დროის არარსებობის დღიურები
ბოლო პერიოდის ბადრი გუგუშვილს
1.
დროი.
ვინ სთქვა, რომ არ არსებობს?
შენ, დიადო, მოგენდე მთლიანად.
სანამ დავსწერდე, არ ვიცოდი, ვით
მეთქვა ეს.
ვინც ჩემ გვერდით იყოს,
ის იყოს დაი და ძმაი
და დედაი ჩემი.
თუ იგინი არა მახლდნენ თანა,
შენ იყავ მეგზური და მფარველი ჩემი.
შენ დამანახე, ვით ამზადებენ
შემოდგომას დასაბადებლად.
ან სად იმყოფება შესანიშნავი
ქალი–პოეტი დენიზ ლევერტოვი.
რომელი მატარებლით მგზავრობს
კარლ სენდბერგი.
რომელ გლეხებს ხვდება იოსებ ნონეშვილი.
შენ იყავი, კარგი, მფარველი ჩემი? –
მფარველი ყველასი ჩვენი.
რომ შევძლოთ მშვიდად ვუყუროთ
შემოდგომის ცაზე ანგელოსთა ჩვეულ
ფრენას, ადამიანში
დავინახოთ ცრემლი მწუხრის, ცრემლი
სიხარულის, სიცილზე უწინ.
შეხედე, ანანდა, ამ შემოდგომის
ფოთლებს, მოფენილებს ირგვლივ,
ამდენი იქნება გზა ჩემკენ მომავალი
და ყვავილებს კი ბევრი ლაპარაკი
არ სჭირდება.
მწყემსი გასძახებს მეორე მწყემსს,
თუ შეღამება უკვე ახლოსაა,
მე ვის დავუძახო?
2.
ამ მთაზე სახლს კი არ ვაშენებ,
პატარა ქოხს.
მთვარის შუქში დავაბინავებ,
მთვარის ბალიშს დავუგებ
ან სულაც შიშველ მიწას.
მაპატიე, ღმერთო, მაიმუნი თუ ვიყავი, –
შენი მაიმუნი. შენ მე შენი სახე
მაჩუქე, მე კი მაიმუნი გავხდი.
ვუჩოქებდი ლამაზმანებს
(თუმცა, ისინი მართლაც ლამაზები არიან,
ღმერთო).
ვაშენებდი სახლებს, იმ სახლებში,
სადაც მწერალს უნდა ეცხოვრა,
კაბინეტს მოვაწყობდი ხოლმე,
დიასახლისებს გაზქურებს და
სარეცხის მანქანებს ვუმონტაჟებდი,
რომ ემზადებინათ კერძები და ერეცხათ
სიბერემდე.
და მაპატიე, შენი მაიმუნი თუ
ვიყავი.
ლითონის დადნობასაც ვახერხებდი,
დიდ ღუმელებს ვაგებდი ამისთვის,
რომ სართულებზე სართულები
დამემატებინა, იქ ხალხი შემესახლებინა,
და ელ–განათებაც შემყავდა მათს უკვე
საკუთარ ბინებში.
მე ვიცოდი, რომ შენ ხარ.
საღამოს, დაღლილი, ლუდს შევექცეოდი
მეგობრებში, ან სულაც ნაცნობებში
და ხანდახან კი ვიფიქრებდი ხოლმე,
რომ შენ სადღაც უნდა იყო.
აბა, ჩემი სახლის საკუთარი ბიბლიოთეკა
ხომ არ ტყუის?
ქართული მწერლობა, ბერძნული ფილოსოფია,
ისტორია რომის იმპერიის,
დიდი საბჭოთა და საყმაწვილო ენციკლოპედია,
ბოლოსდაბოლოს, მსოფლიოს დიდი
მთავარსარდლები, რაინდნი და
სასახლეთა კურტიზანი ქალები ხომ არ
ტყუიან?
განა ტყუილად მოვუგროვე ეს დიდებული
ბიბლიოთეკა ჩემს შვილს, დათას?
არა, მე წავალ
და მთაზე სახლს კი არ ავაშენებ,
პატარა ქოხს,
და მაპატიე, ღმერთო, შენი მაიმუნი თუ ვიყავი.
3.
მინდა, ვისწავლო იმიტაციების ხელოვნება.
დავემსგავსები კლეოპატრას და მოგწამლავ,
თუ არ შემიყვარებ.
ანდა სულაც აფერისტი გავხდები, ოსტაპ ბენდერი,
ოქროს მონეტებს მოვაგროვებ შენთვის,
რომ შენ კარგად იცხოვრო.
გამომგონებელს დავემსგავსები, ახალ ტანსაცმელს
გამოვიგონებ ქალებისთვის, უფრო კი შენთვის.
რომ შენი სხეული და ჩემი სხეული
დაფარულ იქნას უცხო ადამიანებისაგან,
თუნდაც უცხო ხალხთაგან.
დავემსგავსები ჟონგლიორს, ილუზიონისტს,
ღვინით მოვაჭრე წვრილ ბიზნესმენს,
ილუზიის და ცდომილების ხარისხის გასაზომად
შენთვის.
დავხატავ რუქებს ჩვენი შესაძლებელი და
შეუძლებელი გამგზავრებისთვის.
დავემსგავსები ხომალდის კაპიტანს,
დავემსგავსები ორკესტრის დირიჟორს,
ერთხელ მაიც ხომ მოგატყუებ,
ერთი საღამო?
ყველაფერს გავაკეთებ, ფულს დავხარჯავ,
შევისწავლი იმიტაციების ხელოვნებას,
რომ შენ გეგონოს, დაიჯერო, რომ მე
ყოველთვის ეს ვიქნები ან რომ
ყოველთვის ნიჭი მექნება იმიტაციის.
4.
ეგვიპტელებისთვის – რა –!.. ჩვენთვის – მზე!..
კანონის ფურცლის გადაწერა ბევრჯერ შეიძლება
ადამიანთა კანონების მხოლოდ.
ქალაქის შემოსასვლელის, პირველი ხიდების,
ძეგლებისა და ობელისკების შეცვლა
არავის ძალუძს, თუ პირველად
კანონს არ შეცვლის.
ეს უცხო მიწაც ჩემი მიწაა.
ზანგი მესაყვირე. მოხუცი პრინცესა,
მატარებლის იგივე ხმა,
გარემო, სადაც შენ არ ყოფილხარ და
არც წარმოიდგენ. შენთვის, სახლების მშენებელისთვის,
უცხო იყო ამდენი სიცარიელე –
ხიდებზე, სართულებზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
შენ კი, მოქალაქევ, ვიცი, რასაც ფიქრობ.
ღმერთი რომ არსებობს ეჭვიც არ მეპარება.
შეიძლება მძიმე დროა.
მაგრამ ის არსებობს. ის ყველაფერს
ხედავს, რაც მე შემეხება და მე მას
არაფერს ვუმალავ.
ეს ქალაქიც ჩემი ქალაქია და ყველა მიწა ჩემი
მიწაა.
ხო, პრინცესაზე გამახსენდა, რამდენი ლექსი
მიუძღვნა მას შოთა ნიშნიანიძემ?
\"ვერ დათვლი\", – შენი ხმა მესმის.
აქ რა უნდა შენს ხმას,
ნუთუ ღრუბლების საქანელას აჰყვა?
ეხლა ვხვდები მხოლოდ, ვაჟა–ფშაველას
რომ უთქვამს, \"რატომ არ მოველ წვიმადა\"–ო,
სწორი ყოფილა.
შენ ამ ლექსს შენს სათაურს დაარქმევდი,
\"პიროვნება ქარი\", აი, ასე.
დიახ, სული ქარია და სწორი ყოფილა
ვაჟა–ფშაველა, როდესაც წვიმა დაინახა იმ დღეს.
5.
დროი. განა ის არსებობს?
თვითონ ეს მსოფლიო ჩვენს თვალწინ არის
მაგიური მედალიონი. ხეები ამოიზრდებიან დედამიწიდან,
მზე ცარგალზე ჰკიდია და მთვარეც,
ჩიტები ჰაერს ჰკვეთენ, თუ ჰაერში არსებობენ?
ქრისტემ ორი პური გაუნაწილა ხალხს
და ყველა ეყო. ასევე თევზი, ხუთი
კალათა.
მესაყვირენი მეტროს სადგურში, იღება კარი ვაგონის.
ბაროკო, გოთიკა, შუასაუკუნეების ალქიმიური
ფურცლები, ხალხი ფოტოგრაფიის გარეშე,
დარჩენილი ნახატებში, ბიბლიოთეკებში,
მაშინდელი ხეები, მაშინდელი საზრუნავი ყოველდღიური.
ეს ყველაფერი, რასაც დღეს ხედავ, ან რასაც
იმ დროისთვის წარმოიდგენ, თუ
აღმოჩნდება , რომ ერთი ყოფილა, დაბრუნდები?
შენ ალბათ ფიქრობ, ადამიანებს ახასიათებთ
სიფრთხილე, ადამიანებს ახასიათებთ ასევე სისასტიკე.
იქნებ იმიტომ, რომ ჰგონიათ, რომ
დრო არსებობს?
ალუბლის ტოტი,
შენ რომ დარგე გრიგოლ ცეცხლაძის საფლავზე,
აყვავდა ამ შემოდგომაზე.