ბექიშვილი თედო
გაზიარება

*** "როგორ თოვს" 

როგორ თოვს, ჩემო თეთრო დედილა,
როგორი თეთრი ფიფქები გფარავს!
როგორი მძიმე და ჩახერგილი
ზამთარი მალე მოგადგა კარად.
თარეშობს ქარი და ქარბორბალა,
ზიხარ მოწყენით, ცოტაა საქმე,
გადაუყარე ჩიტებს ხორბალი,
მიერეკები საბძელში ქათმებს.
დღეს მზესაც თეთრი სიცივე ფარავს,
თოვამ ჩაკეტა სამზერი არე.
ამაოდ გასცქერ დათოვლილ შარას,
არ შემოაღებს არავინ კარებს...
შინ შეხვალ, შენი სამოსის მსგავსი
შემოდის ბინდი და ბინას ავსებს...
მაგრამ სურათი მაღალი კაცის
კვლავ ზეცასავით გახურავს თავზე.

??????