ფხოველი ჯარჯი
გაზიარება

სამშობლოს დიდი ფასი ედო ექსკლიუზივი

სამშობლოს დიდი ფასი ედო
გარდასულის შავ ბაზრობაზე...
იქ პოეტებმა ბევრი ივაჭრეს:
ამ ერთმა სიტყვამ ააყვავა მათი ბიზნესი...
ეხლა ძალიან გაიაფდა, ფასი დაეცა!
თითქმის უფასოდ არიგებენ
მოედნებზე და გაშვლეპილ გზის ნაპირებზე...
ხშირ-ხშირად ისმის ეს მწარე სიტყვა,
ფრინველებმაც კი დაიზეპირეს...
ყურს თუ მიუგდებ,
გაიგონებ განთიადის ჟივილხივილში...
არც პოეტებს არ ეთმობათ
ეს ბიზნესი, თავბრუდამხვევი,
ხმებს იბოხებენ და გვთავაზობენ:
უნდათ, რომ ძვირად შემოგვასაღონ!..
მაგრამ მუშტარი ეხლა ისე გამოიქექა,
ვერ მოატყუებ ვერასდიდებით...
პოეტების ხომ აღარავის აღარა სჯერა,
ეხლა უფრო ჩიტებს ვენდობით:
განთიადის გალობაში რომ ურევენ ამ მწარე
სიტყვას,
ახალი სისხლით რომ ავსებენ,
ბუმბულივით ამსუბუქებენ...
თან ყალბი ცრემლიც არ ამძიმებს,
არც _ ქადალი გულისმრევი...
და ჰაერივით უფასოა,
ჰაერივით დაუყვედრები...
P.შ.
დაფლეთილია დღეს რუკებზე შენი ანფასი,
და მაინც ეკლად ეჩვენები დუშმანს, შურიანს...
ძვირად ფასობდი,
მაგრამ ეხლა ჩალად არ ფასობ,
შენზე რომ დარდობს, დღეს ის გულიც
უფასურია.

??????