ლორია ლევან
გაზიარება

ამბავი ზღარბისა და ვარსკვლავის სიყვარულისა ექსკლიუზივი

პროლოგი

ეს ამბავი თათამ მიამბო. თავიდან არ დავუჯერე. თათა ქართველი გოგოა და ახლა ტატიანაა, იმიტომ რომ რუსეთში ცხოვრობსვუთხარი ალბათ საქართველო გენატრება და ათას რა¬ღა¬ცებს იგო¬ნებ ნოსტალგია რომ დაძლიო, აბა ზღარბისა და ვარსკვლავის სიყვარული ვის გაუგია, ადამიანებს აღარ უყვართ ერთმანეთი-მეთქი. არაფერსაც არ ვიგონებო, დიდი საშინელება ვინმე ხარო, - მითხრა გაბრაზებით და მთელი სამი წუთი ხმა არ გაუცია. მერე, იცოდა რა, რომ ფიზიკის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული, საყვედურებითაც ამავსო, ვარსკვლავი სულ თქვენ, ფიზიკოსებს გაბრალებთ, რომ ზღარბს ხშირად ვერ ხვდება. ასე უთქვამს: მსოფლიო მიზიდულობის კანონიც კი ჩვენს წინააღმდეგ არის და გვაცალკავებსო~.

ისე დარწმუნებით ამბობდა ამას ყველაფერს მეც დავინტერესდი, თან პროფესიული სიამაყის გრძნობამაც იფეთქა ჩემში და ვითომცდა - ხუმრობით რა თქმა უნდა, - აღვშფოთდი (რა მაგარი სიტყვაააღვშფოთდი) -კანონი, რომელსაც მე საერთოდ სიყვარულის და მიზიდულობისა კანონს ვუწოდებ, რა შუაშია, ვისთვის რა დაუშავებია, რომ ვიღაც ვარსკვლავი მას ჩირქსა სცხებს, ერთი ამ ხალხს დამაკავშირე, თუმცა, ვარსკვლავი სად მოვძებნო, ისინი სულ დაკავებულებია, ხან კონცერტებზე არიან, ხან ოსკარების დაჯილდოებაზე, ხანაც გადაღებებზე და ზღარბის კოორდინატები მაინც მომეცი-მეთქი

ამჯერად ხუთი წუთი ჩუმად იყო, მერე რისხვის ქარიშხალი დამატეხა, რას მაღადავებ, შენი საშაყირო ვინ არისო. კიდევ ხუთი წუთის (მე ამასობაში იმას ვფიქრობდი, მართლა ზედმეტი ხომ არ მომივიდა, როგორ შემოვირიგო-მეთქი) შემდეგ, თუ ასეა, აი, ინტერნეტში გამოვჩხრიკე, ზღარბის მობილურის ნომერს მოგცემ და მერე ხო მაინც დარწმუნდებიო. მართლაც მომცა ტელეფონის ნომერი. ვიფიქრე ხუმრობს-მეთქი, მაგრამ მაინც დავრეკე, თუმცა ამისთვის კრედიტის აღებაც კი დამჭირდა, იმიტომ რომ დეპოზოტი მითავდებოდა. მართლაც, ზღარბმა რომ მიპასუხა, კინაღამ ტელეფონი გამივარდა. ჟურნალისტი ხარო, - მკითხა. არა ბატონო, რა ჟურნალისტი, ერთი ნასტუდენტარი ფიზიკოსი ვარ-მეთქი. ძალიან გაუხარ¬და, _ ამ ბოლო დროს სულ ფიზიკის წიგნებში ვარ ჩაფ¬ლული, მიხარია რომ ფიზიკოსი ხარ, მე აქ რაღაც აღმოჩენებზე ვმუშაობ და უნდა მოგიყვე, ლუდი ხო არ ჩაგვერტყა სადმე ერთადო, _ ჩემი სათქმელი თვითონ მითხრა. კი ბატონო, რაზეა საუ¬ბა-რი, როცა გენებოთ და ჟურნალისტი რატო გეგონე-მეთქი. მოსვენება არ მაქვს ამ ჟურნალისტებისგან, პაპარაცებს კიდე სად დავემალო არ ვიცი, რა ხალხი არიან, ვერ გამიგია, სიყვარული რომ უკვირთ, ხალხი არ ხართ, რა შეყვარებული არ ყოფილანო. სიყვარულია რომ უკვირთ, თორემ სხვა საკვირველი არც დარჩა არაფერი-მეთქი, _ ვუპასუხე რაც პირველი მომაფიქრდა. მეორე დღისთვის შეხვედრაც დავთქვით. იქვე ტყის პირას მშვენიერი ლუდის ბარი იყო, უგემრიელესი ლუდით, მარილიან მიწის თხილს შევექცეოდით, ლუდს ვაყოლებდით, მშვენიერი წერო-მიმტანები (ყურებთან ეწყებოდათ ფეხები) თავს დაგვტრიალებდნენ და პირველი პირისაგან ვისმენდი ამბავს, რასაც ახლა მისივე ნებართვით გიყვებით.

            

ძირითადი ამბავი

ერთ ტყეში ცხოვრობს ერთი ზღარბი. ხო იცით ზღარბები საერთოდ როგორები არიან - სოლიდურები და სულ საქმიანები, უყვართ ნემსებით შემოდგომის ათასფერ ფოთლებში შარიშური და ხილის გროვება, ჭიამაიებისა და ჭიანჭველების ჭკუის დარიგება, თხუნელების მეზობლური დავების გარჩევა და . . ამიტომ მათ ყოველთვის გარანტირებული ადგილი აქვთ ტყის საკრებულოში, რამ¬დენჯერმე სპიკერის თანამდებობაც ეკავათ. ეს ზღარბი კი, რომელზეც გიყვებით, ძალიან განსხვავებული იყო. ღამე, როცა სხვა ზღარბებს და ტყის მაცხოვრებლებს ეძინათ, ის იჯდა, ცას უყურებდა და ოცნებობდა.

ერთხელაც, ღამით, ზის ზღარბი, თავისებურად ოცნებებში გართული და უცებ ძალიან ნაზი, თბილი ხმა შემოესმა:

- გამარჯობა!

ხმაც არის და ხმაც. უამრავი ხმა გაეგონა ზღარბს. ეს ხმა კი ისეთი იყო, ეკლებზეც კი ბუსუსებმა დააყარა. ასეთი ხავერდოვანი ხმა არცერთ ზღარბს, ტყის არც ერთ მგალობელ ფრინველს, არც ნაკადულს და არც შხაპუნა წვიმას არ ჰქონია... ირგვლივ მიმოიხედა, ნეტა, ვინ იყოო. ვერავინ რომ ვერ დაინახა, _ ალბათ მოჩვენებები დამეწყო, ძალიან გამიგრძელდა ოცნება, სჯობს წავიდე, დავიძინოო,_ გაიფიქრა და ის იყო წასვლას აპირებდა, იგივე ხმა განმეორდა ისევ:

- გამარჯობა, ზღარბო...

- გაგიმარჯოს! შენ ვინ ხარ?!

- მე ვარსკვლავი ვარ, აბა ამოიხედე!

ზღარბმა მართლაც აიხედა მაღლა და ძალიან ლამაზი ვარსკვლავი დაინახა, რომელიც თითქოს სხივს უწვდიდა გამარჯობის ნიშნად...

- როგორ დამინახე?!

- დაგინახე, ისეთი სევდიანი თვალები გქონდა, ვიფიქრე, გამოვესაუბრები-მეთქი...

- მართლა? - ჰკითხა ზღარბმა და თან გაიფიქრა, რა ბედნიერებაა რომ ამ საღამოს სევდიანი  თვალებით ვოცნებობდიო...

- ხო... - უპასუხა ვარსკვლავმა და გაიღიმა. ის ვეღარ უთხრა, პაწუა, ლამაზი ცხვირიც რომ მოეწონა ზღარბის - მორცხვი ვარსკვლავი იყო და იმიტომ...

ასე დამეგობრდა ზღარბი და ვარსკვლავირაც ვარსკვლავი გაიცნო, რადიკალურად შეიცვალა ზღარბის ცხოვრება, იგი მიხვდა, რა დიდი ბედნიერებაა გყავდეს მეგობარი, ვისაც შეიძლება ოცნებები გაუზიარო, ან არაფერიც არ გაუზიარო, უბრალოდ ვისთან ერთადაც შეგეძლება მთელი ღამე იჯდე და სულ არაფერზე არ იფიქრო, არც ილაპარაკო და ბედნიერი იყო.

სამწუხაროდ, ზღარბს და ვარსკვლავს ხშირად არ შეეძლოთ ერთმანეთის ხილვა. ხან ცას ღრუბლები და ნისლი აეფარებოდა, ხან დედამიწა მობრუნდებოდა არა იმ მხრით, საიდანაც ვარსკვლავი ანათებდა და ხელს უშლიდა მათ შეხვედრას...

- ეს რა უბედურებაა, - ცხარობდა ვარსკვლავი, - ჩვენ შეხვედრას გარდა ცუდი მეტეოროლოგიური პირობებისა, ხელს უშლის გრავიტაცია, ნიუტონისა და კეპლერის კანონები...

- ხო, - ეთანხმებოდა ზღარბი. თან მერე თავისთვის ფიქრობდა, ალბათ ამიტომაც სკოლაში რომ ვსწავლობდი, ატანა არ მქონდა ამ ფიზიკის, ასტრონომიის გაკვეთილი კი საერთოდ ერთხელ ჩაგვიტარდა და მაშინაც შატალოზე ვიყავიო...

ხანაც, ხანგრძლივი განშორების შემდეგ, ახლა უკვე ზღარბი ბუტბუტებდა გულმოსული:

- ვარსკვლავო, იცი რა, ძალიან მომენატრე, იცი რა დიდხანს გელოდი? ალბათ მთელი მარადისობა...

- ვიცი, ჩემო კარგო, - პასუხობდა ვარსკვლავი, - მაგრამ შენ ხო იცი რამდენი წინაღობა, გარემოება და კანონი ეღობება ჩვენს შეხვედრებს?

- ხო, ვიცი, - ეტყოდა ზღარბი. იმას კი უმალავდა, რომ გრავი¬ტაციას, ნიუტონის კანონებს და აინშტაინის პოსტულატებს რომ სწავლობდა, ჩუმად მეგობრის შეხვედრის მოლოდინში. მეზობელს კი ასტრონომიის სახელმძღვანელოც გამოართვა, _ ერთი ჩავიხედო, იქნებ და ამ კანონებსა თუ უკანონობაში რამე შეცვალო და მაშინ ხო სულ ერთად ვიქნებით მე და ვარსკვლავიო.

ერთხელაც ფიზიკის სახელმძღვანელოს ჩაჰკირკიტებდა და უცებ, _ ‘ევრიკაო~, _ არქიმედესავით წამოიძახა (არქიმედეზე მანამდე ჰქონდა წაკითხული და ახსოვდა), ვიპოვე ის თუ რატომ გვიზიდავს ასე მე და ვარსკვლავს ერთმანეთი, ეს ალბათ მსოფლიო მიზიდულობის კანონია. ეს აღმოჩენა როგორც კი ჩემი ვარსკვლავი მოვა, უნდა ვახაროო. იქნებ ახლა ისეთი კანონიც ვნახო, ვარსკვლავი არ წავიდეს, სულ ჩემთან დარჩეს და სულ ბედნიერები ვიყოთო...  

კიდევ რომ მოვიდა ვარსკვლავი, გამარჯობაც არ უთქვამს პირდაპირ აღმოჩენაზე გადავიდა:

- ვარსკვლავო, იცი, მე შენ მიზიდავ...

- საიდან დაადგინე? - გაეცინა ვარსკვლავს...

- მსოფლიო მიზიდულობის კანონიდან...

- მართლა?!

- კი, უფრო მეტი გითხრა?!  

- ხო, აბა მითხარი...

- არა მარტო მე, ჩვენ საერთოდ ერთმანეთს ვიზიდავთ...

- მართლა?!

- ხო, ქმედება უდრის უკუქმდებას...

- ეს რაღაა?

- ეს ნიუტონის მესამე კანონია...

- ხო? - გაეცინა ვარსკვლავს...

- ხო...

იმ ღამე მეტი არც არაფერი უთქვამთ, ისხდნენ ჩუმად, ერთად ყოფნით ავსებდნენ ერთამენთსაც და გარემოსაც. ზღარბმა ის აღარ უთხრა, ისეთი კანო¬ნის მოძებნას რომ აპირებდა, ვერავითარი ძალა რომ ვერ დააცილებდა მათ და სულ ერთად იქნებოდნენ, შემდგომ მოსვლაზე სიურპრიზს გავუკეთებო...

დილის მოახლოებისას ვარსკვლავმა დანანებით თქვა:

- უკვე დროა, უნდა წავიდე...

- ასე მალე? - გაუკვირდა ზღარბს...

- კი, თენდება უკვე.

- რა მალე გათენდა...

- წავალ, კარგი?!

- კარგი, - უპასუხა ზღარბმა, - მე დაგელოდები. თუმცა ვიცი, რომ ეს ლოდინი შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს, მე მაინც დაგელოდები. ეცადე მალე დაბრუნდე, ხო?

- კარგი, მე დავბრუნდები, ვეცდები მალე დავბრუნდე!

- ხო, ვიცი რომ ეცდები! -  უთხრა ზღარბმა და განზე გაიხედა, თვალი აუწყლიანდა უცებ და ვარსკვლავმა არ შემნიშნოსო.

- ნუ მოიწყენ? შენ ხო იცი რომ დავბრუნდები? - გაიღიმა ვარსკვლავმა და სულ არ მორიდებია, ისე გადმოაგდო რამდენიმე წვეთი ცრემლი, რომელიც ნამად დაეპკურა გასაღვიძებლად შემზადებულ ყვავილებსა თუ უბრალო მინდვრის ბალახს.

- ხო, ვიცი... - გაიღიმა ზღარბმაც და გიფიქრა, მზის ტირილი კი გამიგია, მაგრამ ვარსკვლავიც თუ ტიროდა არ ვიცოდიო...  

... და მერე როცა ვარსკვლავი თვალს მიეფარა, ზღარბმა წამით კვლავ მოიწყინა, თუმცა მალე სასიამოვნო ტალღამ დაუარა ნემსებზე, იმიტომ, რომ მიხვდა, სიურპრიზი აღარ იყო საძებნი, უკვე იპოვა, ეს ვარსკვლავის ცრემლები იყო... 

... და ზღარბი იმასაც მიხვდა, რომ სასურველთან ყოფნა კი ბედნიერებაა, მაგრამ ბედნიერებაა ისიც, როცა იცი, რომ ის, ვისაც ელი აუცილებლად დაბრუნდება, მიუხედავად ათასნაირი ძალებისა და ფიზიკური თუ მსოფლიო კანონებისა....

 

ეპილოგი

 

ამასობაში სამ-სამი ბოთლი ლუდიც დავლიეთ, ზღარბმა მე უნდა წავიდე, დღეს ჩემი ვარსკვლავი ბრუნდებაო... სანამ გავიდოდა, უდრის ემ ცე კვადრატს, ხოო, _ მკითხა. კი, ყოველ შემხვევაში აინშტაინი ასე ფიქრობს-მეთქი. ხო, მაგრამ ყველას მანც მიზიდულობის კანონი სჯობს, შენ რაც გინდა ის თქვიო. ადიოს ამიგო, აბა შენ იციო, და წავიდა. დანახარჯი გადახდილი გვქონდა, უფრო სწორად ჰქონდა, მე კი ვიწევდი, უნდა გადავიხადო-მეთქი, მაგრამ, _აპ, არ გამაგონოო და ეკლები ისე აებურძგლა, ძალიან არც გამომიდვია თავი. მერე უცებ გამახსენდა, რომ დღეს პატიების დღე იყო მესიჯი ავკრიფე: თათ, თუ ოდესმე უნებურად რამე გაწყენინე, მაპა¬ტიე რა, დღეს მიტევების დგეა.... თათ, შენ მართალი იყავი თათ, მე შენ მიყვარხარ!

??????