ნოსტალგია
ბესიკის ბაღში სევდაზე მეტი ვარ,
ჩემი გულია ცეცხლგამძლე სეიფი.
მომნატრებია მტკვარზე ქეიფი,
მაგრამ სადღაა ტივი და მეტივე?!
აგერ ფიროსმანის მოხატული დუქანი,
დუქანთან _ ბატკანი, ბატკანთან კინტო,
ხანდახან ღვინო იმისთანას გიმტრობს,
მონაგონია რუქნადინის მუქარა.
აგერ საიათნოვას ძველი ჭიანური,
სადღა არიან რაინდები ყაბახის,
აღარ მინდა სირაჯების ტრაბახი,
გამაგონე რამე ჭკვიანური.
გოლოვინზე დადის მხცოვანი აკაკი,
ქიმერიონში ქეიფობს მაიაკოვსკი,
ტიციანი მიწას ზვავივით მოსკდა,
ქართული პარნასის ახალი ზვარაკი.
ახლა იწერება
`არტისტული ყვავილები~,
გალაკტიონმა აუშვა აფრა,
ჯერ დიდუბეში გაუჭრიან საფლავს,
ვაჟა-ფშაველას მთაწმინდის გაელვებით.
პოეტის თავი დაგორდა ღრმა ხევში,
სასტუმრო `ანგლეტერში~
მოკლეს ესენინი,
იქნებ გვიანია ახლა ეს წერილი,
მეგონა მკვლელი გავაბი მახეში.
არ ვიცი, მე როდის ავუშვებ ღუზას,
საით გამაქროლებს ბედის ქარავანი,
ბარათაშვილია ჩემი ფალავანი,
ეკატერინე მეათე მუზა!