მასტერსი ედგარ ლი
გაზიარება

აღსარებები საიქიოდან (მთარგმნელი: ქარდა ქარდუხი (ფრიდონ ქარდავა)) 

“ღმერთმა გიშველოს სიკვდილო, სიცოცხლე შვენობს შენითა” თქვა ქართველმა კაცმა, თქვა, რადგან მიხვდა თუ იგრძნო, მხოლოდ სიკვდილი რომ მიაახლებდა იმ მარადიულ, გამოუცნობ და იდუმალ ნეტარებას, რომელთანაც მიახლება სიცოცხლეში არავის ძალუძს.

 

ათასწლეულების მტვრისა და ჭუჭყიდან კი სულში ჩამწვდომად ჩაგვესმა მარადქალურობის უკვდავი ხმა: _” მე ვარ სერაფიტა, ძევახის ასული, მეუღლე… იოდმანგანისა… ვაება ვაებისა! ის, ვინაც იყო ახალგაზრდა და იმდენად კარგი და მშვენიერი, რომ არავინ იყო მისი მსგავსი სილამაზისა, გარდაიცვალა 21 წლისა”. _ მოგვესმა საუკუნეებიდან და უკვე აგარ გვიკვირს ედგარ ლი მასტერსის გმირების აღსარებები, უკვე აღარ გვიკვირს, მაგრამ საოცრად გვაღელვებს, რადგანაც გასაგებია, ახლობელი, ჩვენებური… ან იქნებ სულაც ჩვენზე წერს?

 

დააბიჯებს კაცი, შეძრული სამყაროს მისტიკური სიდიადით, სამაროვნებაში, საფლავის ლოდებს შორის და აწ უკვე გარდასულთ ებაასება, უფრო სწორედ გარდასულთა სულნი თვითონვე ესაუბრებიან გულწრფელად, შემზარავად, შიშვლად.

 

არაფერი არს დაფარული…

 

დააბიჯებს ამ მეტყველ ლოდებს შორის და პრეისტორიული მოგვივით, გრძნეულივით გადავყავართ მზეგარდასულთა საუფლოში და ცოცხალ მოწმეებს გვხვდის ადამიანთა სიყვარულისაA და სიძულვილისა, ცოდვისა და მადლისა, გაუტანლობისა და გაიძვერობისა, დაუნდობლობისა, გაუფასურებისა, ზნედაცემულობისა, საკუთარი თვალით გვამზერინებს ოდესღაც, სადღაც ამერიკის შუადასავლეთის პროვინციული დაბის მცხოვრებთა სულისკნელში აღძრულ ქცევებს, ფიქრებს, სულისკნელში თუ გონებაში? მაინც სულისკნელში, ყველასგან დაფარულ ღრანტებში, უშორეს ქვეცნობიერში…

 

აკი თქვა კიდეც: “მე მინდოდა შემექმნა ცოცხალი სახე სამყაროსი და გამომეფინა ვიტრინაში, სადაც მის დათვალიერებას შესძლებდნენ შეყოვნებული გამვლელები”.

 

და შეძლო, რადგან მთელი ამერიკა, ედგარ პოს, ემილი დიკინსონის, რალფ ემერსონის და უოლტ უიტმენის პატრონი ამერიკა, ლექსებს დახარბებულივით მიაწყდა წიგნს, პოემას, რომელსაც ერქვა “სფუნ რივერის ანთოლოგია”.

 

ალბათ უპრიანია სწორედ ძველი ბერძენი ბრძენის, პლატონის, სიტყვები გავიხსენოთ, რადგან სწორედ ბერძნული პოეზიის ანთოლოგიამ შთააგონა მასტერსს ამ წიგნის შექმნა: “სხვა რაღაა პოეზია თუ არა თარგმანებაი ღმერთისა?”

 

მაშ ვინ იყო ეს ადამიანი, რომელმაც პირველყოვლისა ამერიკელებისათვის და შემდეგ მთელი მსოფლიოსათვის შეძლო ეთარგმნა ღმერთი? ვინ იყო ედგარ ლი მასტერსი?

 

დაიბადა კანზასში, ქალაქ გარნეტში 1868 წელს. გაიზარდა პიტსბურგსა და ლუისტონში, ქალაქებში, რომელნიც აქცია პროტოტიპად სფუნ რივერისა. აკი თავის ავტობიოგრაფიასაც ასე დაარქვა `სფუნ რივერის ქუჩებში~. დაამთავრა კოლეჯი, უყვარდა ლიტერატურა და უცხო ენები, შემდეგ მიიღო იურიდიული განათლება მამის კანტორაში და 1891 წელს მიეცა უფლება ემუშავა ვექილად. 1898 წელს გადავიდა ჩიკაგოში, როგორც უკვე ცნობილი ვექილი. 1989 წელს იწყებს ბეჭდვას. წერს ლექსებს და პიესებს, რომელნიც არც მკითხველს და არც კრიტიკოსებს არ მოსწონთ.

 

მიუხედავად იმისა, რომ მეგობრობდა ამერიკული მწერლობის ისეთ ცნობილ და სიახლის მაძიებელ მწერლებთან, როგორებიც იყვნენ კარლ სენდბერგი, დრაიზერი, ლინდზი, მაინც ჯიუტად აგრძელებდა გაცვეთილი და უკვე ყველასათვის მოყირჭებული კლასიკური სტილით წერას. როგორც ემი ლოუელი წერდა “ისე ჩანდა, თითქოს მისი ცნობიერება მუდამ ბნელი ინსტიქტით გამოსცემდა ექოს ძველი დროისა, ძველი სიტყვისა და ძველი სურათებისა”.

 

ეს იყო ამერიკული მწერლობის გამორჩეული პერიოდი. იმ დროს მოღვაწეობდნენ, და თითქმის მასტერსის თანადროულად იბეჭდებოდნენ: ედვინ არლინგტონ რობინსონი, რობერტ ფროსტი, რობინსონ ჯეფერსი, უოლეს სტივენსი, უილიამს კარლოს უილიამსი, ედნა სენტ-ვინსენტ მილეი, ეზრა პაუნდი, ტომას სტერნზ ელიოტი და სხვები, ერთი სიტყვით, ნიადაგი მზად იყო თესლის მისაღებად და თუ კი არსებობდა ნიჭი, შეუძლებელია არ გაღვივებულიყო და არ ამოეფეთქა…

 იყო ასეთი პიროვნება, გაზეთ “რიდის მირორის” გამომცემელი, უილიამ მარიონ რიდი, პოეტის ახლობელი, რომელმაც უთხრა ერთხელ: “ღვთის გულისთვის, დაანებე თავი ამ გაყინულ კლასიკურ ფორმას” – და აჩუქა წიგნი _ ბერძნული პოეტური ანთოლოგია, სადაც ჩვეულებრივი ლექსების გარდა იყო ეპიტაფიებიც, სადაც ადამიანთა ცხოვრება არ იყო თანამედროვე ეპიტაფიებივით შელამაზებული, სადღეგრძელოების მსგავსი, არამედ _ ლაკონური, მართალი, მაგრამ ყოვლისმომცველი, წაიკითხა მასტერსმა და… იდეაც დაიბადა, გაახსენდა ბავშვობა, უფრო სწორედ პიტსბურგი და ლუისტონი. დაწერა კიდეც რამდენიმე… არა, ეპიტაფია, კი არა,- მას ხომ უფრო მეტი სიმძაფრე სჭირდებოდა, უფრო მეტი სიმართლე, შიშველი სიმართლე, სადაც იქნებოდა აღსარება, მონოლოგი, მხოლოდ არა ცოცხალის (ცოცხალი ხომ მაინც ვერ უძლებს ცდუნებას საკუთარი ცხოვრების შელამაზებისა), არამედ გარდაცვლილის, ამიტომაც მიაგნო ფორმას _ ავტოეპიტაფია.

 

მკვდარს არაფერი აქვს დასაკარგი, არაფრისაც არ რცხვენია, მხოლოდ ისაა, მკვდარსაც აქვს ალბათ თანგაყოლილი ერთი გრძნობა, გრძნობა სინანულისა, დანანება განვლილი ცხოვრებისა.

 

იდეა იპოვა, მაგრამ ფორმაც ხომ სჭირდებოდა, წარმოსახვები ხორცითაც ხომ უნდა შეემოსა? უიტმენისებური თავისუფალი ლექსი, მაგრამ კიდევ უფრო გავერლიბრებული, თანაც უიტმენს თუ ახასიათებს მონაცვლეობა ძალიან გრძელი ფრაზებისა ძალიან მოკლესთან, მასტერსთან ეს უფრო დახვეწილია, რადგან ეპიტაფიებისათვის ასეთი სტილი არ გამოდგებოდა; ამის გარდა, გამოიყენა ბერძნული ეპიტაფიებისათვის ნიშანდობლივი ჰეკზამეტრი, ასევე კლასიკური იამბი და ქორე, რამაც შექმნა მასტერსიის სტილი, თუმცა საინტერესოა, რომ ეს სტილი მან მხოლოდ ამ პოემისათვის შექმნა და სხვაგან თითქმის არ გამოუყენებია, ეს არის სტილი, რომელშიც იპოვა საკუთარი თავი, და რომლითაც თქვა საკუთარი სიტყვა. ეტყობა ასეთ დროს ამბობენ, სათქმელს მოაქვს ფორმაო.

 დაახლოებით ათ თვეში თითქმის დაამთავრა პოემის შექმნა, წარმოვიდგინოთ რა ტიტანური შრომით. კარლ სენდბერგი იხსენებს: “ვხედავდი, როგორ წერდა ამ წიგნს მასტერსი, წერდა ნაწყვეტ-ნაწყვეტ: ხან პროპკავშირებში დარბოდა, რათა დაეცვა მიმტანთა უფლებები, რათა მოეწყოთ გაფიცვა და მოეპოვებინათ დასვენების დღე, ხან სასამართლოდან სასამართლოში, რათა მიეცათ კონპენსაცია მბეჭდავისთვის, რომელიც გაუმართავმა მანქანამ დააკოჭლა, ერთი სიტყვით, მისი ცხოვრება ისევე დაძაბული იყო, როგორც იმათი, ვისზედაც წერდა”.

 

მაშ ასე, პოემა დაიწერა და გამოიცა წიგნად 1915 წელს. მასტერსმა ჩაიფიქრა წიგნი სასაფლაოების მკვიდრთა მონოლოგების სახით. დაე მიცვალებულებს თვითონვე ესაუბრათ საკუთარ თავზე. ასე საიქიოდან გახდებოდა შესაძლებელი, გადმოცემულიყო ამერიკის ერთ-ერთი პროვინციული დაბის მთელი ცხოვრება. როგორც თვითონ წერდა: “დაპირისპირება კეთილსა და ბოროტს შორის თანაბარია როგორც დიდ, ასევე პატარა. ქალაქში. ქალაქმა ლუისტონმა მომცა გასაღები, რომლითაც გამახსნევინა დიდი სამყაროს საიდუმლოებანი”.

 

არადა, თურმე მასტერსი ამ თემაზე თავიდან რომანის დაწერას ფიქრობდა მაგრამ “… პროფესიული სამსახურის გავლენით არ გამაჩნდა დრო რომანისათვის და ამიტომაც შევაკოწიწე ჩემი ნაწარმოები ამ ფრაგმენტებისგან”

 

რაოდენ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ ჩემი სიტყვები, ალბათ გაგვიმართლა რომ არ დარჩა დრო რომანისათვის, რატომღაც მაინც მგონია, რაც უნდა კარგი რომანი გამოსულიყო, მაინც ვერ იქნებოდა ასეთი ორიგინალური, და ბოლოსდაბოლოს ასეთი გამორჩეული შემოქმედებითი ნაწარმოები, როგორიცაა პოემა “სფუნ რივერის ანთოლოგია”.

 

მასტერსს, სანამ ამ წიგნს გამოსცემდა, უკვე ჰქონდა გამოქვეყნებული ათამდე კრებული, ამ წიგნის შემდეგ კიდევ ორმოცამდე თხზულება შექმნა, მაგრამ არც ერთს არ ღირსებია ისეთი აღიარება, როგორიც ამ ერთს.

 

მას დღესაც მხოლოდ “სფუნ რივერის” ავტორად იცნობენ.

 

აქვე ვიტყვით, რომ მან შემდეგში გააგრძელა ეს წიგნი, ან, უფრო სწორედ, დაუბრუნდა ამავე თემას და გამოსცა წიგნი “ახალი სფუნ რივერი”, რომელიც ასევე აიტაცეს, თუმცა არა პირველივით, ის მაინც `სფუნ რივერის ანტოლოგიის~მეორე ტომად ითვლება.

 

ეს წიგნი მხოლოდ ამერიკაში მრავალჯერ გამოიცა, დაჯილდოვებულია ამერიკის აკადემიის მიერ, თარგმნილია უამრავ ენაზე. “სფუნ რივერის ანთოლოგიის” რამდენიმე ნიმუში (გორაკი, ენი რატლეჯი…) პირველად ქართულ ენაზე შესანიშნავად თარგმნა ზვიად გამსახურდიამ, ზვიად გამსახურდიამვე მიუძღვნა ბრწყინვალე ესე ედგარ ლი მასტერსის პოეზიას.

 

რამდენიმე ეპიტაფია (რედაქტორი უედონი…) და ლექსი “დუმილი” ასევე მშვენიურად თარგმნა ქართულად თამაზ ჩხენკელმა. არსებობს `დუმილის~ მეორე თარგმანიც გიორგი ნიშნიანიძის მიერ შესრულებული.

 

ედგარ ლი მასტერსი გარდაიცვალა 1950 წელს. განისვენებს გორაკზე (სამაროვნებში) პიტსბურგში ბაბუა დევის მასტერსთან და ბებია ლუსინდა მასტერსთან (პროტოტიპი ლუსინდა მეთლოქისა) ახლოს. ხუთიოდე სამარის მოშორებით განისვენებს ენი რატლეჯი… მასტერის ანთოლოგიის ერთ-ერთი გმირი, აბრაამ ლინკოლნის მეტრფე.

 

ედგარ ლი მასტერსის სამარის ლოდზე ეპიტაფიად ამოკვეთილია მისი საყვარელი სიტყვები ლექსიდან _” ხვალ ჩემი დაბადების დღეა”.

 

ჩემო კარგო, ნება მომეცით წავიდე მინდვრად, მე – ავადმყოფი.

 გავივლი მცირეს, მოგიხდით ბოდიშს და მივიძინებ,

 რა არის ძალზე ტკბილი, ნეტარი?

 აქ ჩაგბარდები სამყაროვ, როგორც ბავშვს ფორთოხალი.

 მე თქვენთან უკვე არ ძალმიძს ყოფნა.

 ჰა, შენს ხელთა ვარ…

??????