ბებია
თავს იკოხტავებს ბებია:
ხვალ თუ ზეგ მიდის სადღაც, –
იქ რომ მაღალი მთებია,
მიდის იმ მთების გაღმა.
იმ გაღმის გაღმაც მთებია,
იმ მთების გაღმაც მთები,
თავს იკოხტავებს ბებია,
ხვალ თუ ზეგ მიდის ბები.
თმა დაივარცხნა სარკესთან,
ჩამოიფერთხა კალთა,
ჩუმად ჩამოჯდა სანთელთან,
წმინდა გიორგის ხატთან.
თავს იკოხტავებს ბებია:
ხვალ თუ ზეგ მიდის სადღაც, –
იქ რომ მაღალი მთებია,
მიდის იმ მთების გაღმა!