მე შევიშალე ექსკლიუზივი
მე შევიშალე _
როიალის კლავიატურას
ამოვაცალე საღი კბილები,
სამგლოვიარო განცხადების სევდიან ხაზებს
დაემსგავსნენ
გადარჩენილი შავი ბგერები
და ჩინურმა პენტატონიკამ
გადაუარა ოთახის კედლებს.
მე შევიშალე _
კნუტის წილი რძე დავლიე მშვიდად
და მისი დედის _
საბრალო კატისმკვლელ ბოროტ ბიჭებს
შექების ნიშნად მაისის ბალი ჩამოვურიგე,
ფაქიზი ხელით გამოკვეთილი წყვილი აქლემი
შეშის მხერხავებს გადავუყარე,
და ბურატინოს ჩამოვათალე
ღირსება მისი და სილამაზე _
მთელ მსოფლიოში განთქმული ცხვირი.
მე შევიშალე _
ძურწა ბალახს ვუწოდე შვილი,
მერე მოვცელე უმწვანესი ლორთქო ბალახი
და ჩემს სიგიჟეს დავარქვი ვნება
და სიყვარული...
უკბილო ბგერებს სწუხს როიალი,
უმწეოდ კნავის მშიერი კნუტი
და ბლით გამომძღარ კატისმკვლელ ბიჭებს
ნიშნის მოგებით უცინით სახე
და ნაჩუქარი წყვილი აქლემის
გადახერხილი კუზების სისხლი
მდინარესავით ჩაედინება
ცხვირჩამოთლილი ბურატინოს ცრემლების
ზღვაში...
ახლა მაბოდებს:
როიალი, კნუტი, ბიჭები, წყვილი აქლემი,
ბურატინო,
მკვდარი ბალახი...
თუმცა, რაღა დროს _ მე შევიშალე!
მაგრამ რა ვუყო არა შეშლილებს,
ვინც ასე დინჯად, შეუშლელად ანადგურებენ
კლავიატურის უნაზეს ბგერებს,
კნუტის რძეს, აქლემს, ბურატინოს ცხვირის
ღირსებას,
ლორთქო ბალახს ღიღინით გლეჯენ,
და ბოროტ ბიჭებს არ ტუქსავენ უსასტიკესად,
რა ვუყო იმათ! თორემ მე ხომ,
მე... შევიშალე!