ხეთაგური მზია
გაზიარება

თოკი ექსკლიუზივი

შენი პერანგი ქარში ფრიალებს,
თოკზე თავდაღმა ჰკიდია, შრება...
მკლავებგაშლილი კვლავ სატრფიალოდ
ქართან შეხებით დაეძებს შვებას.
ხან ჩემკენ იწევს, ხან ჯამბაზივით
უცხო ილეთით ესწრაფვის მთა-ბარს...
მალე შენს პერანგს წვიმის ემბაზი
ვით ცოცხალ სხეულს, სათუთად განბანს.
ჩემგან მოვლილი და ნაფერები
სხვა აივნისკენ დაბმული გარბის...
იქვე, კუთხეში, ტოკავს ფერები
მისთვის ოდესღაც ძვირფასი კაბის.
ღამდება...
ცრემლებს თოკივით ვაბამ,
ნედლი იჭვებით ფილტვებს ვიხრჩოლებ...
შენი პერანგი და ჩემი კაბა
საცაა, თავებს ჩამოიხრჩობენ!

??????