გიგო რიონელი (გიორგი გახოკიძე)
გაზიარება

ქაღალდის გმირი ექსკლიუზივი

 - მომხსენი ეს ბრჭყალები! ქვედა ბრჭყალმა „ანი“ დამიჩაგრა, ზედამ კი „ჰაე“ ჰაერს გაატანა. გთხოვ მომაშორე. მე ხომ ჩვეულებრივი გმირი ვარ თეთრი ფურცლის.

  მწერალმა ისევ მორიგი ფურცელი დაკუჭა და მოისროლა სანაგვეში.
  - ფრთხილად, რაა! ჩამელეწა გვერდები. შენ მწერ, მაგრამ რა უფლება გაქვს გამანადგურო.

  მწერალმა ისევ დაკუჭა ფურცელი და ამჯერად სანაგვეს ააცილა.
- ფრთხილად-მეთქი გითხარი, არ მისმენ?

  მწერალმა ისევ დაკუჭა ფურცელი, რომელმაც, ამჯერად, სამზარეულოს გასარეცხ ჭურჭლეულობაში ამოყო თავი.
  - კი, მაგრამ, ცოლი არ მოგყავს? ცოტა ნაზად მომექეცი, ადამიანო. ქალი ვარ, შეგახსენებ.

  ამჯერად მწერალი წამოდგა, სამზარეულოში შევიდა და დაკუჭული ფურცელი მონახა. სანამ მაგიდამდე მივიდოდა, გზაში  თითებით გაასწორა. დაჯდა. წინ დაიდო ფურცელი და ახლა ხელისგულით დაუწყო გასწორება.
  - ჰოიი...ჰოიიი... ხი-ხი-ხი... მეღიტინებაა... კარგი რა გეყოფა! ეეეე... რას მიშვები? გეყოს! გეყოს-მეთქი! ასე ჰო. უყურე ერთი ამას. სულ დაკარგა ნამუსი. რაც სმა დაიწყე ვერც კი ზომავ და აკვირდები, თუ რას სჩადიხარ. აიღე ხელი, უკვე მძიმე ხარ! გაგახსენდეს, სუსტი არსება ვარ!

  მწერალი, ამჯერად, ფურცლის გასწორებას შეეშვა და ნაიარევ სახეს დაეყრდნო ხელისგულებით.
  - კარგი, რა, ისევ იწყებ?!  ნუთუ აღარ მოგბეზრდა ტირილი? ამჯერად რა ჩაიფიქრე? ვინ ვარ მე? ისევ ქალი, რომელმაც კაცი გააბრიყვა, თუ რაღაც ახალი მოიგონე? მოიცა... დღეს შენ, რაღაც, განსხვავებული გამომეტყველებით სტირი.

  გასაიდუმლოებული ნაიარევი წარსულიდან თანმდევია მწერლის.
  რას აგონებს?
  ვის აგონებს?
  გაფითრებული უცქერს ფურცელს. იფურცლებოდა თვალებში გვერდები, გონებაში კი ფიქრები. ასოები... თითქოს რეტი ესხმოდა მწერალს, ისე მოგზაურობდნენ თავს ზემოთ. ა და ი დაიღალნენ. ჩამოცვენილებს, გზად, მწერლის წამწამები შემოხვდათ და ისევ ზემოთ აისროლა ცივმა ნიავმა. დაბრუნებულებს კი ადგილები აერიათ ი თავში მოექცა, ა კიდევ -  ბოლოში.
  - ეგაა ჩემი სახელი? ყოჩაღ! კარგი სახელია.

  მწერალმა მომდევნო ცარიელი ფურცელი მოიშველია. კალამს კისერში მოსდო და მძიმე ოხვრით განაგრძო.
  - ცოტა ნელა ირბინე, ვერ გეწევი!

  მწერალმა აზრებს თავი მოუყარა ახალ გვერდზე და გაჩერდა.
  - უუფ! ძლივს არ დაგეწიე. იფიქრე, ჩამომრჩებაო, არა? ვერ მოგართვი. ეს რა გიქნია? რა ლურჯი და წითელი ფერის ნათებაა უკან? - პატრული? ამათ აქ რა უნდათ?


* * *
  კარზე კაკუნის ხმა გაისმა.
ზანტად წამოიწია მწერალი, ფურცელი დაკუჭა და ჯიბეში ჩაიდო. კარებთან მისვლამდე სამჯერ გაისმა ისევ კაკუნის ხმა.
  - თქვენ დაპატიმრებული ხართ! შეგიძლიათ გამოიყენოთ დუმილის უფლება და არაფერი თქვათ. ასევე შეგიძლიათ აიყვნოთ ადვოკატი.
  - მე არავინ მყავს და არც ფული მაქვს, - თქვა მწერალმა.
  - ინკვიზიციააა!!! - იღრიალა მთელი ხმით, სანამ მანქანაში ჩასვეს.
  - გვაპატიეთ მწერალო! ჩვენ ეს არ გვინდა. თავად იცით ყველაფერი. - დამწუხრებული ხმით მიუგო ერთ-ერთმა პოლიციელმა და ჩაჯდომაში დაეხმარა.

  გარინდული, თავჩაქინდრული იჯდა მანქანაში მწერალი. სულის კვნესა ესმოდა ყურებში და არ იჯერებდა მომხდარს.
  - თქვენ ბრიყვები ხარ! თქვენ ლაქიები ხართ! თავისფულებას თვითონვე სპობთ! ბორკილებს მე ვერ დამადებთ. ეს ხელბორკილები თავისუფლების წყურვილით მაცოცხლებს საკანში. მე გავიქცევი! აი თქვენ კი - ვერ გაიქცევით. თუ იცით, რატომ? იმიტომ, რომ ფულს გიხდიან. მე კი არავინ მიხდის. ჩემით ვწერ, ჩემით!

  ფიქრებში გართულს დაკუჭული ქაღალდი გაახსენდა, როცა უკვე უფროსის კაბინეტის კარებთან იდგა.


* * *
  - დამნაშავეა! სასამართლო არ შედგება ან როგორმე გავაკეთებთ ისე, რომ ჩატარდა.
  - საკანში! განასაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენ პატიმართა გვერდით. ასეთია ბრძანება.

* * *

  საკანში მწერლის შესვლისთანავე, პატიმრებს გაოცება დაეტყოთ სახეზე. - ეს პატიოსანი კაცი აქ ვინ გადმოამისამართაო? - მობრძანდით ძმობილო, რა გქვიათ?
  - მწერალი. - იყო პასუხი.
  - მართლა მწერალი ხარ?
  - დიახ!
  - და აქ რა გინდა, რო? ჩემიიი...  ეს ხალხი შეირყააა! და რატომ დაგიჭირეს?
  - ვიცი... და ეს თქვენც იცით!



* * *

  - ჯიბეში ფურცელი ვუპოვეთ, უფროსო.
  - მაჩვენეთ.
  - ღმერთო, თავისუფლებააა!!! რა გამომაწყვდია ჯებეში?! დაგიშავე რამე, მწერალო? სად ხარ, მწერალო? თქვენ ვინ ხართ? ან სად ვარ?! გაწიე შენი ბინძური თითები! რას გავხარ? მივხვდი! თხუნელა ხარ, დიდი სოროს ბინადარი. შენს მბრძანებელს ვიცნობ. რა დაგავალეს? გამეცი პასუხი! გამეცი პასუხი!! გამეცი პასუხიიიი!!! სად წაიყვანეთ მწერალი?  - ცრემლები წასკდა ქაღალდის გმირს.
  - გადააგდე ეს ფურცელი, არაფერში არ გამოგვადგება. აქ სიყვარულზე წერს. ამათაც აქვთ, რა, ცხოვრება?!



* * *

  - დაწყნარდით ქალბატონო! ნუ სტირით, გთხოვთ!
პოლიციის შენობის დერეფანში ქვითინებდა ულამაზესი შავდალალებდაწნილი, ფართოთვალება ქალბატონი. სტკიოდა გული, სულს კი შიოდა მწერალი.
  - რა გქვიათ, ქალბატონო?
  - ია.
  - წამობრძანდით უფროსთან.

* * *

  იას, კაბინეტში შესვლისას, ფურცელი დახვდა მაგიდაზე. სარკმელიც ოდნავ შეღებული ჰქონდა უფროსს. კარის დახურვისას ფურცელი შეირხა, ორპირ ნიავს აჰყვა  და შეღებული სარკმლიდან გაიქცა.

  - თავისუფალი ვააააარ! - შეჰკივლა ქაღალდის გმირმა!!!


* * *

  ჩვენი ნაცნობი სერჟანტი უფროსის კაბინეტში:
  - საკუთარი სიცოცხლით აგებთ პასუხს, თუ მწერალი ოცდაოთხ საათში ვერ იპოვეთ. გაეთრიეეეთ!


4/02/2009 წელი.

??????