ხეთაგური მზია
გაზიარება

მაგან რა იცის!.. ექსკლიუზივი

მაგან რა იცის, ვინც დღეს შეგხარის,
რომ ხელთ უპყრიხარ ჩემივ სურვილით,
ბედმა კი არა, გვალვამ შეგყარათ
და არ დაცხრება შენი წყურვილი!
მაგან რა იცის, თუ რა უძილო,
უმთვარო ღამეს ავიგეთ ქოხი,
როგორ გვებრძოდნენ, რა სიძულვილით
გვემუქრებოდნენ გაუთლელ ჯოხით!
მაგან რა იცის მარტის ქარების
გულამოსკვნილი მოთქმა-გოდება,
ქოხი უფანჯრო და უკარებო
რომ ქვეყნად არსად განმეორდება,
და რომ არავინ იდგა ჩვენს გვერდით,
რომ მოეშალა ცისკრის მანეჟი,
რომ უნებურად ვიტვირთეთ ბედი
ნავების, უცხო ოკეანეში,
რომ ძველ სითბოს და ყელმოღერებას
დღესაც დავეძებთ ხელისცეცებით,
ადრე თუ გვიან _ სიკვდილის მერე
ხეზე ერთ ტოტად აღმოვცენდებით!
პეპელას შვენის უხმო ფარფატი,
იქვე ბზუილით თავს იკლავს ბუზი...
მაგან რა იცის, რომ ამ ღალატის
და ერთგულების ნასუფრალს უზის!
მაგან რა იცის! _ წლები გადროვე,
ვერ მოგაშორე ეჭვის ხუნდები,
რომ შენ კი არა, მე მიგატოვებ
და მხოლოდ მკვდარი დაგიბრუნდები!

??????