ნიშნიანიძე შოთა
გაზიარება

ათი მოკლული წერო ექსკლიუზივი

იხარბა...შეცდა...და გზას გადასცდა
და ჩაიდინა ცოდვა მრავალი,
დღეს ციხეშია–ერთ დროს მამაცთა 
მეციხოვნეთა შთამომავალი.

რა არი ჩვენი სიცოცხლის წლები,
მაინც რა არი ჩვენი ცხოვრება,
სულ რამდენიმე მოქნევა ფრთების,
ასგზის შეხვედრა და განშორება.

მიფრენენ წლები და გაჰკივიან,
სად ანდა როდის გაუვათ ყავლი?
თითქოს სიცოცხლე წეროს მწკრივია
გადაზომილი განგების მტკავლით.

არც განგებაა, არც ბედისწერა
დანაშაულის ეს ათი წელი,
ეს ათი წელი ათი წეროა
გამოთოფილი პატიმრის ხელით.

და ჩამოირღვა ცა უცაბედად,
გაუფერულდა დღეც და ღამეცა, 
დედა ათი წლით ადრე დაბერდა
და ათი წერო  მხრებზე დაეცა...

მან დააქვრივა ცოლი ათი წლით,
ათი წლის ხსოვნა დატოვა ზოგთან,
მან დააობლა შვილი ათი წლით
და თავისთვისაც ათი წლით მოკვდა.

და ერთიანად გაჭაღარავდა,
ჩაშავდა, ჩაჭკნა თითქოს სულამდე
სახლში, კედელზე სულ ახალგაზრდა
შინმოუსვლელი მამის სურათი...

წიქარასავით მოდის სიზმარი,
პატრონს დაიხსნის და გაიტაცებს...
ეს ძილში...ძილში...ხოლო მღვიძარი 
დაუბრუნდება ციხეს იმწამსვე...

ხარი  საკანში ჩატენის ბღავილს,
როგორც ჩანჩქერის ხმაურს და ღრუბელს,
როგორც წვიმას და ტყის ველურ ყვავილს,
ხის ძირებში რომ ლივლივებს გუბედ.

და ტანში უდგას ელვის შიშინად
და სულში ველურ თაფლივით ღვენთავს
სტადიონების სტვენა, ყიჟინა,
ზღვის შრიალი თუ სიჩუმე ტყეთა...
..............................................................

ამ კაცმა სული ეშმაკს მიჰყიდა
და ბედს მინებდა ცრუს და ონავარს,
ახლა ქვეყანას უმზერს ციხიდან,
როგორც წარსულს და როგორც მომავალს.

დამენანება სიცოცხლის ფლანგვა,
უქმად და ფუჭად დრო დაღუპული 
და ყველას, ყველას გვედება ლაქად 
ათი მოკლული წეროს ბუმბული...


??????