ყურაშვილი ავთანდილ
გაზიარება

იობი ექსკლიუზივი

იობმა ღმერთს შემომღერა,
თავის უფალს მადლი მისცა,
_ ათასი ბევრი მაწვალოს,
მე ვერ ვიტყვი
ღვთისა ძვირსა...
ხალხური
სისხლით მორწყული აი ეს გზა...
ბრძოლით დაღლილი
მივესვენები ბნელსა შიგან აყრილ ზმანებებს,
მშვიდობით, ჩემო სიმღერებო,
ცეცხლის ენები
დროშად ფრიალებს აგებული შუბის ტარებზე.
მზე ჩადგა. განა მართლა ღამდება,
ხმელზე ჩამოდის ცა მგლოვიარე,
მოაქვს ძილქუშით ტკბობა...
რა სალოცავში არ ვეგდე,
რა ხატი არ მოვიარე,
`სახლ-კარი გვივერანდება,
გველეშაპები გვმტრობენ~...
ავი, ბნელი და მღალავი,
პირმყრალი, ცრუ და მპარავი,
ჩემო ბებერო ფანდურო!
შავეთს ჩაგვლალავს დღესვე...
იქნება თეთრი სასახლე
სასახლე სულაც არ არი, _
ხმა ამოიღე, ოხერო!
ერთი წამოიკვნესე!..
ამდინარ-ჩამომდინარი
სოფლიდან გაცლას ლამობ;
აქ რაღას სტოვებ, მითხარი,
რა რჩება შენი ფასი...
არ მინდა, მოვკვდე მძინარი,
ყელ შეუმღერე ლარებს;
თუ სიკვდილია,
სიმღერით შევხვდეთ ქაჯსა და მაცილს...
არც ძირი, არცა ნაპირი,
ცრემლის წყარონი დიან...
სიტურფე სიიაფითა
მალი-მალ ჩაჰყრი მძივებს;
წამერთო ამოსახედი,
პირზე გადამდის ქაფი,
რა ჭირად ჩამომახურე
ლაჟვარდოვანი მღვიმე.
ხევიდან ამონაკვნესი
შეწურა, შედგა სვეტად.
კბილ-ბაგე გადაეფურცლა,
ცა აამტვრია ღამის...
ამ სისხლის სამოსელიდან
შენ ერთს _ მშვენიერს გხედავ,
ამ სისხლის სამოსელითა
რისთვის დამსაჯე, დედავ!
არ ყოფილიყო ნათელი,
არ იქნებოდა ბნელი;
არც მშვენიერის მშვენება,
არც უნაზესზე ნაზი...
ენა სველია, მაცდური
და ბევრი ცოდვის მთქმელი, _
ნეტამც არ გავჩენილიყავ,
არ მევლო ქვეყანაზე.
ურგები, უპატიური,
ნაკერი შენი ხელით,
ტანზე მერღვევა პერანგი _
ცეცხლი, ქარი და მტვერი...
მიწი-მიწ ჯვარი მიმყვება, _
ხმელეთი იქცა იობად...
როგორ მიყვარხართ, ბრიყვებო,
მშვიდობით კაცობრიობავ!

??????