ლორია ლევან
გაზიარება

ვარდისფერი, ბრეტელებიანი მაიკა, ანუ არათავისუფალი ვარდნა ექსკლიუზივი

 

ეს ამბავი შეიძლება არც დაიჯეროთ, მაგრამ ამ საკითხზე ბევრს ნუ ინერვიულებთ. მთავარია, რომ ეს ნამდვილად მოხდა.

ერთ ჩვეულებრივ, არც თუ გამორჩეულ, მზიან დილას, კაცი, დაახლოებით იმ ასაკის, როცა კაცს ჯერ კიდევ შეიძლება ახალგაზრდა ვუწოდოთ, უზმოზე, პარაშუტით გადმოხტა თერთმეტსართულიანი სახლის მეთორმეტე სართულიდან, ანუ სახურავიდან. მიზეზი? მიზეზი კი იმდენად გაცვეთილი, სიახლესა და ორიგინალობას მოკლებულია, რომ მეტი არც შეიძლება. მოიცათ, ერთი წუთით, ახლა უცხო სიტყვათა ლექსიკონში ვნახავ რომელი უცხო სიტყვა შეესაბამება გაცვეთილს, სიახლესა და ორიგინალობას მოკლებულს. ვნახე კიდეც. ფრანგული სიტყვაა - ბანალური. რაღაც სურვილიც არ მაქვს ეს ბანალური მიზეზი ვთქვა, მით უმეტეს, რომ ასე გაცვეთილ-დაფხრეწილია, ამიტომ არც ვიტყვი. არა, უფრო სწორად, არც დავწერ. ინტრიგა. ცოტა ინტრიგა ხომ უნდა იყოს. აი, ამაშია საქმე.

მეგობრები მიჯნურს ეძახდნენ. მუდამ შეყვარებული რომ იყო, ალბათ იმიტომ. დაიბადა თუ არა, ბებია ქალი შეუყვარდა. კიდევ კარგი, ბებია ქალი კაცი არ იყო. ერთი კვირის შემდეგ სახლში რომ მოჰყავდათ, კინაღამ გადაფიჩინდა, იმდენი იტირა. აბა, მაშინ ვინ წარმოიდგენდა, რომ მიჯნური უკვე შეყვარებული იყო. ეს ყველაფერი ადრე, მაგრამ ახლა რა ხდება? რა ხდება და ხტება, მიფრინავს. რატომღაც მაინცა და მაინც თერთმეტსართულიანი სახლის სახურავიდან, არ ჯობდა ეიფელის კოშკი ამოერჩია? ან კიდევ და ძალიან თუ არ უნდა მოკვდეს, უამრავი დაბალი სახლებია. ისე, სიკვდილი თუ გინდა ადამიანს, რას წვალობ და ადიხარ ან ეიფელის კოშკზე, ან თუნდაც თერთმეტსართულიან სახლზე! დაელოდე წვიმას. ხო მოვა? მერე ორმოები აივსება წყლით და გადაიქცევა გუბედ. ჩაყავი მერე ამ გუბეში თავი და ნუ ამოყოფ ხუთი წუთი, თავისუფალი ხარ, საერთოდ ვერ ამოყოფ. არც თერთმეტსართულიანი სახლის სახურავზე დაგჭირდება ასვლა და არც ეიფელის კოშკზე...

 

... შუადღე, ანუ თორმეტი საათი იყო. ზუსტად ამ დროს დარეკა ტელეფონმა. ასე კარგად იმიტომ ახსოვდა, რომ რომელიღაც სატელევიზიო არხი (ბატონო ენ, აქ შეიძლება ყოფილიყო თქვენი არხის რეკლამა) საათს აჩვენებდა, საინფორმაციო პროგრამა იწყებოდა ალბათ. დიდად არ ეპიტნავებოდა ყურმილის აღება. თუ ვინმე ახლობელი ჰყავდა, ყველა მობილურზე ურეკავდა. ეს ალბათ ან უცნობია, ან... თორმეტი ზარის შემდეგ (საქმე რომ არაფერი ჰქონდა, ზარებს ითვლიდა) ყურმილს დასწვდა, ვინ არის ასე გულმოდგინეო.

- დიახ!

- ანდუყაფარს თხოვეთ! - საამო ხმა იყო.

- ანდუყაფარი ვარ! - თქვა უცებ. გუინპლენს სთხოვეთო, რომ ეთქვათ, გუინპლენი ვარო იტყოდა და სიცილსაც დაიწყებდა. იცრუა. ხმა იყო ისეთი, ამ წუთში ძალიან უნდოდა ანდუყაფარი ყოფილიყო...

 

...მეთერთმეტე სართულის გასწვრივ უცებ გაახსენდა, რომ ბინაში რომელიც მეათე სართულზე ჰქონდა, კომპიუტერი დარჩა ჩართული. დარჩა და იყოს, იმის დედაც ვატირეო, გაიფიქრა - ბოლო-ბოლო უთო ხომ არ არისო. მერე გაახსენდა, უთოც რომ ჩართული იყო. თუმცა, ისიც გაახსენდა, რომ უთო ამასწინათ გადაეწვა. კი მაგრამ, თუ გაფუჭებული იყო, რაღაზე ჩავრთეო? - საკუთარ თავს დაუსვა კითხვა. აბა, რავი, შეყვარებული კაცი რას არ გააკეთებსო, დასკვნა გამოიტანა და გაუხარდა კიდეც, რომ უთო გაფუჭებული იყო. რა პატარა რამეა საჭირო კაცის გასახარად. მერე კიდევ ისიც იფიქრა, სულ ცალ ფეხზე არ მკიდია უთო და კომპიუტერიო, რომ იმავე ფეხით სარეცხის თოკებს გამოედო. სარეცხის თოკი რას გაუძლებდა, როგორც მისი ძმაკაცი ადარნასე იტყოდა, მართლაც და ამხელა ამბალს. მიჯნურთან ქეიფი უყვარდა ადარნასეს და საერთოდ შეყვარებული კაცი კაი კაცია, იმად რომ: `სიყუარული ღმრთისაგან არს და ყოველი რომელსა უყუარდეს ღმრთისაგან შობილ არს და იცის ღმერთი~ (I იოანე 4,9).

 

... გოგომ გაიცინა. მიჯნურს შეეშინდა. შეეშინდა, რომ ყურმილს დაკიდებდნენ და მარტო დარჩებოდა. ისე შეეშინდა, როგორც ერთხელ ბაზარში, ხუთი წლისა, მამას რომ დაეკარგა და მარტო რომ დარჩა. უამრავი ხალხი ირეოდა მის ირგვლივ, მაგრამ მაინც მარტო იყო. ის იყო - დედაო~, უნდა ებღავლა. რომ მამაც მოვიდა...

 

... მეათე სართულის გასწვრივ, სადაც თვითონ ცხოვრობდა, უცებ ყვავმა გადაუჭრა გზა. მფრინავებისაგან გაგონილი ჰქონდა, ცუდის ნიშანიაო და სამჯერ, ბოდიში და გადააწიტა. ყვავმა ამრეზით გამოხედა, - ეს რა ცრუმორწმუნე ვინმე ყოფილაო~ და ფრენა გააგრძელა. მიჯნურმა, შენ რომ კაი ჩიტი ყოფილიყავი, ზაქარას და ქეთევანს ქორწილს არ ჩაუშლიდი, ახია შენზე რაც მერე დაგემართაო~, და ორივე ფეხით გამოედო თოკებს...

 

... ახლა უკვე პირველი მივარდებოდა ხოლმე ტელეფონს. ყველას აუკრძალა ტელეფონთან მისვლა. რა თორმეტი ზარი. ნახევარ ზუმერზე აღებული ჰქონდა უკვე ყურმილი.

- მე ვარ, - ეტყოდა გოგო.

- ხო, - ჩაუვარდებოდა ხმა.

- რას შვრები? - ჰკითხავდა გოგო. იცის კი რას შვრება? არ იცის, ან რა უთხრას. უთხრას რომ ლექსი დაწერა მასზე. ვაი, თუ იმან უთხრას, გიჟპოეტა ხომ არ ხარო?~ მწარედ ახსოვდა ეს. ერთი გოგო მოსწონდა ძალიან. ერთხელ მთაწმინდის პარკში უკითხავდა ლექსებს სხვისას თუ თავისას და იმან უთხრა ასე და შარბათივით ტკბილი ძმრად გადაიქცა უცებ. მაშინ ხომ საერთოდ დაკარგავს. რას დაკარგავს? ხმას?

- შევხვდეთ? - ჰკითხა უცებ.

- როდის? - ჰკითხა ხმამ. როდისო? როდისო! როდისო, . . შეხვდება. . . ის თანახმაა მას შეხვდეს. როდის? რა თქმა უნდა დღეს...

 

... მეცხრე სართულის გასწვრივ რატომღაც ჯიბეები მოისინჯა, სადაც მოულოდნელად მოსაწვევი აღმოაჩინა და უცებ გაახსენდა, რომ წვეულებაზე იყო მიწვეული. ერთი პირობა იფიქრა, რომ ვხტებოდი, სად ვხტებოდი, რას იფიქრებენ წვეულებაზე რომ არ მივალ, ალბათ ცუდ ტონად ჩამითვლიანო. ჯერ წვეულებაზე ხომ არ წავსულიყავი, ბოლოს და ბოლოს ეს სახლი სად გამექცევაო და ცოტათი შერცხვა, მაგრამ სპორტული პიჟამო ეცვა და ასე მართლაც ხომ არ წავალო. იქვე მეზობელს სარეცხი ჰქონდა გაფენილი, რომელიც უკვე გამშრალიყო. სანამ თოკებს დააღწევდა თავს, ჯინსით და მაისურით შეიმოსა, ასე ვთქვათ სპორტულად გამოეწყო და გააგრძელა გზა. თან დაფიქრდა ზანგთა დისკრიმინაციაზე, რომელსაც ჯერ კიდევ სამწუხაროდ აქვს ადგილი, ზოგიერთ, ასე ვთქვათ და განვითარებულ ქვეყანაში, ზესახელმწიფოებად რომ მოაქვთ თავი. რა დააშავა ამ ხალხმა, ღმერთმა შავად თუ დაბადაო?! მერე, თომა ბიძია გაახსენდა კიდევ და გულაჩუყებულმა კინაღამ ტირილი დაიწყო. რატომღაც კენიაში მოუნდა გაფრენა და გაიფიქრა, ნეტა კენიაში თვითმფრინავები თუ დაფრინავენო. ერთი აეროპორტში უნდა გადავრეკო პირდაპირი რეისი თუ არის კენიაშიო და ავტოკალმით ჯვარი გაიკეთა მარცხენა ხელის საჩვენებელი თითის ზურგზე - არ დამავიწყდესო. იქ უკვე რამდენიმე ჯვარი იყო და ნეტა ეს ჯვრები რაღაზე გავიკეთეო, დაფიქრდა. თან აეროპორტმა `ბრეტელებიანი მაიკა~ გაახსენა და კიდევ მეტად დაფიქრდა, ახლა თქვენც დაფიქრდით ცოტა, რა ბრეტელებიანი მაიკა მოუნდაო...

 

- დღეს არ მცალია. -  დღეს არ სცალია. მაშინ ხვალ, ხვალ. ხვალ!

- ხვალ?!

- კარგი, ხვალ. -  . . ხვალ ნახავს. ხვალ. როდის იქნება ეს ხვალ. ალბათ ხვალ. კიდევ კარგი არ უთხრა ზეგო. ცუდად ჰქონდა დაცდილი. ერთხელ რადიოში შესთავაზეს მუშაობა, დიჯეიდ. მენეჯერს ჰკითხა, ხელფასი მექნებაო, კიო, როდისო, ზეგო. დაიწყო მუშაობა, ორი თვე იმუშავა, ზეგ აღარ მოვიდა და გაანება თავი...

 

 ... მერვე სართულის გასწვრივ, გასანიავებლად გამოტანილი მეზობლის ვერსაჩეს კოსტუმი დალანდა და დაფიქრდა, წვეულებაზე სპორტულ სტილში წასვლა უხერხულიაო, თუნდაც იმიტომ, რომ იქ პრეზიდენტის დაცვიდან იქნება რამდენიმე წარმომადგენელი, თან ორი დეპუტატიც აპირებს მოსვლასო. ის კი არადა დამატებით ერთ-ერთი უცხო ქვეყნის ელჩიც შეიძლება მოვიდეს და ეს უცხო კაცი ვინ იცის ჩემს მეობაზე რას იფიქრებსო. იქვე მეზობლის 40 წელს გადაცილებული, გაუთხოვარი მამიდა აივანზე ყავას სვამდა. დაქალი ჰყავდა სტუმრად, რომელიც ყავის ნალექზე მარჩიელობდა, მეორე დღეს რა შანსები ჰქონდა გაეცნო ის ერთადერთი და განუმეორებელი, რომელზეც ოცნებას შეალია შეგნებული ცხოვრების არც თუ მცირე ნაწილი. ის იყო ფინჯანმა ამცნო, დიდი თანამდებობის და პატარა სიმაღლის, შესამჩნევად მსუქან, მაგრამ წარმოსადეგ და მდიდარ კაცს გაიცნობო, რომ ქარი ამოვარდა და ჭექა-ქუხილი დაიწყო. მიჯნურმა, რომელმაც ამასობაში კოსტუმშიც მოასწრო გამოწყობა, ამ პარაშუტის წამოღებას, ქოლგა მაინც წამომეღო, რუსები რომ ზონტიკს~ ეძახიანო, მაგრამ, ახლა უკან ხომ არ აბრუნდებოდა, მითუმეტეს გაგონილი ჰქონდა, უკან დაბრუნება, ცუდის ნიშანიაო~. თუმცა ისიც გაეგონა, უკან თუ დაბრუნდები, სამჯერ სარკეში უნდა ჩაიხედო და ერთხელ თმა უნდა დაივარცხნოო, მაგრამ სარკეში ყურება დიდად არ ეპიტნავებოდა, მით უმეტეს, რომ იქ დიდი-დიდი საკუთარი თავი დაენახა, რომელიც ნოლზე ჰქონდა გადაპარსული და თმას როგორღა დაივარცხნიდა. უცებ კიდევ ერთი ანდაზაც გაიხსენა, როგორც ქუხს ისე არ წვიმსო~, არ ღირს უკან აბრუნება, იქნებ სულაც არ გაწვიმდესო. ანდაზაზე კიდე აბონ ციციაშვილის ციტატა აეკვიატა, რეიგანზე რომ თქვა ერთხელ: ეტყობა, ბატონ რეიგანს დაავიწყდა ქართული ანდაზა, რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო~ და სულ ცოტათი დამშვიდდა...

 

... გოგომ ალექსანდროვის ბაღში შევხვდეთო. ჯერ ქაშუეთმა უნდა დამარეტიანოს, თუ ნეტავ რატომ მაინც და მაინც იქო, - გაიფიქრა.

- როგორ გიცნო?

- ვარდისფერი ბრეტელებიანი მაიკა მეცმევა და ჯინსები, -  უთხრა ხმამ, - შენ როგორ გიცნო?

- შავი ფეხსაცმელი, შავი შარვალი, შავი მაისური, -  ძლივს თქვა. თან გაიფიქრა, ახლა თუ მკითხა, შავს ხომ არ აწვები, დავიღუპეო. პრინციპში არაფერსაც არ აწვებოდა, ძმაკაცების დამჯდარ აკუმულატორიან ავტომანქანებს თუ არ ჩავთვლით, ისიც ხანდახან. გადარჩა...

 

... მეშვიდე სართულზე ჭექა-ქუხილი შეწყდა, ქარიც ჩადგა, მაგრამ ახლა მიწისძვრა დაიწყო, რომელიც სულ ერთი ან დიდი-დიდი ორი ბალი იქნებოდა. მიწის ბიძგი, თუ რხევა, მხოლოდ სამმა თევზმა იგრძნო აივანზე მდგარ აკვარიუმში და იქვე არხეინად წამოწოლილმა კატამ. თვითონ ამ დროს ჰაერში იყო და რას გაიგებდა. მსხვილი კაპრონის თოკებში გახლართულმა აივანზე ფირმა ადიდასის~ ბოტასები შენიშნა. უცებ გაახსენდა, რომ საშინაო ფლოსტები ეცვა და იფიქრა, წვეულებაზე ასე ფლოსტებით ხო არ წავალ, რაღაც ამ ფლოსტებზე ვერსაჩეს კოსტუმი არ მიდისო. თან ამ ელჩების ამბავი რომ ვიცი, წაიღებენ საკუთარ ქვეყანაში ამბავს, წვეულებაზე ხალხი ფლოსტებით დადისო და მოგვჭრიან თავს მსოფლიო მასშტაბითო. ბოტასებში, სამწუხაროდ ფეხი არ ჩაუვიდა. რა არის ეს, ხალხი კოსმოსში მიფრინავს, მე კი ბოტასებში ფეხი არ ჩამდისო, გაიფიქრა და თქმით არაფერი უთქვამს. ისევ ფლოსტებით გააგრძელა გზა. თავისუფლება უყვარდა, როგორც ირმების გუნდს წყარო ანკარა~ და ქვამარილი. ახლა კიდე, ფეხზე ბოტასების მოჭერას უზომო, ანუ ბეზრაზმერა~ ფლოსტები~ ერჩია. ჩავალ თუ არა დაბლა, ერთი კარგი ბიზნეს-გეგმა უნდა გავაკეთო და ისეთი ბოტასების გამოშვება დავიწყო, ყველა ფეხზე მიდიოდესო, გაიფიქრა...

 

... მთელი მეორე დღე იმას არკვევდა, ბრეტელებიანი მაიკა რა იყო. მაღაზიები ჩამოიარა და ბოლოს მიხვდა, რომ ეს იყო მაიკა, რომელსაც უბრალოდ თასმები ჰქონდა. მერე ფერის აზრზე რომ მოსულიყო, ყვავილების ბაზრობაზე მივიდა და ერთი ვარდისფერი ვარდი მომეცითო, გამყიდველებს უთხრა. თხუთმეტი კაცი მოვარდა უცებ და სამი ქალი, ყველას ხელში ვარდისფერი ვარდი ეჭირა. ყველა სხვადასხვა ფერი იყო და ყველა იძახოდა ვარდისფერიაო. მაგრად დაიბნა. ყველაზე ვარდისფერი მომეცითო, დაიძახა მოვარდისფერო ვარდებით ალყაშემორტყმულმა. საპასუხოდ თხუტმეტივემ ერთად დაიძახა, ესაა ყველაზე ვარდისფერიო და ყველას ყიდვა გადაწყვიტა...

 

... მეექვსე სართულის გასწვრივ აივანზე საბავშვო ასაწყობი რკინიგზა შეამჩნია. უცებ სადღაც გაგონილი ამბავი გაახსენდა, სოლომონ ბრძენთან მეზობელი ქვეყნიდან რომ მივიდნენ ჭკუის საკითხავად. ხედავენ, თეთრი წვერით შემოსილი, დარბაისელი მოხუცი, ხელში ხის ჯოხი დაუჭერია და ცხენობანას თამაშობს. ესაა სოლომონ ბრძენიო?~, _ გაუკვირდათ სტუმრებს. რაც აინტერესებდათ, ყველაფერზე დაწვრილებითი პასუხი რომ მიუღიათ, უკითხავთ: - ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ თუ ასეთი ბრძენი ხარ, რა არის ჯოხით ხელში რომ დარბიხარ პატარა ბავშვივითო?~ ესო, ბავშვობაში თამაში მიმაკლდა და ახლა ვინაზღაურებ! ბავშვობა მენატრებაო~ - უპასუხია ბრძენს. მასაც ახლა ბავშვობა მოუნდა. პატარას რომ ჰკითხავდნენ, რომ გაიზრდები, რა უნდა გამოხვიდეო, თავიდან ამბობდა ჯიბგირიო, ამაზე რომ ყველა იცინოდა, ვინაა თქვენი დასაცინიო. მაშინ უკვე აღმზრდელი უყვარდა საბავშვო ბაღიდან. სიზმარშიც ესიზმრა ერთხელ, თითქოს ის და მისი აღმზრდელი ჯვარს იწერდნენ. მაგრამ ეკლესიაში სანამ შევიდოდნენ, მანამდე გაეღვიძა. წინა დღეს იგივე აღმზრდელმა მატარებლობანას თამაშის დროს წინ დააყენა - მემანქანე შენ იყავიო~. მაშინ იგრძნო მკერდთან საამო, ძალუმი ღიტინი. ამის მერე ოცნებობდა სახლში ასაწყობი რკინიგზა ჰქონოდა, მაგრამ ამას ხმამაღლა არ ამბობდა, სად ჯიბგირი და სად მემანქანეო. თან იმას ხომ არ იტყოდა შეყვარებული ვარო. ახლა რომ დაინახა აივანზე ასაწყობი რკინიგზა, ცოტა ხომ არ მეთამაშაო, გაიფიქრა, მაგრამ ისევ წვეულება გაახსენდა და გზა გააგრძელა...

 

... თხუთმეტივე ვარდი ეჭირა ხელში. რომელიმე ფერი ხომ დაემთხვევაო. რამდენიმე მოვიდა და ჰკითხა ვარდებს ხომ არ ჰყიდიო. ერთი პირობა გაიფიქრა ნეტა რამდენს მომცემდნენ, პატარა მოგება რომ მენახა, არ იქნებოდა ცუდიო, მაგრამ მაინც არაო. გოგოს შვიდ საათზე უნდა შეხვედროდა. უკვე რვის თხუთმეტი წუთი იყო და ამ ოპერაციებისათვის უბრალოდ დრო არ რჩებოდა. ამ დროს გოგოც გამოჩნდა. შორიდანვე მიხვდა რომ ის `ის~ იყო. გოგოც მიხვდა რომ, `ეს~ იყო და გაეღიმა...

 

მეხუთე სართულის გასწვრივ ბინაში ტელევიზორი ჰქონდათ ჩართული. ახალი რეალითი შოუ ამტანი~ გადიოდა. ამტანი გოგო ამტან ბიჭს იმხელა ხმით უყვიროდა, გაიფიქრა, სადღაა რომ ამბობენ, ლეკვი ლომისა სწორია, ძე იყოს თუნდა ხვადია~-! და კაცობრიობის მთელი ძლიერი ნახევრის (იქ პლუს, მინუს რამდენიმეს გამოკლებით, ამ გამოკლებაში ერთი ინგლისელი `სერიც~ ერია) მაგივრად შერცხვა. რა არის ეს, ნახატი ფილმი მაინც გადიოდესო! - იფიქრა, ცოტა გულს გადავაყოლებდიო. ოთახში არავინ ჩანდა რომ ეთხოვა, გადართეო და ახლა ის გაუკვირდა, თუ ოთახში არავინ არ არის, მაშინ ტელევიზორს ვინღა უყურებსო და ხელი ჩაიქნია. ამასობაში იქვე აივანზე პიანინოზე შემოწყობილი ლოიდის~ ფირმის ზუსტად თავისი ზომის ტუფლები შეამჩნია. კალოში~ გამიგია პიანინოზეო (გამოცანა გაახსენდა სადღაც გაგონილი, გარედან შავი, შიგნიდან წითელი, პიანინოზე დევს, რა არის? - კალოში~. რატომ დევს პიანინოზე? ჩემია და სადაც მინდა იქ დავდებ!), მაგრამ ფეხსაცმელებს პირველად ვხედავ პიანინოზე, პიანინოს კიდევ აივანზეო, ფეხსაცმელი კარგად მოერგო, ახლა ერთ ბეთჰოვენის მთვარის სონატასაც~ დაუკრავდა კაცი, დრო რომ მქონდეს და დაკვრა ვიცოდეო...

 

...ამის მერე ყველაფერი შეიცვალა მის ცხოვრებაში. უფრო აზრიანი გახდა სიცოცხლე. გათენება უხაროდა. დაღამება წყინდა. ძილი არ უნდოდა. უნდოდა სწრაფად გათენებულიყო. გოგოსაც შეეტყო ცვლილება. მერე იყო პირველი კოცნა - ზოოპარკში. ჯერ ნაყინი ჭამეს. მერე გოგომ ტუჩებზე ხომ არ დამრჩაო. ხოო, მიჯნურმა და უცებ აკოცა. თან გაიფიქრა, ახლა ერთი სილა თუ გამიშალა, მერე რაღა ვქნაო და კიდევ აკოცა. სულ არ ნაღვლობდა ახლა მიჯნური, სასიმამრო ფრთხილი იქნებოდა თუ არა. ტუჩები კი მარწყვივით ტკბილი ჰქონდა გოგოს - მარწყვის ნაყინი ჭამეს. გაკვირვებულმა მარტორქას შერცხვა და თავი შეაბრუნა. სილას გადარჩა...

 

... მეოთხე სართულის გასწვრივ იფიქრა, რომ მივდივარ, სად მივდივარ, დიდი-დიდი მიწაზე დავვარდე ან დავფრინდეო, მეც კაი ტიპი ვარ, აღზევანს მაინც წავსულიყავი ბროლის მარილის მოსატანად, მერე დავბრუნდებოდი და ჯერ დედას გადავეხვეოდი და მერე შვილსა და ცოლსაო, მაგრამ დედა ბაზარში იყო წასული, და შვილი არ ჰყავდა, იმ უბრალო მიზეზის გამო რომ მეუღლე არ ჰყავდა და გაიფიქრა, ვისღა გადავეხვიო, ბარემ ცოლი ხომ არ მომეყვანაო. ისევ ბრეტელებიანი მაიკა გაახსენდა და მეორეჯერ ჩაიქნია უკვე ჩაქნეული ხელი, რომელიც პარაშუტს გამოედო. ეს პარაშუტი რაღად მინდოდა, დროა მგონი რგოლს ხელი გამოვკრაო, მაგრამ მერე იფიქრა აბა მერე ამ პარაშუტის ამკეცი და ჩანთაში ასე ლამაზად ჩამდები ვინ არისო და რგოლზე ხელის გამოკრა გადაიფიქრა. მერე უცებ წარმოიდგინა, რომ მუხრანის ბოლოსაა მეუღლესთან ერთად და ყივჩაღი არ შემოეყარა! დავლეწავ ასპროცენტიანიო~, - გაიფიქრა. - აქეთ რომ დამლეწოსო, რას მერჩისო ისიც იფიქრა და სული თუ დამყვა მიწამდე, კარატეზე უნდა დავიწყო სიარულიო. მანამდე კი, ერთი უნდა გავიგო, ეს მუხრანის ბოლო სად არისო...~

 

... ყველაფერი ბრწყინვალედ მიდიოდა. ალბათ მალე მშობლებსაც გაიცნობს. მერე მივა და გოგოს ოჯახში და ვინც სახლში დახვდება, იმას თხოვს გოგოს ხელს. მოიცა, გოგოს სახლში რემონტი თუ ექნა და უცებ მალიარი~ რომ დახვდეს, მაშინ? მერე რა? არ შეიძლება სასიმამრო მალიარი~ რომ იყვეს? ნუ, რამეს მოიფიქრებს! მერე ალბათ ქორწილიც იქნება. დიდი არა. მხოლოდ შინაურები. ჟურნალისტების გარეშე, სანამ ერთხელ...

- ახლა რაღაცა უნდა გითხრა!

მიჯნურს გულმა რაღაც ცუდი უგრძნო. საერთოდ უცნაურად იქცეოდა დღეს გოგო. თითქოს თვალებში არ უყურებდა. ნეტა, რა მოხდა?! ნუთუ სხვა... არა, ეს შეუძლებელია, ეს წარმოუდგენელია..

- გისმენ, - ძლივს ამოღერღა.

- ოღონდ დამპირდი, რომ არ გამიბრაზდები.

- ხო.

- რა ხო.

- არ გაგიბრაზდები...

 

... მესამე სართული. ისევ სარეცხის თოკები. მერე უცებ მიწაზე ბეღურები შენიშნა. რომელიმეს თავზე არ დავასკდეო და აქშის~ ძახილი დაიწყო. ამ ძახილზე აივანზე კორპუსში ახლახან ოჯახთან (დედა და მამა) ერთად გადმოსულმა მშვენიერმა ქალიშვილმა გამოიხედა, რომელიც ყველა მნიშვნელობით ქალიშვილი იყო. არ უნდოდა, მაგრამ მაინც გაექცა თვალი მისი ღია გულისპირისკენ. ქალიშვილმა იგრძნო რა მისი მზერის საგანი, მორცხვად აიფარა ხელი ზედ. თან გაკვირვებული უყურებდა ვინ არის ეს კაცი, ან ჩემ სარეცხთან რა ხელი აქვს, ან ჩემ საკინძესთან რა თვალი, ალბათ მეზობელიაო, ეტყობა ამას მეზობლის ქალს ხელს ნუ ახლებ, არ გაუგიაო. მიჯნურმა, აბა ეს შეყვარებული კაცი სად ვიხედებიო, გაუჯავრდა საკუთარ თავს. ვიცი ახლა მე სად ვიხედებიო? იქვე გასცა თავმა პასუხი. აბა სად მიდიოდა, რომ მიდიოდაო. ახლა გოგო ალბათ კავკასიონის მთებს უყურებსო. ნეტა ფანჯარასთან თუ ზის მაინცო. თვითონაც გაიხედა კავკასიონისკენ, მაგრამ ირგვლივ კორპუსები იყო მხოლოდ. მერე ისევ მეზობელ ქალიშვილს შეხედა ოღონდ მთებზე არა, ახლა  ხელებზე. იფიქრა, ამ თითების პატრონი ბახს კი დაუკრავს, მაგრამ ბაჟეს გაკეთება და ბადრიჯნის შეკაზმვა გაუჭირდებაო, აი დიდი-დიდი ჭადი დააცხოსო. ჭადსა და ბაჟეზე გაახსენდა რომ უზმოზე იყო გამოსული ბინიდან, ახლა კარგი იქნებოდა ერთი კეცზე შემწვარი წიწილა, კეცისვე ხაჭაპური, კარგი საწებელი, შემწვარი კარტოფილი ნიგვზით და ზედ კარგი ადესაო. პრასი არაა აუცილებელიო, მაგრამ არ კი აწყენდაო. ისე საინტერესოა, ეს ჩემი ახალი მეზობელი, აივანზე რო ასეთი მშვენიერია, სამზარეულოში, როგორი სანახავი იქნება, ბოლოს და ბოლოს, ხომ ყველამ იცის, რომ გზა მამაკაცის გულისაკენ კუჭზე გადისო, კარგი იქნებოდა ერთი შემემოწმებინაო...

 

- ხვალ თორმეტ საათზე ამერიკაში მივფრინავ ერთი წლით, -  თქვა გოგომ. ამერიკა? ამერიკა! ამერიკა. ტრეფიკინგი. ახლა რა ქნას. არ გაბრაზდეს?! მაშინ რა ქნას. ერთი წელი. 365 დღე, ღამეც...

- რატო?

- სასწავლებლად.

- ერთი დიპლომი ხო გაქვს?

- ხო, მაგრამ....

- მაგრამ არ ვიცი. შენ ამერიკაში არ წახვალ, თორემ.. -  გაბრაზდა.

- თორემ?

- თორემ ავალ და სახლის სახურავიდან გადმოვხტები.

- მაშინ პარაშუტით გადმოხტი. -  გაეცინა გოგოს.

- კარგი, პარაშუტით გადმოვხტები.

- ნუ სულელობ. ერთ წელიწადში დავბრუნდები.

- არ ვსულელობ.

- მოკლედ ხვალ თორმეტ საათზე მივფრინავ. გამაცილებ? ჩემებსაც გაგაცნობ. ხომ გინდოდა?

- მე თორმეტ საათზე გადმოვფრინდები ჩემი კორპუსის სახურავიდან, არ გამაცილებ? ხო, ჩემი სახურავის მტრედებს გაგაცნობ, კარლსონსაც, სახლში თუ იქნა.... - თქვა ისევ.

- ესე იგი არ მაცილებ? გმადლობთ, - გოგოს ალბათ ჰგონია მიჯნური ხუმრობს.

- არაფრის... - ეს გუშინ იყო. მეტი არც არაფერი არ უთქვამთ, ასევე დაცილდნენ... ატყდა ომი. სადღაა მშვიდობა...

 

... ახლა კი სულ ორი სართულია მიწამდე. მეორე სართულზე ლეიბები გაეშალათ გასანიავებლად. მიჯნურმა აბა ეს რა არის. საერთოდ სად იყურება ეს მერია, გამოუფენიათ აქ ლებები, კაცი წესიერად ვერ გადმომხტარხარ და რამე ვერ გიტკენიაო. აბა, ცოტა თუ არ ვიტკინე, ტკივილი თუ არ ვიგრძენი, თუ არ ვიგრძენი რომ ცოცხალი ვარ, მაშინ რაღაა სიცოცხლეო. ამაზე უფრო ემხვარმა რომ არაბია მათხოვა ერთხელ და არაბიამ სამჯერ რომ გადმომაგდო, მგონი მაშინ დავიმტვერიო. ბოლო-ბოლო უკან ხომ არ ავბრუნდე და თავიდან ხომ არ გადმოვხტეო, თან იმ მხარეს სადაც სარეცხი თოკები არ არის, თუმცა, ახლა სადღაა სარეცხის თოკები, უფრო სწორად იყოო, რა არის ეს ხალხს თავისუფალი ვარდნის საშუალებას არ აძლევენ, პარაშუტის რგოლის გამოწევაც კი ვერ მოვასწარიო, რომ უცებ ბრეტელებიანი მაიკა დაინახა, ვარდისფერი, ბრეტელებიანი მაიკა და მასთან ერთად გოგო. შეშინებული მორბოდა, მაიკა არა, გოგო... მაიკაც...

 

... გიჟი ხარ, - უთხრა გოგომ და ტირილი დაიწყო. მიჯნურმა ხელები მოხვია და გულზე მიიხუტა. რა საზიზღარი ვარ. ჩემი ახლად გადმოსული მეზობლის გულისპირისკენ როგორ გამექცა თვალიო?!~ - გაიფიქრა და გაწითლდა. ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთო!~ - ასე გაწითლებულმა დაუწყო გოგოს დაწყნარება და ერთი წუთით, ბავშვებმა იქეთ მიიხედეთაკოცა. გოგო კი ტიროდა...

ან ეს მიჯნური რას ხტებოდა?!.. ან ამ გოგოს რა ატირებდა?!... ვერ გავიგე... ვერაფერი ვერ გავიგე...

უჰ, რა ცხელა! ლუდს დალევდა ახლა კაცი...

- ძმაკაც, ორი ლარი არ გაქვს?!

 

??????