აჯიაშვილი ჯემალ
გაზიარება

*** "კრთოდა ველი და ფიანდაზი" ექსკლიუზივი

კრთოდა ველი და ფიანდაზი _ ველზე ნაფენი
და დღის ნათელიც უჩვეულოდ მკრთალი მეჩვენა,
დილას თან დევდა შეღამების თანანადები,
მაგრამ რატომღაც ძნელდებოდა მისი შეჩვევა.
ვიდოდა ჟამი ნელი კვდომით და დაბადებით
და მზე, რომელიც აღსავლიდან დაღმა ეშვება,
ცხრებოდა, როგორც გადამქრალი ცრემლის ნათელი
და იმ ნათელში სიყვარულის ხატი ესვენა.
ბერავდა ქარი ნაღვლიანად და უხალისოდ
და სათნოება ქცეულიყო ქვეყნის სალიზღოდ;
იქ კი, მთის გაღმა _ საუკუნო ბინდის წინარე, _
სადაც მზე მიჯნავს სააქაოს საიქიოდან,
გარეუვლიდა წუთისოფელს სევდის მდინარე
და მდინარეში უკვდავების წყალი დიოდა...

??????