ჩიკვილაძე მარი
გაზიარება

სათქმელი ტანზე გამომეჟონა 

დღეს რა უცნაური ალმაცერით მიყურებს ყველა,
მცივა, შემხედეთ! სველი ტანსაცმლით დავდივარ ხალხში,
მორჩა, აღარ მინდა ეს საქვეყნოდ მწირი სისუსტე,
გავიყინები, ეს სიცივე მომკლავს და წამშლის...

მაინც რადაა დღეს ამ ხალხის მზერა ცალმხრივი...
ეს წენგოსფერი ქარბორბალა რაღას მიპირებს...
ხმამაღლა ფიქრიც აღარ ძალუძთ უსუსურ თვალებს,
გაყინულსა და ცივს ვერავინ გადამიბირებს...

ასე მგონია დღეს მოვკვდი და დღეს ვიბადები,
ხის გამხმარ ტოტზე ჯერ კიდევ ვუსმენ ფოთლების ფეთქვას,
ზოგჯერ საკუთარს სჯობს იკითხო სხვისი წერილი,
იქ პარალელურ წრფეებს მაინც არავინ კვეთავს.

მზის ჟანგიანი ღიმილიც უკვე ვეღარ უშველის
ვადაგასული სტრიქონებით სიტყვების წონას,
მცივა, მე ისევ სველი ტანსაცმლით დავდივარ ხალხში,
სათქმელი ტანზე უნებურად გამომეჟონა...

??????