალხი მატულობდა. გამოჩნდნენ ახალგაზრდა გოგონებიც.
გურამთან შესახვედრად მიმავალ ბიჭებს ახლობლები და ნათესავები მოსვენებას არ აძლევდნენ. დარიგებებით შეაწუხეს: შვილო ფრთხილად იყავი. ახლოს არ მოუშვათ; მეშინია, დედა; შვილო, გთხოვ სანგრიდან თავი არ ამოყო; შვილო თუ სადმე ნანგრევი ნახო, შედი მანდ და მხოლოდ იქიდან ესროლე მტერს. დედების ცრემლების წმენდაში დაისველეს ბიჭებმა ხელები. ეფერებოდნენ და ამშვიდებდნენ!
- აი, გურამი ბიძიაც. გამარჯობა გურამი ბიძია. - ხელი მხარზე დაადო ზეზვამ
- ზეზვა?! შენ აქ საიდან შვილო?
- გადავწყვიტე ძია გურამ.
- რა გადაწყვიტე ზეზვა ბიჭო?! ახლავე ვნახავ მეთაურს და ყველაფერს ავუხსნი. შენ იქ არაფერი გესაქმება.
- გთხოვ, ამას ნუ იზამ, ძია გურამ. მე სახლიდან გამოვიპარე.
- რას ლაპარაკობ ბიჭო?!
- ჰო, ეგრეა. სახლშიც გთხოვ არაფერი უთხრა. თვითონ გავაგებინებ. დავურეკავ.
- კარგი შვილო, მაგრამ მეც დამიჯერე: დარჩი!
- ვერა. არ შემიძლია. ჩემი მოვალეობაა და სამშობლოს ვჭირდები!
- შენი საქმისა შენ იცი. მე გირჩიე.
- არ ინერვიულო ბიძია გურამ. ყველაფერი კარგად იქნება.
- ღმერთმა გისმინოთ ყველას!
კერძო ავტომობილებით მიმოფანტული მოედანი. ქალაქი ჯერ კიდევ სავსე... დაქანცულმა მზემ, სხივების სისქე და სიგრძე გაანახევრა. აგრილდა საღამოს პირზე. წითელსახიან ჯარისკაცებსა და გამცილებლებს, ფერი დაუბრუნდათ ხორბლისა.
- გოგონებო მოდით მივეპაროთ ბიჭებს. ვნახე! აი, ეგერ ბიძია გურამს ესაუბრებიან.
- მართალი ხარ. გაუხარდებათ ჩვენი ნახვა.
თვალები ხელისგულებით აუკრეს რამდენიმე ვაჟკაცს და ერთდროულად მიმართეს:
- აბა გამოიცანი, რომელი ვარ?
დაიბნენ ბიჭები, მაგრამ ხმის ტემბრით ადვილად ამოიცნეს თანაჯგუფელები.
- გოგონებო აქ რა გინდათ?
- ვინ გითხრათ, რომ მივდიოდით?
- შენ როგორ ხარ ჩემო სიხარულო? - სიხარულისაგან ზეზვას გადაავიწყდა თუ სად მიდიოდა.
- კარგად ჩემო, ლამაზო ჭაბუკო! - სიტყვებს ღიმილი მოაყოლა ნათიამ.
- ხომ არ გეშინია?
- არა. შენი იმედი მაქვს. ვიცი, რომ დამიბრუნდები. აი ეს გამომართვი. ნაკურთხია. - მისი ხელით ნაქარგი ცხვირსახოცი გაუწოდა.
ზეზვამ ზედ მამაო ჩვენო... ამოიკითხა.
- ეს შენ მოქარგე?
- ჰო, გულთან ახლოს ჰქონდეს.
- კარგი. ახლავე გულს დავაკრავ. - გაშალა ლოცვა. ხელისგულზე დაიფინა. მეორე ხელით მაისური აიწია და გულს დააფინა ლოცვა.
- მიყვარხარ ზეზვა!
- მეც მიყვარხარ ჩემო ანგელოზო!
- იცით, ავტობუსში ვინ ზის ჩვენთან ერთად?
- ვინ?
- ჩვენი მერის შვილი.
- დარწმუნებული ხარ?
- რა თქმა უნდა.
- ეს უკვე მესმის. - თქვა ნათიამ და გაკვირვებული სახით ძებნა დაუწყო ავტობუსში. სურდა ბიჭების ნათქვამში სიმართლე ეპოვა, მაგრამ სახეზე მას არ იცნობდა.
- ბიჭებო, რომელია? ზეზვა, მანახე გთხოვ!
- ნუ მაეჭვიანებ სიხარულო! - თითქოს სახე მოღუშა ზეზვამ, მაგრამ...
- არ გამოგდის სიხარულოოო! - გაცინებულმა გასცა პასუხი.
- თუ არ იცნობ ნათია, რას დაეძებ ასე გაფაციცებით?
- ჰაბიტუსზე ვიცნობ, ნამდვილად. არ მითხრათ. თვითონ მინდა გამოვიცნო. - უარჰყო ერთი წუთის წინ ნათქვამი თხოვნა დახმარებასთან დაკავშირებით.
ბიჭებიც აზარტში შევიდნენ. შესცქეროდნენ ნათიას. მოსწონდათ მისი ნარნარი ფეხის წვერებზე. ნათიას ფიქრები კი ერთი ადამიანისკენ იყო მიმართული. ფიქრობდა: ნუთუ მართლა შესაძლებელია სასწაული მოხდეს?! ნუთუ მართლა აქ არის?!.. მასში მოზღვავებულ ენერგიულობას ამართლებდა ფაქტები, როგორც სიმართლის ძიებისა ასევე დაუჯერებლობისა. ამ საქმეს ხუთი წუთი დასჭირდა, რადგან ძებნა სხვა ავტუბსის სარკმლებთან დაიწყო. შედეგმაც არ დააყოვნა:
- აი ეს არის. - თქვა, მაგრამ თითი არ გაუშვერია მისკენ. იცოდა, რომ უხერხული იყო.
- არა, უთუოდ იცნობდი მას.
- არა, გეფიცებით.
- ნუ გვატყუებ. - ეცინებოდათ ბიჭებს. აწვალებდნენ.
- არ გატყუებთ. დააკვირდით: - „ცხვირი ჰგავს: - ჰგავს; შუბლი ჰგავს? - ჰგავს; თვალები ჰგავს? - ჰგავს; პირი ჰგავს? - ჰგავს;“ ჰოდა ეგ არის! - მეტყველებს ჰაბიტუსი სიამაყესა და ქედმაღლობაზე. - ამჯერად კი სიცილი კოლექტიური შეიქნა. ხარხარებდნენ თანაჯგუფელები და ხალისობდნენ.
- ისე, დროა უკვე...
- ჰო, მართალი ხარ. რვაზე უნდა წავსულიყავით.
- ვის ველოდებით. ნეტავ?
- კარგი, რაა... ეგ არ იცი?
- ჰო, აბა თქვი!
- ქალაქის სადავეების მმართველებს.
- გეთანხმები. ნეტავ სად არიან? გვაგვიანდება.
- შენც მოითმინე.
გამოჩნდნენ.
მღვდელიც გამოჩნდა.
დალოცვა შესდგა!
რეზერვისტები ავტობუსებში ავიდნენ.
წარმატებები უხვად უსურვეს.
სიტყვა ქალაქის თავისა კი ვერ მოისმინეს.
ყველა მას შესცქეროდა.
ავტობუსში ავიდა.
ერთი წუთიც არ გასულა.
ავტობუსი ორმა ადამიანმა დატოვა:
მამა-შვილმა!
- უთხარით ავტობუსებს დაიძრან. დაგვიანდა უკვე. - გადაულაპარაკა თანაშემწეს.
- ახლავე. - ხელით ანიშნა მძღოლებს, რომ წასულიყვნენ.
ჩვენ ვიცით, რომ ბრძანებას სამხედრო მოხელე იძლევა ასეთი შემთხვევების დროს, მაგრამ...
უცნაური საქციელის შემსწრე რეზერვისტები, გაოცებამიყინული სახეებით უცქერდნენ მამა-შვილს.
უცნაური საქციელის შემსწრე მშობლები, ნათესავები, ჯგუფელები, უცხო ხალხი, აგენტები, გაოცებამიყინული სახეებით უცქერდნენ მამა-შვილს.
მამა-შვილი
მამა გახარებული - შვილი იხსნა.
შვილი გაბრაზებული - სიამაყე ჩამოერეცხა სახიდან.
მანქანაში:
- სად მიდიოდი?
- შენ რა გააკეთე?
- ის გავაკეთე, რაც უნდა გამეკეთებინა.
- ხალხის თვალში დამამცირე.
- აღიდგენ ღირსებას.
- ღირსებაზე არ ვსაუბრობ, მე.
- მაშინ რაზე მესაუბრები?
- ჩემს სიამაყეზე, რომელიც ასე გათელე ფეხქვეშ.
- რატომ წამომყევი?
- შენ მაიძულე.
- ცდები! თვითონ ხარ ლაჩარი.
- არ ვარ ლაჩარი!
- მოვრჩით საუბარს, რადგან ლაჩრები შენსავით იქცევიან. - დაასრულა შვილთან საუბარი. შემდეგ მძღოლს გასძახა: - სახლისკენ.
- კარგით!
ქალაქი ცარიელი...
ცარიელი ბოთლები...
სადღეგრძელოები სავსე სიტყვებით.
ჭიქებიც ცარიელი.
სუფრა ცარიელი.
მონატრება პირველივე წამიდან...
* * *
ცარიელი სივრცე...
გზა ცარიელი.
მხოლოდ ერთი შესასვლელი.
კარი გაიღო.
- მოეწყვეთ! ნაბიჯით იარ!
გაჩირაღდნებულ ნაწილს, სიცოცხლის შიში ეკვროდა გარს.
გაჩირაღდნებულ ნაწილს ამაყად ეჭირა თავი, როგორც ახალ რეკლამირებულ საქონელს მთელს მსოფლიოში.
ბანერიც ამშვენებდა სურათითა და წარწერით: - სამხედრო ნაწილი.
გაჩირაღდნებულ ნაწილს სახელმწიფო უხდიდა ელექტრო ენერგიის გადასახადს?!
ალბათ, მაგრამ დაგვიანებით...
- მოგესალმებით ჯარისკაცებო!
- გაუ-მარ-ჯოს! - ერთხმად და ომახიანად ახმაურდნენ ჯარისკაცები, ერთი სიტყვის წარმოსათქმელად.
- თავისუფლად.
- თქვენ გამოძახებულები ხართ, საჭიროებისამებრ. არავითარი საშიშროება არ მოგელით. შეგიძლიათ ყაზარმებში მშვიდად დაელოდოთ მოვლენების განვითარებას. სანამ განლაგდებით თქვენს შესაბამის ადგილებზე, იარაღი აისხით. იცით თუ სად ხდება ეს პროცედურა, ხო?
- დიახ! - ერთხმად და ომახიანად ახმაურდნენ ჯარისკაცები, ერთი სიტყვის წარმოსათქმელად.
- სწორდით! სმენა! მარჯვნისაკენ! ნაბიჯით იარ!
სიკვდილი არა არის რა!
მე მხოლოდ გაღმა მხარეს გავედი.
ნეტარი ავგუსტინე.
კარები მეორე მხარეს გამოჩნდა.
დროებით ურდული ადევს.
* * *
ნახევარი საათის შემდეგ.
„ევროპის სტანდარტების“ შესაბამისად მოწყობილ ყაზარმებში განლაგდნენ რიგითები.
გარეთ კიდევ ევროპული მთვარე ანათებდა.
ევროპული ჟალუზები ჩამოაფარეს რიგითებმა. შეწუხდნენ მთვარის ნათებით.
ნეტა რატომ?
იქნებ ქართველი არ იყო?
მთვარე - ქართველი ან ევროპელი?!
დღეს ჩრდილოეთის ღამე წამოწვა ქართულ მიწაზე.
ჯერ კიდევ, ათას ცხრაას ოცდაერთი წლის თებერვალში გადაწყვიტა მოსვენება ჩრდილოეთმა.
მას შემდეგ დროის შესაბამისად იცვლის ზეწრებს. კარგად გრძნობს თავს აქ.
თითქოს მშობლიური მიწა იყოს.
არადა ზეწრის მიმტანებიც მრავლად ჰყავს ჩვენსას.
ვერაფერს შველი საქმეს.
ეროვნება შევიცვალოთ თუ ადგილმდებარეობა?
არც ერთი და არც მეორე.
ისინი უნდა გავუშვათ.
დღეს სამივე ცალი გვერდით წევს ქართულ სასთუმალზე:
ევროპას ტვინი უდევს ბალიშზე...
რუსეთს მუცელი გასიებია ჩვენს სასთუმალზე...
ამერიკას ფეხები შემოუწყვია სასთუმალზე...
რა ვქნათ ჩვენ რიგითებმა?
გამზეურებასაც არ გვაცლიან.
აბა, როგორ? წამოდგომას არცერთი არ კადრულობს.
ამბობენ: ისედაც მშვენივრად ვგრძნობთ თავს, თქვენი სტუმარ-მასპინძლობის შემყურენიო.
რატომაც არა?!
აკლიათ რამე?
ეს ჩვენა ვართ ცხვრები...
არ ვიღლებით საუბრით და ლაქლაქით. ყველა პოლიტიკოსია და მოაზროვნე!
დაგვავიწყდა ჩვენი საქმე.
თუმცა არ არის ჩვენი ბრალი ეგ ამბავი...
ჩვენს მეფეებს უჭირთ ნამეტნავად იქ სადღაც კაბინეტებში...
უჭირთ, მაგრამ ვისი წყალობით?
ისევ ჩვენი...
ჩვენ გაუთეთრეთ სისხლი...
ნურას უკაცრავად!
ჩვენ გაგვითეთრა წვერები...
დაგვაბერეს...
თუმცა ჯერ ადრეა.
ჯერ კიდევ არ არის გვიანი!
ჯერ კიდევ სითბოა!
ჯერ კიდევ უყვართ შვილები საქართველოში. არ აგდებენ სახლიდან ერთმანეთს მშობლები და შვილები.
ჯერ კიდევ ასხივებს მოგვებისთვის ვარსკვლავი.
გზა უჩვენებს...
უჩვენებს გზას ცარიელ ქალაქში.
- მოეშვი ფიქრს ოთო. - გამოაფხიზლა ზეზვამ, ფიქრებს გაყოლილი...
- რაზე ფიქრობდი ოთო?
- შენ რაღა გინდა ჩემს ფიქრებში? არ გსმენია: - არასოდეს ისურვოთ სხვის ტვინში შეძრომა, იქ დიდი სიბინძურეაო, ნათქვამია, თან სულ სიბინძურეაო.
- ეგ ვინ თქვა?
- არ მახსოვს... რა მნიშვნელობა აქვს შენთვის?
- ის, რომ ასევე ნათქვამიცაა: მახინჯს სხეულში მახინჯი სულიაო. განა ჩემში ცუდი სულია?
- არა, რა თქმა უნდა.
- მაშინ ის შენი ფრაზაც არა სწორია.
- კარგი გეტყვი რაზე ვფიქრობდი.
- ჰო, მიდი, აბა...
- ჩვენს ქვეყანაზე.
- დღეს ამაზე ფიქრი აქტუალურია.
- მართალი ხარ.
- მე ყოველთვის მართალი ვარ. - კუდი დაიმოწმა ზეზვამ და გაიღიმა.
- ასე ამპარტავნები საუბრობენ ჯიმაია.
- ჰო, რა იყო, ვიხუმრე.
- კარგი, მეც გეხუმრე. უბრალოდ ვიცი, რომ ყოველთვის მომენატრება ჩემი სამშობლო. მომენატრება ჩემი ქალაქი, ჩემი ეს უსუსური და არაფრის მაქნისი ადამიანები, რომლებიც ქალაქის მაჯისცემას სხვებს ანდობენ. თუმცა მათი ეროვნებისა ვარ მეც.
- რა გჭირს ოთო?
- არ ვიცი. რაღაც პესიმისტური და მელანქოლიური განწყობა დამეუფლა. თუმცა ფიქრები გაცილებით ოპტიმისტური მქონდა.
- გასაგებია. ბოლომდე აღარ გამანდე არა?
- კი გითხარი, თუმცა რა იცი ადამიანის თავში რა ტრიალებს. ახლა ასე ვფიქრობ, ორ საათში სულ სხვა ფიქრები დამტანჯავს ან საერთოდ არაფერზე ვიფიქრებ.
- იქნებ შეყვარებულზე იფიქრო ან ომის დასრულება სად აღვნიშნოთ და ჩვენი გადარჩენისა სად შევსვათ. ჰაა რას იტყვი?
- ბიჭო იქნებ, ვერც გავაღწიოთ აქედან. სიკვდილის წინ მაინც ფიქრობს ადამიანი სუფთად და ტვინი არ შეიძლება იყოს გამოჭედილი სხვა ათასი მავნე ფიქრებისაგან. თუმცა ჩვენი უცნობი გმირი სხვას იტყვის მაინც.
- რომელი?
- აი ეგერ, რომ წამოწოლილა. - საჩვენებელი თითი გაიშვირა უცნობისაკენ.
- ეგ რა შუაშია?
- ისე უბრალოდ ვთქვი. აბა გითხარi არ მახსოვს ვინ თქვა-თქო. შენ კიდევ ჩამეძიე რაა...
- ჰო, კარგი. აღარ გავაგრძელებ. არა რააა... მაინც მაინტერესებს, ვინ თქვა ასე დამაჯერებლად, რაც დაუჯერებელია. არ შეიძლება ყველას ტვინში მხოლოდ სიბინძურე იყოს. მაშინ სამშობლოს ვინღა დაიცავს?
დაცვა პაიკით...
დაცვა სამოცდაოთხ ცარიელ უჯრაზე...
მოძრაობა თავისუფალი.
არავინ ხელისშემშლელი...
* * *
მე ისევ მე ვარ. შენ ისევ შენ ხარ.
რაც ვიყავით ერთმანეთისთვის, ისევ ისა ვართ საუკუნოდ.
ისევ ისე მომმართე, როგორც ყოველთვის მოგიმართავს.
ისევ ისე მესაუბრე, როგორც ყოველთვის გვისაუბრია.
ნეტარი ავგუსტინე
საუბარმა მეორე ნახევარი საათი გასტანა.
ერთი საათის შემდეგ.
აბა... საუკუნეები ლაპარაკის გარეშე?!
გავაგრძელოთ საუბარი.
შუქებს არ აქრობდნენ სამხედრო ნაწილის ეზოში, არც ყაზარმებში. საბრძოლო ტექნიკა თითქმის არც ყავდათ ნაწილში, მაგრამ საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადეს. არ ჰგავდა ეს მზადებას თავდაცვისთვის. რიგითებმა ყაყანს უმატეს. ყოველი მხრიდან ისმოდა სალანძღავი ეპითეტები. რიგითებმა, მოქალაქეებისათვის დამახასიათებელი სიტყვათა მარაგი გამოიყენეს და საოცარი კორიანტელი დადგა უწმაწურობისა. შემდეგ მსჟელობის საგანი სხვა რამ გახდა:
- ცარიელი მჭიდები რათ გვინდა? ვაზნების გარეშე რა თავში ვიხლით ამ ავტომატებს?
- წარმოდგენა არ მაქვს.
- მე ვიცი!
- აბა ვუნდერკინდო, გვითხარი.
- საშიში არაფერია. იციან ჩვენმა სარდლობამ მოსალოდნელი საშიშროების შესახებ და ადეკვატურად იქცევიან.
- დარწმუნებული ხარ?
- რა თქმა უნდა!
- კიდევ ერთი შენისთანა და ხვალ სახლში დაბრუნებაზე დავიწყებ ფიქრს.
- იქნებ დღესვე გაგვიშვან.
- არ ვფიქრობ ესე...
- შენ სად ცხოვრობ?
- გურული ვარ.
- შენ?
- მე იმერელი.
- თქვენ ბიჭებო?
- მეგრელი.
- სვანი.
- რაჭველი.
- აჭარელი.
- ფშაველი.
- ხევსური.
- საქართველო ერთიანი ძლივს არ ვნახე? - გაეღიმა ზეზვას.
- არა, გვაკლია მაინც. აფხაზი და ოსი.
- როდის წაგვიყვანენ ნეტა საბრძოლველად ოსეთში?
- ოსეთში არა, სამაჩაბლოში.
- კარგი სამაჩბლოში. როდის გავემზადებით?
- ადამიანო ვაზნები არ დაურიგებიათ და საერთოდ რაზე საუბრობ? არსად არ მივყავართ ჩვენ.
- მაშ რათ უნდოდათ ჩვენი შეკრება?
- წარმოდგენა არ მაქვს?!
ნუ დამელაპარაკები სხვა კილოთი.
ნუ მიიღებ სამგლოვიარო, მწუხარე იერს.
გაიცინე, რაზეც გვეცინებოდა.
ნეტარი ავგუსტინე
ერთი ქვეყნის ქვეშ...
მრავალი კილო...
მრავალი აზრი...
* * *
ორი კვირით ადრე.
სიყვარული.
გოგო მეტად სათნო...
ბიჭი ახლოს.
ივლისის თვე.
შეხვედრა მომავალთან...
დანიშნული დრო.
საღამოს შვიდი საათი...
- რატომ დააგვიანე?
- დავაგვიანე?
- ჰო.
- მხოლოდ ორი წუთით.
- მერე რა?! ხომ იცი, რომ დაგვიანებას ვერ ვიტან.
- კარგი, აღარ მოხდება. გპირდები.
- როგორ ხარ ძვირფასო?
- რა მიჭირს შენს გვერდით?
- ნუ დამცინი! - გაიღიმა გოგონამ.
- არ დაგცინი. შეყვარებული ვარ, იცი?
- ვინ არის ის ბედნიერი?
- აბა, გამოიცანი!
- ერთი წუთით... აჰა... მივხდვი! ის მე ვარ!
- დარწმუნებული ხარ?
- ისევ დამცინი დამპალო.. - თმების წიწკნა დაუწყო ინსტიქტურად ოთოს, გოგონამ.
- შემეშვი, გადარეულო!
- ჰო კარგი. რა ხდება შენთან სამსახურში?
- ყველაფერი ჩვეულებრივად.
- როგორი ხარ ახალ თანამდებობაზე?
- ისევ ისეთი, როგორიც ვიყავი. არ შევცვლილვარ.
- აბა, შენ რა შეგცვლის, ჩემო დათვო? არც არაფერი.
- არ ვიცი სიხარულო.
- რატომ ხარ ასეთი საყვარელი?
- არ ვიცი?!
- რატომ უყვარხარ ყველას?
- არ ვიცი?!
- მე ვიცი.
- აბა მითხარი.
- იმიტომ, რომ ბუნებით თბილი ადამიანი ხარ. შენი სული სუფთაა, შესაბამისად ტვინიც. სიბინძურე შენთვის მიუღებელია. არ ფიქრობ ბოროტებაზე და ყველაში მხოლოდ სიკეთეს ხედავ. ვაჟკაცი მყავხარ! ყველას საკადრის პასუხს სცემ. სიმართლეს მეტყველებ. ესაა სიმართლე.
- შენ მხოლოდ კარგს ხედავ. იქნებ ცუდიც მახასიათებს. თუნდაც შეიძლება, როდესაც ჩემი ცოლი გახდები სულ სხვა თვალით შემხედო.
- ხომ არ დაგავიწყდა, რომ შეყვარებული ვარ ოთო? ასეთ დროს, მხოლოდ კარგზე ვფიქრობთ ან არ მსურს დაგინახო სხვა კუთხით, ისევე როგორც შენ.
- მართალი ხარ! სულ შენზე რატომ ვფიქრობ და ღმერთზე?
- ღმერთზე იმიტომ, რომ ოჯახი უნდა შექმნა და მისგან წყალობას ელი. ჩემზე კი იმიტომ, რომ შენთვის შემქმნა ღმერთმა და შენთვის უნდა ვიზრუნო სიცოცხლის ბოლომდე.
- არ დაიღალე სეირნობით? მოდი ჩამოვჯდეთ.
- ჩამოვჯდეთ.
- გახედე ვინ მოდის? ზეზვა.
- ზეზვა ვინაა?
- ჩემი ძმაკაცია. ახლავე მოვალ. უხდება არა ხელჯოხი?
- კი, მაგრამ რა მოუვიდა?
- ავტო-კატასტროფაში მოჰყვა.
- საწყალი.
- ახლავე მოვალ. დამელოდე.
შეხვედრაზე ხელგაშლილი გაეშურა. ჩახუტებით დაგვირგვინდა. თბილი საუბარი საძმოს მოკითხვებით დაიწყეს. ერთმანეთს სამომავლო გეგმები გააცნეს.
- სად დაიკარგე ადამიანო?
- ზეზვა, ხო გესმის ჩემი, არა? სამსახური მაქვს ჯოჯოხეთური. ყოველ დღე იქ ვარ. შაბათი ჩემთვის არ არის და კვირა.
- ხო, მესმის. შენთან არაფერი მაქვს სათქმელი. მინახულე მაინც. აი ერთი, ნარკომანი, რომ გვყავს. იმას ვერაფერი მოვუხერხე.
- მეც რასაც მას ვესაუბრები. არ არის მისი საშველი.
- ჩვენი მკვდარი ჩვენვე უნდა დავმარხოთ.
- ეგრეა.
- ესაა შენი შეყვარებული?
- ჰო.
- ლამაზი გოგოა. ყოჩაღ! გემოვნება ჰქონია. - გაიცინა ზეზვამ.
- ჰო, რა ვიცი?!
- შენს სიმორცხვეს რა ეშველება, ბიჭო? რა გჭირს ადამიანო?!
- არც არაფერი, ხო იცი ესეთი ვარ.
- რას აპირებ?
- ჯერ არაფერს.
- რატომ?
- საზღვარგარეთ მივდივარ.
- სად?
- საფრანგეთში.
- რატომ ბიჭო?
- აქ არაფერია, ჩემო ძამია. იქ კი ახლობლები მყავს. ხელს გამიმართავენ, ფეხზე როგორც კი მყარად დავდგები, შემდეგ ჩამოვალ, ცოლსაც შეირთავ...
- მერე რას აპირებ?
- არ ვიცი. შეიძლება დავრჩე, შეიძლება ისევ წავიდე ოჯახთან ერთად.
- შეყვარებულმა იცის?
- კი უკვე ვუთხარი და თანახმაა. დამელოდება. არ გვეჩქარება. ჯერ მაინც არ ვართ მზად ოჯახის შესაქმნელად.
- გასაგებია. კარგი ოთო. დაგემშვიდობები. მეც ჩემს ნათიას უნდა შევხვდე. ხომ არ გინახავს?
- არა. აქ არ ჩამოუვლია.
- კარგი აბა, დროებით.
- დროებით მეგობარო, ნათიას მოკითხვა უთხარი ჩემგან! დღეს გამოვივლი შენთან.
- კარგი, გელოდები!
ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს და დაშორდნენ.
მეგობრების ფიქრები - სუფთა.
- მორჩით საუბარს?
- კი მოვრჩით. წამოდი გავიაროთ. აქვე კაფეა, შევიდეთ.
- სიამოვნებით!
ივლისის თვე.
შეხვედრა მომავალთან...
საღამოს ათი საათი...
დასასრული.
* * *
ილოცე!
გაიღიმე!
იფიქრე ჩემზე...
ჩემთან ერთად ილოცე.
ნეტარი ავგუსტინე.
ერთი ქვეყნის ქვეშ...
მრავალი აზრი...
სიცარიელე ყუთში.
ერთი შესასვლელ-გასასვლელი...
ფიქრები გაიფანტნენ...
ტვინი დაცარიელდა.
ინსტიქტი მომძლავრდა.
დარტყმის დღე.
ლოცვანი წამოეღო ოთარს. ზეზვა ნაქარგ ცხვირსახოცს დასჩერებოდა და გულში მამაო ჩვენოს ბუტბუტებდა.
სიჩუმე ჩამოვარდა. დაიღალა ბიჭები უშედეგო და პასუხგაუცემელი კითხვების გამეორებით. რაც მოსახდენია მოხდება. იქნებ კითხვებსაც გაეცეს პასუხი.
- ყველანი გარეეთ. სასწრაფოდ! მტერი გამოჩნდა.
წამოიშალნენ ბიჭები. უწესრიგობამ დაისადგურა. აირია მონასტერი... ერთმანეთს დაუწყეს ხელისჰკრა. სახე-ალეწილები მიმოიფანტნენ და ერთმანეთის გაწევ-გამოწევაში გვერდები დაილილავენ.
ერთი გასასვლელი იყო მხოლოდ. გაიჭედა გასასვლელი. ფანჯრების გაღების ნაცვლად მათი მსხვრევის ხმა ისმოდა. დაბნეულობისაგან ვეღარ აზროვნებდნენ. ხტებოდნენ ფანჯრებიდან.
- სად ხარ ოთო? - ყვიროდა გამეტებით ზეზვა.
- აქ ვარ ზეზვა, აქ ვარ! - მოისმა შორიდან. - აქეთ წამოდი. კარებში ვერ გახვალ.
- ვერ გამოვალ. ჭყლეტაა... უკან ვერ დავბრუნდები...
- შუქებს რატომ არ აქრობენ?
- არ ვიცი მეგობარო. - ერთმანეთს უყვიროდნენ ვაჟკაცები. - იქნებ მიაგნო „შიტს“ და გამორთო. მე ვერ მოვახერხებ.
- კარგი შევეცდები.
სრული ქაოსი ნაწილში. ინტესნსიურმა დაბომბვებმა ნახევარ საათს გასტანა. გაუთავებელი ყიჟინა ერთმანეთის გადასარჩენად...
- იქით ნუ წახვალ...
- ფრთხილად ბიჭებო!
- თავს უშველეთ!
- მოგვატყუეს!
შუქიც ჩაქრა.
- ოთო, სად ხარ? ოთოოო....
პასუხს არავინ სცემდა.
- არ გინახავთ? სად წავიდა ოთო?
- არ ვიცნობ ძმა! თავი დამანებე. - უთხრა და გაიქცა ნაწილის მავთულხლართებისაკენ. ღობე იყო ერთადერთი თავის დაღწევის საშუალება, მაგრამ გზაში ბიჭები პანტა-პუნტად ეცემოდნენ.
- ღმერთო შენ მიშველე! უნდა გავრისკო. იქნებ ოთოც ვიპოვო. - ხელი ტანსაცმლის შიგნით ჩაყო. ნაქარგი ლოცვა გაისწორა გულთან. ერთიც ამოიხვნეშა და გაიქცა.
მორბენალს გზაზე ტყვიები წამოეწია. ერთი ბომბიც აფექდა ნაწილის ეზოში. უგონოდ დაეცა. აზრზე მოსულს თავზე ოთო ედგა და მის წამოყენებას ცდილობდა.
- ოთო შენ ხარ?! - ძლივს მოახერხა სიტყვების წარმოთქმა.
- მე ვარ. დამეყრდენი. დაჭრილი ხარ.
- როგორ? არაფერი მახსოვს...
- გთხოვ, დამეხმარე.
- კარგი. - ჩაიბუტბუტა ზეზვამ და ოთოს დამორჩილდა.
ისევ დაიწყო ტყვიების ცვენა. გაისმა გამაყრუებელი ხმა. მიწა შეზანზარდა. აფეთქების წნევამ ორივე ერთად მოისროლა საკმაოდ შორ მანძილზე.
ზეზვა თვალებს ვე ახელდა. ვერაფერს ხედავდა. ხელი მოისვა და ბლანტი წითელი სითხე თვალებს მოაცილა. მხედველობა აღუდგა. სიმძიმე იგრძნო სხეულზე. თითქოს ლოდი დასცემოდა. თვალახელილმა მხოლოდ ერთი რამ დაინახა: ოთარი იწვა მის სხეულზე.
- ოთო, ძამია! ცოცოხალი ხარ?
პასუხს არავინ სცემდა. მხოლოდ ოფიცრის შეძახილი ესმოდა: - იარაღი დაყარეთ, გაიქეცით, თავს უშველეთ!
ტყვიების ზუზუნი გრძელდებოდა. ხელი გაინთავისუფლა ზეზვამ და ოთოს ზურგზე შემოაჭდო.
იგრძნო წითელი სითბო.
- ბიჭო ოთო! რა დაგემართა ბიჭო! ღმერთო შენ მიშველე! გამეცი პასუხი ძამია, გთხოვ ჩუმად ნუ ხარ, გამეცი პასუხი. რა გემართება... ოთოოოო... ოთოოოო.... რას მიშვები ადამიანო! გაიღვიძეეე! ჩემო ძამია, ჩემო კარგო, ჩემო ძამია... ჩემო კარგო... ოთოოოოოო...
პასუხი ზეცამაც არ გასცა!
ღობეს ახტებოდნენ რიგითები, ოფიცრები, ლეინტენანტები...
დაცარიელდა ნაწილი.
გვამებით გაივსო ნაწილი.
ცარიელი ქალაქი...
განწირული ბიჭები.
უპასუხისმგებლობა ფარფაშობს...
შობს სისასტიკეს გამყიდველობა.
* * *
გადახსნილი თვალსაწიერი...
საუკუნო სამყოფელი...
ახალი ბილიკი, რომელსაც ვადგავარ.

- მამა ვარ მე. გული ფორიაქობს ჩემში ღმერთო. განმაძღე სულიერებით. გაათფე ფიქრები ჩემში, ნაღველი შემიჭამოს სიკეთემ, სისხლი გამიწყალდეს თუ უკუვიფიქრო, ღელვა დამიოკე უფალო, მშვიდობა მიეც სამშობლოს, შვილი დაიცავი გევედრები! ყველას დაუბრუნე ბედნიერება. აღირსე მათ დაბრუნება. შემინდე, მე, ნაწამებს ცოდვები. მოველ აღსარებისთვის შენთან... ტვინს ძალუძს გესაუბროს, სულს გასვლა სურს სხეულიდან, მაგრამ არ ვთმობ. იქნებ გაბრიელს არ ვახსოვარ?! - შესაძლებელია. იქნებ ჯერ აქ ვჭირდები შვილებს... - მართალი ხარ ვჭირდები! ვილოცებ სამშობლოსთვის. გამიჩნდა სურვილი ვებრძოლო უგუნურთ. გამიჩნდა სურვილი სიმართლე დავიცვა. მე მიყვარს სიმართლე. შენ? -რა თქმა უნდა გიყვარს! ჩემი შვილი ალალი კაცია. შეუნდე მას ცოდვები და დამიბრუნე საღ-სალამათი. გევედრები უფალო იხსენ სამშობლო! არ ვიცი ლოცვები, მაგრამ ვიცი კაცობა; არ ვიცი ფსალმუნები, მაგრამ ვიცი შენდობა; არ ვიცი წმინდანთა ცხოვრება, მაგრამ ვიცი სიყვარული! მე დავასრულე წამიერება... აწ ვიქნები წლებში გაშლილი მოძღვარი...
ორი ათას რვა წელი. რვა რიცხვი. მცხუნვარე მზე. ქალაქი სავსე. სავსე, მაგრამ დაჩაგრული და მშიერი. მომუშავენი ლუკმა პურისთვის. ქალაქი ვალებში ჩაძირული. ქალაქი დაიბომბა შრომით პროცესში. არც საგანგაშო სიგნალი. დაიღუპნენ ბიჭები, ვინც ღამის ცვლაში მუშაობდნენ.
დაბრუნდა ეკლესიიდან გურამი.
- აქ ხართ მეზობლებო?
- სად წავიდოდით, როგორ ფიქრობ?
- აბა რა გითხრათ?! ერთ ამბავში იყავით, დაპანიკდით, თავშესაფარს ეძებდით, სად შეიძლება იყოსო? გაიძახოდით. არც კი გაგხსენებიათ, რომ აქვე ახლოს გზის გადაღმა არის.
- გაგვახსენდა, მაგრამ გადავიფიქრეთ.
- რატომ?
- არ ვიცით.
- ბავშვი, როგორაა?
- ახლა უკეთ. მიწყნარდა სროლები, დაწყნარდა ბავშვიც.
- ქეთევან ჩვენი ბიჭები სად არიან?
- აგერ ვართ მამა.
- არსად წახვიდეთ, შვილებო. ხვალ გაგიყვანთ ქალაქიდან. მარიამი სად არის?
- აქ ვარ გურამ.
- მეუღლე მოვიდა?
- კი მოვიდა. მადლობა უფალს!
- თქვენც წამოხვალთ ჩვენთან ერთად ხვალ.
- კარგი გურამ.
- თქვენ რას აპირებთ მეზობლებო?
- ჩვენც გავალთ. დავტოვებთ ბავშვებს და დავბრუნდებით უკან.
- არ დაბრუნებით, ვიცი თქვენი ამბავი.
- რას გვიხურებ გურამ?
- არ ვახურებ, უბრალოდ ვხდები და ვიცი როგორც მოიქცევით.
არავის პასუხი არ გაუცია გურამისთვის.
- გახედეთ, ვაჟას ბიჭი მოდის. ეცოდინება მას ყველაფერი.
შემოეხვივნენ ახალგაზრდა ვაჟკაცს მეზობლები, მათ შორის გურამის ოჯახიც იყო. ყველას აინტერესებდა თუ რა ხდებოდა.
- ზღვიდან განახორციელეს შეტევა.
- ზღვიდან? აბა თვითმფრინავები, რომ შევნიშნეთ?
- მართალი ხართ, სენაკისკენ აიღეს გეზი. ალბათ იქაც დაბომბავენ.
- გურამ, მიშველე! ჩვენი შვილი..
- დაწყნარდი ადამიანო. დამირეკა უკვე ყველაფერი კარგადაა! - იცრუა.
- კი, მაგრამ ვერაფერი მოახერხეთ?
- შემოიპარნენ. ჩვენ კი ვერ დავაფიქსირეთ.
- რატომ? რადარები ხომ გაქვთ?
- კი გვაქვს, მაგრამ არ აჩვენა რადარმა.
- ეს როგორ? მაღლა მოფრინავდა ძალიან?
- ღმერთო შენ გვიშველე!
- მოკვდა ვინმე?
- კი, დაჭრილებიც გვყავს.
- პორტში მომუშავე, სმენის ბიჭებიც დაიღუპნენ.
- ჩვენ ორი აფეთქების ხმა გავიგეთ. კიდევ ჩამოყარეს?
- მათი აქტიურობიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ პორტის განადგურება იგეგმებოდა. მასიურად დაგვბობმბეს. საბედნიეროდ ორის გარდა სხვა არ აფეთქდა.
- მაინც ვერ მივხვდი, რატომ ვერ დააფიქსირა რადარმა?
- ანტისარადარო რაკეტებიც ჩამოყარეს.
- შეხედე შენა ამ ნაბიჭვრებს... მონღოლების სისხლი აქვთ ამ ნაგვებს!
- მოიცა, რა ყველაფერს მათ ნუ გადავაბრალებთ...
- აბა ვის?
- რატომ მუშაობს პორტი? ამ დროს საგანგებო მდგომარეობა გამცხადებულია. რატომ მუშაობს სხვა დაწესებულებები?
- მართალი ხარ! უნდა მომხდარიყო მოსახლეობის გაფრთხილება, მაგრამ...
- აბა ნახეთ თუ ჩააქრეს შუქები?
- რა საფრთხემ გადაიარა ვითომ?
- ნამდვილად არა. გარე-განათებები, მაინც ჩააქრონ ამ უღმერთოებმა.
- დარეკე ერთი „ ენერგოში“ გათიშონ უთახარი შუქები.
- ახლავე. - მობულური ტელეფონი ამოიღო მეზობლის ბიჭმა და დარეკა.
ხუთ წუთში გარე-განათებები გაითიშა. მოსახლეობამ კი ბინებსა და სახლებში დაიწყეს ნათურების ჩაქრობა.
- იკადრეს, ვაჟბატონებმა.
- გახედეთ, ეგ ვინაა, რომ მორბის?
- რა მოხდა შვილო?
- გაიქეცით, თავს უშველეეთ! - სახეს არ ანახებდა გარეთ გამოსულ მოსახლეობას. უმისამართოდ გარბოდა და მხოლოდ ამ სიტყვებს გაიძახოდა: - გაიქეცით, თავს უშველეეთ!
- რა ხდება ნეტავი?
- არაფერიც არ ხდება. მარადიორობის სურვილით შეპყრობილი იქნება ვიღაც.
- კარგი შვილო, შენ წადი. დედაშენს ანახე თავი. ალბათ საშინელ დღეშია.
- ბოდიშით, გმადლობთ. სხვებიც მოდიან.
- ჩემი შვილი, ხომ არ გინახავს?
- არა თქვენი, შვილი არ მინახავს.
- ჩემი?
- თქვენი ჩემს უკან მორბოდა სხვებთან ერთად. მალე მოვა.
- გაიხარე შვილო!
- ყველა გაგვიშვეს. არ ხართ საჭიროო, გვითხრეს. ჩვენი ზემდგომებიც გაიქცნენ. დაგვჭირდებით გამოგიძახებთო. ასე გვითხრეს. მე წავედი. აბა მშვიდობით!
- კარგად შვილო! - სიტყვა თბილად წარმოთქმული გააყოლეს სახლისკენ მიმავალს.
- ხედავ რა ხდება, გურამ?
- ვხედავ...
- ასე, როგორ შეიძლება?
- აბა, რა გითხრა ჩემო ნუგზარ. ყველაფერი ხდება. ეს საქართველოა. ციხე ყოველთვის შიგნიდან ტყდებოდა, ჩემო კარგო.
- აქ ჩვენშიც მოიძებნება, ვინმე გამყიდველი, რომელიც ჩვენს ყოველ გამოთქმულ აზრს მოახსენებს ადგილობრივ კგბ-ს თანამშრომლებს, ხო?
- კგბ ადრე იყო ნუგზარ.
- და დღეს რა განსხვავებაა ვითომ, მაგათ შორის? ერთი „ჩორტია“ ისინი.
- მართალი ხარ მაგაში.
კიდევ ერთი თავჩაღუნული ფორმიანი გამოჩნდა.
- გაიქეცით, თავს უშველეთ! - მას მეორე თავაუწეველი ფორმიანი მოსდევდა. ისიც იმავეს გაიძახოდა:
- გაიქეცით, თავს უშველეთ!
- ახლა მაინც სტყუიან?
- არ ვიცი და რა გითხრა?
განგაშის საყვირის ხმა გაისმა.
- არ სტყუოდნენ, როგორც ეტყობა. გესმით? თავს უშველეთ, დაიმალეთ, ნუ დგახართ გარეთ, შედით სადრბაზოებში, შედით!
ყველა გაიფანტა.
- არ გაიფანტოთ, ერთად ვიყოთ!
- აქეთ ხალხნო, აქეთ!
ყველამ ერთ სადარბაზოში მოიყარა თავი. უკვე ღამის წყვდიადში შეამჩნიეს კიდევ ერთი თვითმფრინავი. სროლა ატყდა, მაგრამ ვერაფერი უყვეს. გადაიფრინა ბინების თავზე. გეზი ისევ სენაკისკენ აიღო.
- გურამ ეგ სად წავიდა ნეტავი?
- არა ქეთევან, სენაკისკენ არ წასულა ნამდვილად. - იცრუა ისევ.
- შენ რა იცი?
- სენაკის სამხედრო ნაწილი უკვე დაბომბეს.
- იქნებ ისევ დაბომბონ?!
- არა ქეთევან, არ დაბომბავენ. დამიჯერე!
- ავიდეთ სახლში, მოუსმინოთ ინფორმაციას, კარგი?
- არაფერია, მოსასმენი, ნერვებს უფრო მოგიშლიან ერთი და იგივეს საუბრით.
ცეცხლის ღამემ გადაირა. თეთრად გაათენეს მეზობლებმა. იყო ანეგდოტების მოყოლა, ბევრი სიცილი, თავშესაფრის ძებნა, სამომავლო გეგმების დასახვა: ვინ ვის წაყვებოდა, ვის რამდენი ადგილი ჰქონდა მანქანაში, ვის სად ყავდა ნათესავები, ვის რა წაეღო სახლიდან. ზოგი წიგნებს ვერ ტოვებდა, ენანებოდა; ზოგიც ოქრო-ვერცხლეულობა ენანებოდა: - უნდა წავიღო, დაგვჭირდებაო; ზოგი ჭინჭეულობასა და ჭურჭლეულობაზე სწუხდა, მოკლედ დიდი სჯა-ბაასი გაემართათ.
მატერიალური სიცარიელე...
ქალაქი იცლება.
საზრუნავი გაუჩნდათ ადამიანებს.
ზრუნვის საგანი ფუფუნებაზე ზრუნვა...
მივიწყება იცის ზოგჯერ სიცოცხლემ.
მივიწყება იცის ზოგჯეს სიკვდილმაც.
სულები არავის გახსენებია...
* * *
შეიშრე ცრემლი!
და ნუ ტირი თუ მართლა გიყვარვარ!
ნეტარი ავგუსტინე
ცრემლი თვალებს სდის...
სისხლი სხეულს სდის...
იარა გულში რჩება.
ფიქრები გონებიდან გდის...
აზრები ჭკუიდან გდის...
სული კი სხეულიდან ქრება!
სხეული ცარიელდება. რა დარჩა წლებს? - მოსაგონარი და მატიანე!
ორი ათას რვა წელი. ცხრა რიცხვი. მცხუნვარე მზე. ქალაქი დასაცლელად გამზადებული.
- ყველაფერი საჭირო ნივთი, ხო მიგაქვთ ქეთევან?
- კი მაგვაქვს.
- ძალიან კარგი. ჩასხედით მანქანაში.
- საჭმელი წუხელ გავაკეთე. მზად არის. მაცივარშია.
- მადლობა სიხარულო.
გზად მიმავალნი, ქალაქიდან დაძრულ კოლონას შეუერთდნენ. ერთი კომპოზიტორი აკლდათ და შესაძლებელი იყო ახალი სიმფონიური ორკესტრისთვის ნაწარმოები დაეწერა. სადაც პირველი შემსვლელი ინსტრუმენტი ბარაბნები იქნებოდა, შემდეგ მას საყვირები შეურთდებოდნენ, ვაი-ვუი საოპერო ხმებში გაშლილი და აჰა... შენი ქალაქური ტრაგედიაც შექმნილია!
მეზობელი კორპუსისკენ გაუყვნენ გზას. იქვე კორპუსის ეზოში სკამზე დამსხდარან ტარიელი და ავთანდილი.
- ვაა გურამ ჩამოხვედი უკვე?
- კი ტარიელ ჩამოვედი.
- რა ხდება გზაზე?
- რა უნდა ხდებოდეს? მიდის ხალხი, ტოვებენ ქალაქს. შენ რატომ დარჩი?
- სახლს პატრონი არ სჭირდება?
- სჭირდება ტარიელ, ნამდვილად სჭირდება. - უღიმღამო იერმა გადაჰკრა სახეზე გურამს.
- შენ ამირან, შენების რა ისმის?
- არაფერი ვიცი ზეზვასი.
- შენები როგორ არიან სოფელში? რაო, ისმის იქით აფეთქებების ხმა?
- კი ისმისო.
- მაინც, როგორ გაიპარა ბიჭო ჰაა? რა გული ჰგქონია არა ავთანდილ, ზეზვას?
- მართალი ხარ. პატრიოტი და ვაჟკაცი ადამიანია!
- არ გამახსენოთ, გთხოვთ. ჩემი გაჭირვება მეყოფა. ეგ ნაბიჭვარი ბიჭი ვინც დაურეკა არხეინად ზის სახლში და ერთობა წამლით.
- მოიცა, ეგ როგორ?
- როგორ და ჩემმა გოგომ დაურეკა, სთხოვა აეხსნა თუ როგორ შეიძლებოდა ზეზვა წასულიყო, რადგან ბოლოს მას ესაუბრა. პასუხი ვერ მიიღო. შემდეგ სახლში მივიდა და მოთხოვა, რომ პასუხი ეთქვა. უპასუხა: - ჩემი ინიციატივით მოხდა ყველაფერიო. - თვითონ კი დარჩა.
- ეგ ნაბიჭვარი. არაფერი ეშველება ეგეთ ადამიანებს. ისინი საკუთარ ოჯახის წევრებსა გაჰყიდიან წამლის გამო.
- კარგი გვეყოს. მოვრჩეთ მასზე საუბარს.
- მართალი ხარ. ადამიანებზე ვისაუბროთ.
- საათის რომელია?
- უკვე ორია. - უპასუხა გურამმა.
ზარის ხმა გაისმა
- ვისია? არა ჩემი არ არის...
- ჩემია გურამ. - გასცა პასუხი ამირანმა.
- დიახ, გისმენთ!
- მამა, მე ვარ.
- შვილო შენ ხარ? როგორ ხარ ბიჭო? რატომ არ დარეკე ადრე?
- მამა საშინელი ღამე დაგვათენდა ბიჭებს!!! - ღრიალებდა ვაჟკაცი.
- შვილო დაწყნარდი, რატომ სტირი? რა ხდება ჩვენს თავს? დაჭრილი ხარ?
- არა მამა, მე არაფერი მიჭირს, გაკაწრული ვარ ოდნავ. საავდმყოფოში გადმოვყავართ უკვე. მამა რაღაც უნდა გითხრა. მარტო ხარ?
- არ შვილო. მარტო არ ვარ. გურამიც ჩემთანაა.
- გურამი, ოთოს მამა?
- ჰო...
- გვერდზე გადი მამა, გთხოვ!
- კარგი შვილო...
პაუზა ხმაში.
- შვილო აქ ხარ?
- კი მამა. ოთო დაიღუპა. - ეს სიტყვები გაფითრებულმა წარმოსთქვა.
მობილური გათიშა ზეზვამ.
ვეღარ შესძლო საუბრის გაგრძელება.
თავი მოთოკა ამირანმა. წელში გაიმართა და ბიჭებისაკენ გამოემართა.
- გურამ სანერვიულო არაფერია. ჩვენი ბიჭები დაჭრილები არიან. საავადმყოფოში უნდა წავიდეთ. ერთ საათში მოიყვანებენ!
გურამი ადგილზე გაქვავდა.
- გურამ ცუდათ, ხომ არ ხარ?
- არა, დედამისს როგორ ვუთხრა?
- გზაში მოვიფიქროთ, წავედით.
- ჩვენც მოვდივართ.
- ჩემი მანქანით წავიდეთ. - ძლივს მოახერხა სიტყვების თავმოყრა.
* * *
თეთრი კედლები.
ირგვლივ ნაძვები.
სიმშვიდე დაირღვა...
კარები მეორე მხარეს გამოჩნდა.
ურდული აღარ ადევს.
ქალაქის საავდმყოფო. საავადმყოფო ცარიელი... ოცდამეერთე საუკუნის სირცხვილი. ადგილი სადაც არ მოიძებნება ელემენტარული აპარატურა, ჩამოშლილი კედლები, სრული სიბინძურე, ანტისანიტარული მდგომარეობა. ვირთხების სავანე. ავადმყოფები სხვა ქალაქებში გარბოდნენ. ერთადერთი შემთხვევა, როცა დატვირთვით მუშაობს.
საავადმყოფოში მისულებს თვალწინ გოდების კედელი გადაეშალათ, მაგრამ აქ ცოდვებს არ მისტიროდნენ, აქ შვილებს დასტიროდნენ.
- აქ რა ხდება ბიჭებო? ეს რა საშინელება ტრიალებს...
- ღმერთო შენ გვიშველე! - წარმოსთქვა ავთანდილმა.
- ღმერთო შენ დაგვიფარე! - წარმოსთვა ტარიელმა.
- ღმერთო შენ გვიხსენ! - წარმოსთქვა ამირანმა.
- გურამი სადაა? - შენიშნა ავთანდიმა.
- არ ვიცი?! გურამ! - დაუძახა ამირანმა!
- აგერ მანქანაშია.
- გადმოდი გურამ.
გურამი მისშტერებოდა საავადმყოფოს კედლებს, ავტო-მანქანის წინა საქარე მინიდან. განუძრევლად იჯდა მანქანაში.
- გურამ, როგორ ხარ?
პასუხი არ გასცა გურამმა.
- გურამ, გურამ... - ხელის მხარზე შეხებით შეაქანა გურამი ტარიელმა.
- ჰო, მესმის...
- გადმოდი მანქანიდან.
- არ შემიძლია.
- კარგი მაშინ, ჩვენ გავიგებთ ამბავს და შეგატყობინებთ.
- წადი ამირან, შენი ვაჟკაცი ნახე, ჩემსას ნუ დაიძებ, ვგრძნობ, რაღაც ხდება ჩემს თავს. შენ კი არ მეუბნები.
- არაფერი ხდება, გურამ. დაჭრილია მხოლოდ. ყველაფერი კარგად იქნება. აი ექიმს ვნახავ და გავიგებთ ყველაფერს.
- წადი ამირან. ბიჭებო, დამტოვეთ მარტო.
- ერთი ათი წუთით გავალთ მაშინ, ჰო?
- კარგი.
- შენ არსად წახვიდე.
- არსად წავალ. - თავი გვერდზე მიაგდო და თვალები დახუჭა.
- კარგი შევეშვათ ბიჭებო. მე გავიგებ რა ხდება. ჩემს ბიჭსაც ვნახავ. თქვენ აქ იყავით მარტო არ დატოვოთ.
- კარგი. მიხედე საქმეს.
მედიკოსებმა დასახელებულ სახელსა და გვარზე უპასუხეს, რომ: ჯერ ასეთი გვარების ჯარისკაცები არ გვყავსო. გაახსენდა ამირანს: დარეკვიდან მხოლოდ თხუთმეთი წუთი გავიდა.
დაბრუნდა მანქანასთან და გურამიც ანუგეშა. - ჯერ არ მოუყვანიათ და ვიცით, რომ ცოცხლები არიანო. - ახლა მეორემხარეს მიაგდო თავი გურამმა და ისევ დახუჭა თვალები. თუმცა ფერი სახეზე უკვე დაბრუნებოდა.
სამი საათის შემდეგ.
სიუჟეტები საავადმყოფოს ეზოში ელვის სისწრაფით ვითარდებოდა.
დაჭრილი დაჭრილზე მოჰყავდათ.
მცვალებული მიცვალებულზე.
ცრემლებისაგან დაიტბორა ეზო...
ცაც მოქუფრულიყო.
- მამა, აქ ხარ!
- შვილო, ზეზვააა!!! - თვალცრემლიანმა ჩაიხუტა შვილი ამირანმა! ცოცხლი ხარ შვილო! ჩემი ნუგეში, ჩემი მშველელი, ჩემი გმირი ბიჭი!
- მამა, არაფერი მიჭირს. კარგად ვარ! შენ როგორ ხარ? ჩვენები სად არაინ?
- სოფელში. არც არაფერი მითქვამს. მე ვფიქრობდი, მძიმედ ხომ არ არის დაჭრილი-თქო...
- არა მამა. ჩემი საღ-სალამათი ყოფნა ოთოს დამსახურებაა. მან გადამარჩინა. ზედ გადამეფარა. კიდევ, ცხვირსახოცის დამსახურებაა.
- რა ცხვირსახოცის?
- ნათიამ მომცა წასვლისას. აი ნახე! - ამოიღო გულიდან სისიხლიანი ლოცვაამოქარგული ცხვირსახოცი და მამას გაუწოდა. ტყვიმ მხოლოდ გამკაწრა.
- სად გაქვს ჭრილობა?
- ფეხზე.
- ოთო მოასვენეს?
- კი. მიცვალებულები უკანა მხრიდან შეაქვთ. მალე მიცვალებულების სიას გამოაკრავენ.
* * *
დამთავრდა...
დაგვაკლდა ბიჭები...
დაცარიელდა ქალაქი...
ყველამ ყველაფერი გაიგო.
- შვილოოოო! დავაშავე... რად გაგიშვი უთანასწორო ბრძოლაში. შვილოოო! გამჩენს ჩემთვის არ გაუჩენიხარ. შვილო! მენატრები ბედკრულს. მიმძიმს ტარება გულით შენი... რა სიმძიმე ჭრილობა დამიტოვე შენ ბრძოლაში დაღლილო... მითხარი: მოკალი ვინმე? გულს შემივსებდა. შენ გმირი ხარ ბიჭო, შენ გადამირჩინე ზეზვა, ვაჟკაცო! შენ აჩუქე მამამისს მისი თავი, შენ გაუგრძელე შვილო მას ცხოვრება, მდალობა შენ ამისთვის ბიჭოოო... დამჭერი და გამათავე ღმერთო, რატომ არის წუთისუფელი წუთიერი? რატომ არის სოფელში წუთები? რატომ მიყავს განგებას ადრე შვილები? რატომ გაქვს ბიჭო გახვრეტილი გული? რისთვი მამა, რისთვის? ნაბიჭვრებისთვის თუ სამშობლოსთვის? მათ რა იციან სამშობლო რა არის? მათ რა იციან სიყვარული რა არის მიწის... შვილი გამიყიდეეეს ხალხნოოო! შვილი გამიყიდეეეეს! ეს რა მჭირს შვილოოოო... გული გამიპეს, სული წამართვეს, ცხოვრება ამახიეს... ღვარძლით შემივსეს გონება. არ გაიხაროს თქვენმა სულებმა! დაწყევლილ იყავით ყველა მამაკაცისაგან და ნაგინები ყველა ქალისაგან... ეგ ფართო თვალები ყორნების საჯიჯგნად გცეოდეთ... სისხლით ნაშოვნ ფულში ჩამარხულხართ სათითაოდ... მიწის სიცივე არ გღირსებოდეთ!!! აყროლდით ისე როგორც ლენინი ყროლდება... გამყიდველებო... საბოზეთად აქციეთ ქვეყანა.
მე ვტირი დღეს, მაგრამ თქვენთვის შევიმშრალებ მათ!
მე ვტირი დღეს, მაგრამ თქვენთვის გავახელ თვალებს!
მე მტკივა დღეს, მაგრამ იარებს მოუშუშებელს არ დავტოვებ თქვენს ხარჯზე!
მე ვგლოვობ დღეს, მაგრამ მალე თქვენ გიგლოვებთ!
საქართველოს კი ვაკოცებ!
ქალაქი ცარიელია დღეს...
მას სუდარა გადაფარვია.
დაგვაკლდა ბიჭები...
დასველდა ქალაქი...
* * *
წარწერა საფლავის ქვაზე.

ნუ დამელაპარაკები სხვა კილოთი. ნუ მიიღებ სამგლოვიარო, მწუხარე იერს.
გაიცინე, რაზეც გვეცინებოდა.
ილოცე!
გაიღიმე!
იფიქრე ჩემზე!
ჩემთან ერთად ილოცე.
ჩემი სახელი ისევ ისე წარმოითქვას, როგორც ყოველთვის წარმოითქმებოდა.
ყოველგვარი ზეაწეულობის, ყოველგვარი ნაღველის გარეშე.
სიცოცხლე იმასვე ნიშნავს, რასაც მუდამ ნიშნავდა.
იგი ისევ ის არის, რაც იყო.
ძაფი არ გამწყდარა.
რატომ ჰგონივარ შენს ფიქრებს გარეთ? იმიტომ რომ შენს თვალსაწიერს გარეთა ვარ?
მე შორს არა ვარ.
ზუსტად გზის გადაღმა ვარ.
ხომ ხედავ ყველაფერი კარგად არის.
ნუ ტირი!
თუ მართლა გიყვარვარ, თუ მართლა იცი, რა არის ღვთის მადლი და სასუფეველი;
თუ ძალგიწს გაიგონო ანგელოზთა გალობა და ანგელოზებს შორის დამინახო;
თუ ძალგიწს დაინახო, გადახსნილი თვალსაწიერი...საუკუნო სამყოფელი... ახალი ბილიკი, რომელსაც ვადგავარ;
თუ წამით ძალგიწს ჩემსავით უჭვრიტო მშვენიერებას., რომლის წინაშე ყველა სილამაზე ფერკმთალდება;
როგორ? - თუ კი საწურთოში, აღრდილთა საუფლოში მხედავდი და გიყვარდი; წარუვალ სიცხადეთა საუფლოში, ვეღარ უნდა მხედავდე და გიყვარდე?
გწამდეს!
როცა სიკვდილი შენც აგყრის ბორკილებს, როგორც მე ამყარა,
როცა ერთ დღეს მხოლოდ ღვთისთვის ცნობილ და ღვთისაგან დადგენილ დღეს, შენი სულიც სასუფეველში შევა სადაც ჩემმა სულმა შეგასწრო;
იმ დღეს შენ კვლავ შეხვდები მას, ვისაც უყვარდი და ისევ ისე უყვარხარ.
კვლავ ჰპოვებ მის გულს და იმ გულში კვლავ იმავე გრძნობას იპოვი, ოღონდ უფრო განწმენდილს.
შეიშრე ცრემლი!
და ნუ ტირი თუ მართლა გიყვარვარ!
ნეტარი ავგუსტინე.
თქვენ გმირები ხართ ბიჭებო!!!
ქალაქი იყო მთლად ცარიელი,
მაგრამ უკაცურ ქუჩაში მაინც
გამოჩნდა ერთი სულდგმულთაგანი,
ადამიანს ჰგავს, მაგრამ ვინ იცის,
იქნებ, მარტოდენ მოჩვენებაა.
შანდორ პეტეფი
დედებმა შვილები სამშობლოს დაუთმეს!!!
ცარიელი სივრცე...
სივრცეში ყუთი.
ყუთში ფიქრები.
ქალაქი ცარიელი.
4 ივნისი 2009 წელი