ჩხიკვაძე ვანო
გაზიარება

იასამანი ექსკლიუზივი

ფუტკრის სკებთან ფუსფუსებენ
წმინდა მამანი,
მაყვლიანში თაფლისფერი იწვის საღამო.
ღობესთან დგას მოწყენილი იასამანი,
აგვიანებ აყვავებას, იასამანო.
სულში წვეთავს შორეული რეკვა ზარების,
რომ ცოდვები სინანულის ცრემლმა დანამოს.
ვიყავ. გნახე.
გულნატკენი მივემგზავრები.
ჭირისუფლად ხომ დადგები, იასამანო!
აწყვეტილი ბილიკები ცისკენ მიდიან,
ხელგაშლილი მელოდება შემწე ობოლთა.
მაცხოვარო, რა სიჩუმე, რა სიმშვიდეა,
თითქოს უკვე გავიარე ჩემი გოლგოთა.
ფუტკრის სკებთან ფუსფუსებენ წმინდა მამანი,
მაყვლიანში თაფლისფერი იწვის საღამო.
თავდახრილა მგლოვიარე იასამანი _
მწუხარებაც როგორ გშვენის, იასამანო!

??????