კედელი
მითხარი, დატოვე რამე ნიშანი,
რომ გიცნო, როცა
მეორედ დავიბადები,
შენ, ჩემო თავო, პირადად,
რომ გიცნო, რომ ვიცოდე,
რომ ეს მე ვიყავი.
გაჩხაპნე რამე კედელზე,
წიგნის მინდორს მიაწერე
ერთი სიტყვა \"დათო\"
და მე გავიგებ, აი, ეს
მე ვყოფილვარ და მერე
სხვებსაც ადვილად ვიპოვნი,
ყველას, ვინც მიყვარდა და
ვინც მძულდა.
მატარებლის ხმა აღწევს
ფანჯრიდან, ვიცი, ასეთ
სწრაფ მოვლენებში ვერაფერს
დატოვებ, მაგრამ რამეზე
ნიშნის დატოვება ხომ
შეიძლება?
ნუთუ არ შეიძლება, ვიცნო
ეს კალამი მაინც და
თუ ამას ვერ ვიცნობ,
შენმა ნაჩუქარმა ყვავილმა
მაინც მანიშნოს, მომახედოს შენკენ.