პოეტის შესახებ ექსკლიუზივი
იყო პოეტი, როგორც სურდა ისე იცხოვრა,
მეტს არ ეძებდა, არც ნაკლებზე იყო თანახმა.
ინანიებდა რაც შეეძლო, ცოდვებს იხოცდა,
და რას ეწია, ან რა სურდა _ უწყის ალახმა.
დაფრფატებდა როგორც ერთი ვინმე ყორანი,
ბუღნარაობდა როგორც ვინმე _ უცხო მარტორქა,
ჰქონდა იარა, მაგრამ ისიც ნადიდგორალი,
და ამიტომაც მუხთალ ჟამმა ვერ დააჩოქა.
წერდა ლექსებს და _ სხვათა შორის _ ასე ეგონა _
მთლად უსქმოდაც არა ვარო დინგი _ დუნია,
რაც ჟამ ხდებოდა, ბევრი რამე არ მოეწონა,
რაც ჟამ რჩებოდა, არც აღარა დაუწუნია.
დრო კი მიხტოდა ვით ეზოში ბეცი ბოცვერი,
რათა და რატომ _ თავში აზრად არც კი მოსვლია,
გზას მიკვალავდა ხან ჭაობში ლელთა მოცელით,
ხანაც პარკეტზე აცეკვებდა პოლკას ფროსიას.
ზაფხულში ღუმელს ეფიცხებოდა არყის ბოკალით,
ზამთარში ნაყინს მიირთმევდა წელს-ზე შიშველი,
ნაბახუსევზე ჩაესმოდა: მიდი... მოკალი...
და ღმერთს ჩურჩულით ევედრებოდა: შენ თუ მიშველი.
`ვა ბანკს~ იძახდა წამდაუწუმ შორის შულერთა
და მათხოვრებთან შხამსა სვამდა ლამის დილამდე,
ვალადა ჰქონდა მართლის გეში, როგორც ომერტა,
ორმხრივი სევდა გულს უჭერდა როგორც გირაგი.
არც მიწის იყო და არც ცისა, როგორც აღნიშნა
წერეთელმა და ბოლო-ბოლო თვითონაც მიხვდა _
რამდენი რამე შეეშალა ფუჭ იაღლიშად _
მიხვდა და ყველა კონტაქტები გათიშა რიხთან.
თავჩაღუნული დასცქეროდა ტყვიისფერ ასფალტს,
თავო ჩემოო _ ღიღინებდა გულარხეინად _
ნარჩევ სიტყვებით ადევნებდა გასაცდელს ლაზათს:
გმადლობთო გენავ _ შენ მიქციე შარი ხეირად.
რა ედო გულში, ხშირად თავად ვერა ხვდებოდა _
აფაციცებდა მაცილების ყალბი გრაცია,
და როგორც სტრიქონს, გამკრთალ ხალისს თავს ევლებოდა,
რათა ძირშივე აღმოეფხვრა პროფანაცია
და არ ეგონა მოკვდებოდა _ თურმე კვდებოდა,
იმის გარეშე აერჩია იღბალს მიზანი,
თუმცა უმეცარს კვლავ ჯიუტად ესიზმრებოდა
სივრცე უმიჯნო და ბჭეკარნი სამოთხისანი.
იყო ხიზანი, მაგრამ თავი სახლში ეგონა,
ყველა შეცდომა მასპინძლურად თავად ეტკინა,
თვითოეულ-ყველას უსაზმანოდ გადაჰგებოდა,
რადგან სხვაგვარი ყოფა ვერც კი წარმოედგინა.
ჯიუტი იყო, თავქეიფა _ როგორ არ იყო,
ღვინის ჩარექი სულ თან ჰქონდა როცა ტყუოდა,
ნისლიან მზერით დაუბღვერდა ხშირად ბარიგებს
და ნისიადაც წაიღებდა რაც კი უნდოდა,
დაბანცალებდა დაღალული თავსხმა-ლეგმაში,
და ბარში ბარმენს შეუღრენდა: ასი დამისხი...
ჰარმონიაში იჭრებოდა ჯახის დემარშით _
თავისებურად ისიც იყო იგორ სტრავინსკი.
წამოწვებოდა ფრიალოს პირ ვითარცა პანი,
თუმც გადაჩეხილს დაჟეჟილი ჰქონდა ფერდები,
იმეორებდა მოგუდული, ჯიუტი ბანით:
_ დიახ. მოვკვდები. მაგრამ მაინც არ დავბერდები.
არა გააჩნდა, მაგრამ განა თუ მათხოვრობდა,
თუ რამ ახარა _ გაზაფხულის ლურჯმა ბალახმა...
იყო პოეტი, როგორც სურდა ისე იცხოვრა,
მეტს არ ეძებდა, არც ნაკლებზე იყო თანახმა.