დედა ნინოს-ნათელსა საქართველოისასა ექსკლიუზივი
რომელმან ნათლით შემოსე
მოდგმა კოლხთა და იბერთა,
ქართვლის დედავ და ქალწულო,
გული კვლავ არ დაგიბერდა,
ზეგარდმო ცვარი აპკურე,
იწყე მესხით და ლაზითა
და ღვაწლმან შენმან მამული
ოქროს ხანამდე აზიდა...
რომელმან სცვალე საწუთრო
უხრწნელი სილამაზითა...
საუკუნეებს აპურებს
სურნელი შენი ვაზისა.
მე ვით შეგამკო, როდესაც
ძალნი გამკობენ ცისანი,
თავსაც რომ კრძალვით გიხრიან
ყვავილნი სამოთხისანი,
საკუთარ მამულს, ვარდობას
შემოხველ, როგორც ხიზანი, _
ცად აგვამაღლე და ზეცით
ლოცვა-კურთხევას გვიგზავნი.
ქალწულმა ჰბაძე ქალწულსა,
ქართველთა ტკბილო დედაო,
შენგან, შენ მიერ, შენს მამულს
სიკეთე დაებედაო,
ავმაღლებულვართ იმ ხანად _
სადაც სიყვარულს ვხედავო...
არცა დაღლილხარ, ღირსეულთ
ცად მიუძღვები მხნედაო.
დაგვლოცე, მწყემსო კეთილო,
გამოგვაფხიზლე მძინარნი,
აწ უდარდელნი, ბოლო ჟამს
ავაჰმე რამდენს ვინანით...
შემოგვაბრუნე მზისაკენ, _
ვიდრე სიცოცხლე წინ არი, _
რომ უფლის მოსვლას საკვირველს
ჩვენც შევხვდეთ სახე მცინარნი.