აპრილი
ოი, რა ყოფილა ეს აპრილი,
უსიტყვოდ თავბრუ დამახვია...
მაინც, რა ყოფილა ეს აპრილი,
ვაი, რა ცეცხლში გამახვია!
კაბა ისე ჭრელი მომიქსოვა,
ველურ ყვავილების სადარია,
გული ვეღარ დგება საგულეში,
კვირტთა აფეთქებამ გადარია.
ვაი, რა ყოფილა ეს აპრილი,
ყაყაჩოს ცეცხლში გამახვია,
თავნება ველური ყვავილი
უსურვაზივით ამახვია!