ნიშნიანიძე შოთა
გაზიარება

საგვარეულო ხე ექსკლიუზივი

1
მითებში,
სიზმრებში დავეძებ ფესვებს:
ვინა ვა, საიდან მოვდივარ?
გენეალოგიის ბიბლიურ ხეზე 
რომელი, რომელი ტოტი ვარ?
ტოტი ვარ!–გაფოთლილი სტრიქონი–
ბუნების ძღვენი თუ ტარიგი.
ბუდედ ჩანს
                       ქორონიკონი–
ჩემი დაბადების თარიღი.
კურთხეულ იყავ, კურთხეულ,
სულ დევის პეშვივით იზრდები,
შენ, გამიმრავლე, ბუდეო, 
ჩემი სიმღერები–
                                ჩიტები...

2
ვინ იყო პირველი მომწვნელი ფაცხების,
გვარის წინამძღოლო თუ გვარის დამწყები.

ვინ იყო, სად იყო ან როდის სახლობდა,
რომელ მდინარესთან ან რომელ მაღლობთან...

ვხედავ ურარტუდან მოდენის თქმულებებს...
და გზებს ხარებივით მტკვარზე არწყულებენ...

ნეტავი შენს ტოტებს რა მოდგმა მოსავდა
მხედართა,
მჭედელთა,
ბერთა თუ
მგოსანთა?

ვაიმე, ფოთლებო, თქვენს გვარს და სახელებს
მატიანეები არაფრით ამხელენ.

ცვიოდა ფოთოლი...
                                 ცვიოდა...ცვიოდა...
ყველგან:საქართველოს ციხე–ბასტიონთან.

აქ ლომი სპარსეთის,
იქ მთვარე თურქისა
გტორავდა, გსხეპავდა, გიმტვრევდა ზურგის ძვალს.

კურთხევა იმ ფოთლებს! კურთხევა, კურთხევა!
ვკოცნი მამულისთვის გადამტყდარ შუბს.
აე მაგ ფოთლების გვირგვინი უხდება 
ძველი საქართველოს წამებულ შუბლს.

ხეო უფლიოსაო,
მიმრავლე მოდგმა,
მოისხი ვარსვლევთი ბრიალა.
მე კი დამიგულე იმ მკურნალ ფოთლად,
რომელიც დაეცემა მამულის იარას...


??????