ჭიკარტი ექსკლიუზივი
(ექსპერიმენტი)
საწერი მაგიდა. სასანთლე. კალამი.
კალამქვეშ ფურცელი. ფურცელზე მრავალი
სიტყვაა. სიტყვები თბილები, მკაცრები,
გაბმულ-გამობმული ვით მრავალძარღვები
მომფერებლები და ჩუმად კეთილები,
მსუბუქი მძიმეებით, მძიმე წერტილებით.
როგორც ჭიანჭველებს ფიქრები მიაქვთ და
უხმოდ მიჰყვებიან სტრიქონთა ლიანდაგს.
ორთქმავლის ყელიდან მხდალი და მშიშარა
ზოგჯერ დაიკივლებს ძახილის ნიშანი.
დეფიზის პაუზა და ტირეს ტიხარი
და შორისდებულიც – სამივე იქ არის.
შორიდან თავს გიქნევს დამყოლი აბზაცი.
აიღე კალამი. სტრიქონი დავარცხნე ...
წიგნები აქეთაც. წიგნები იქითაც,
მეციხოვნესავით გოდოლის კიბიდან,
დავყურებ ბრძოლის ველს. ჭრიალებს მაგიდა.
ველი ამოფრინდეს სინათლე ქაფიდან.
სიტყვებო, ყოჩაღად! აქ ჭიკარტს რა უნდა? –
მოფრინდა რითმა და უკანვე გაბრუნდა.
პატარა. ჩხვლეტია. ვინ დადო ჭიკარტი?
რატომ მომაგონდი? არ მახსოვს. მიყვარდი?
უკვე არაფერი ხსოვნაშიც არ ყრია.
მორჩა. დაიცალა. ბოთლია თავღია.
არაყი. გრადუსი. გაწყალდა გრძნობები.
არც თანამგრძნობელი, არც ცრემლის მომწმენდი.
სიჩუმე. მაგიდა. დუმილის ბოქლომი.
ძარღვებში თავისთვის მღერის ალკოჰოლი.
ვაგონი. ვაგონი. ნაცნობ ჩიხს მიადგა,
გველივით გასწივლა ბუფერმა ლიანდაგს.
სად არის, ვინც ერთხელ შენთვის რომ ილოცა.
ცრემლების მარილი უპეებს მილოკავს.
ვერ შველის სტრიქონი უმწეო ჭრილობას.
ვღალატობ. ვივიწყებ საყვარელ კილოკავს.
ვინ დადო ჭიკარტი? – თვალებმა იავდრა.
გახევდა სტრიქონი. ნაცნობ ჩიხს მიადგა.
პატარა. სამკუთხა. ჩხვლეტია ჭიკარტი.
რა სისულელეა. მიყვარდი? მიყვარდი!