ნიშნიანიძე შოთა
გაზიარება

ჭინკასთან საუბარი ექსკლიუზივი

ზოგჯერ ცარიელი მწვანე ბოთლიდან
ან სიგარეტის ლურჯი კვამლიდან
გადმოვა ჭინკა, კუდს გადმოიტანს
და მეცხადება სულ სხვა ჰამლეტად.

კამათბს, ანჩხლობს თმაგაჩეჩილი,
კამათობს, ანჩხლობს, იგრძელებს კისერს
და სტრიქონებად შემომაჩეჩებს
ამურისათვის მოპარულ ისრებს.

–გაიმარტივე ყველა სირთულე
ხელის ჩაქნევით ანდა ქირქილით.
ხელთ იგდე
                     თუნდაც სხვისი ტიტული
დაიდგი თუნდაც სხვისი გვირგვინი.

ნიღბები გინდა?ნიღბებს, პარიკებს
რამდენსაც გინდა იმდენს მოგიტან
თვითონ ეშმაკის გარდერობიდან
ისე...ეშმაკიც რომ ვერ გაიგებს.

იზრუნე წიგნზე და ყდის ფერებზე,
გზას რეკლამებით უნდა იგნებდე.
ბრბოს წიგნი როდი აინტერესებს,
არამედ მხოლოდ აზრი წიგნებზე.

აჩუქე წიგნი ლამაზ გოგონებს,
ყველას ხატება უწოდე ფრესკის
და ესტრადაზე შენც აგოგმანე
ჭრელკაბიანი კუდრაჭა ლექსი.

მგოსნებიც აქე ყველა ცალცალკე,
თუ მარტო დარჩი მთლად ერთი ერთთან.
მერე იმ ერთთან ყველა აძაგე
და ყველა, ყველა გიწამებს ღმერთად.

–ჭინკა კი არა ავგაროზი ხარ,
ისე სწორად ხსნი ცხოვრების იგავს,
შენ მგონი უფრო ანგელოზი ხარ.
ვიდრე მაცდური, ბოროტი ჭინკა.

მე კი ხანდახან ვეშვები ქვევით,
როდი ვეძახი ჩემს თავს უცოდველს;
ჯუჯას ვუწოდე პატარა დევი,
დევს კი–ვეება ჯუჯა ვუწოდე...
............................................................
თუ ეს ცდუნება გადავიტანე
და ჭინკა ბოთლში თუ ჩავიტყუე,
განწირულ გემის კაპიტანივით
მე შევასრულებ წმინდა რიტუალს.

დაე, განსაჯოს ვიღაც მესამემ,
განსაჯოს წლების იქით და აქით:
იქნებ ტყუილად ვევნე–ვეწამე
და გაწბილება არ ღირდა ჭინკის?

??????