ხეთაგური მზია
გაზიარება

მშვიდობით... ექსკლიუზივი

ჩემი სიზმრების ლიანდაგებზე
აღარ დაჰქრიან შენი ბორბლები,
გახსნილი კარი უკვე ჩავრაზე,
საგულდაგულოდ გემშვიდობები.
მშვიდობით... ბაგე სხვა ყველა სიტყვას
დღეს დაუნდობლად ახშობს და ქოლავს,
მშვიდობით, რადგან მე აღარ მიყვარს
შენს მიდამოში ქარივით ქროლვა.
მშვიდობით, რადგან ძველი ტკივილი
ვერ დამიამე უცხო ნაღველით,
და თუ ცდუნებას ვერ გაუძელი _
მას ვერ დაარქვი ჩემი სახელი.
მშვიდობით, რადგან შენი ტოტები
გახრიოკებულ სულში ვერ ჩრდილობს...
მშვიდობით, რადგან თუ გაგონდები,
ჩემთან ყოფნასაც უჩემოდ ცდილობ.
მშვიდობით, რადგან ვერსად გიმუხთლე
და მოგაგებე გული მიმნდობი,
მშვიდობით, რადგან ვერ მოიღრუბლე
ჩემი წილი ცის უამინდობით.
მშვიდობით, რადგან იქ მკლავდი სწორედ,
სად ბედნიერად მიგაჩნდა თავი,
მშვიდობით, რადგან ამღვრეულ მორევს
ვერ გადასცურავს ქაღალდის ნავი.
მშვიდობით, რადგან დღესაც ვერ დათმობ
ბუდეს, ჩემამდეც რომ ვერ დათმობდი...
მშვიდობით, რადგან კვლავ ისე ვდარდობ,
შენთან მოსვლამდე როგორც ვდარდობდი.
რადგან ვერავის დაემშვიდობე
ჩემთან შეხვედრის წყურვილის გამო, _
მშვიდობით, _ კვლავაც სიზმრად იომებ,
მშვიდობით, რადგან სიმშვიდეს ლამობ.
მშვიდობით... ვახშობ დანარჩენ სათქმელს,
როგორც ცარიელ სიტყვების გროვას...
მშვიდობით, რადგან მოვარდნილ ქარებს
ნაკრძალ მინდვრებში არ უყვართ ქროლვა!

??????