საბაშვილი შალვა
გაზიარება

სამშობლოს 

შენ რომ დაგცილდე, გადაიჭრება
სულის ყოველი ძაფი,
შენ რომ დაგშორდე, ჩავიძირები,
მაღლა გადივლის ქაფი.
შენ რომ დაგტოვო, მოჰყინავს ლექსებს
დღეები ავბედითი,
შენ რომ უარგყო, დაცლილი სული
მერე ავივსო რითი?
რომ დამავიწყდე, უცებ მოკვდება
ყოველი ნერვი სმენის,
შენში ჩაწნულა ჩემი არსება,
ვით გაგეყოფა შენ ის?
შენ რომ არ იყო, უცებ შეწყდება
ქროლვა საყვარელ ქართა,
რა გამაჩნია, რა მეპოვება,
რა მაქვს სამშობლოს გარდა?
შენ რომ გიმუხთლო, რად მინდა ძალა
სივრცეთა გადაქელვის?
შენ რომ მომაკლდე, მთელი სამყარო
გამსრესს უსწრაფეს ელვის.

??????