უამინდობიდან ნაშობი ლექსი
უფსკრულებიდან ამოდიხარ
დღის სინათლეზე,
ხარ მასპინძელი
და მეგზური ნაცნობ ლანდების.
ჭიანჭველები საარსებო
ტვირთს მიათრევენ,
წვიმს...
საფარს ვეძებ დამაშვრალი და... იბადები.
წამსვლელ-მომსვლელის
გზას გავყურებ დიდი ხანია.
ფხიზლობა მიწყივ...
წვა და შვება ქვეყნის ამბებით.
ფიქრს შემატოვებ,
დამანახებ ზეცას კვამლიანს,
ისევ პირქარი,
ბეწვის ხიდი და... იბადები.
ვიცი, ვინ ხარობს,
ვის რა უმძიმს, საითკენ ვმგზავრობ,
საიდან მიხმობს
ჩემი მრევლი, ჩემი ხატები.
მიჯაჭვული ვარ
ყველა დროის უტყუარ ფუძეს,
ყინავს...
ცეცხლს ვეძებ დამაშვრალი და... იბადები.