ფირცხალავა არჩილ
გაზიარება

* * * "როცა ტკივილი სიკვდილის ჟინად" ექსკლიუზივი

როცა ტკივილი სიკვდილის ჟინად
იფოთლება და სხეულში დადის,
სულ სხვანაირი ყოფილა, ჯინა,
პოეტისა და მიჯნურის დარდი.
როცა სხეული სენმორეული
ჩუმი ოცნებით მაღლდება ცამდი,
გამოდის ჩემი მჭლე ორეული
და სიზმარეულ ფერებში დადის.
მოვილხენ, მაგრამ რად მოვილხინო,
ბჟუტავს ხსოვნაში წარსულის კვარი,
ბოლოს და ბოლოს რა გახდა ღვინო,
ბოლოს და ბოლოს ვინაა ქალი.
ჯერ სასიცოცხლოდ ასწიე ქნარი,
ღმერთებს უსმინე ღვთაების შვილო,
თორემ ყოველთვის იქნება ქალი
და დაიღვრება საფლავზე ღვინო.
ხვინჭას უწმინდეს ბადახშში რეულს
რას მისცემს თმების გადაფიფქება,
გადაშლის ვინმე პოეტის რვეულს,
გადაშლის ვინმე და დაფიქრდება.
რამდენი ტკბილი ნუგეში გაქრა,
ცამ რომ დაუსვა ნეტარ ფიფქებად,
ის დაფიქრდება შენს ლექსზე, მაგრამ
შენ რას გიშველის ეს დაფიქრება.
როცა ტკივილი სიკვდილის ჟინად
იფოთლება და სხეულში დადის,
სულ სხვანაირი ყოფილა, ჯინა,
პოეტისა და მიჯნურის დარდი.

??????