დაბრუნება საკუთარ თავთან
ნუ მოუნაცვლებ პირვანდელ ადგილს ნივთებს,
რომლებმაც დიდი ხანია მყუდროობაში დაისადგურეს.
დრო სინქრონული სიზუსტით ადგენს
სად, რას და როდის გამინადგურებს...
ჩარჩო სურათით, ვერცხლის შანდალი და ფაიფურის ძველი თოჯინა...
ვით ბარიერი ჩემი შენდამი,
ისევ მყარად დგას,
მაგრამ... მორჩილად.
ლარნაკი გატყდა, სარდაფის სარკეს სალტე
მთლიანად შემოეცალა,
ჩემი ბრალია, აქამდე უნდა მიმეხედა
და გამომეცვალა...
მაღალი სკივრი უამრავ წვრილმანს
ძველი ჭორივით გადაუვსია,
მონატრებული მზესა და წვიმას
ქოთნის ყვავილი უბრად ყუნცია.
სხვადასხვა ზომის ფერად ნიჟარებს ზედ შეხმობიათ ზღვათა სიმლაშე.
ტალღებმა ხილვა ვერ წამიშალეს...
ძველი დარდივით მოდის სიზმარში
პატარა გოგო...
სანაპიროსთან, ქვიშაზე მზეს რომ ჯიუტად ხატავს,
მერე ძალუმად მოვარდნილ ტალღას ზღვასთან მზესა და
სინათლეს ატანს!..
ხატავს და ხატავს,
ატანს და ატანს...
ვერ გაუთავდა, არ დაიღალა,
უკიდეგანო ტალღების მიღმა
ვიდრე მზესავით არ დაიღვარა!...