ბარამიძე ილია
გაზიარება

ი-ს ექსკლიუზივი

ბავშვობის გაზაფხულს ხსოვნიდან ვერ წაშლი,
პირველ სიყვარულსაც ვერ წაშლი ხსოვნიდან.
როდესაც ალუჩა გაეხვა ზეწარში,
მე შენი უმანკო ღიმილი მომინდა.
სადა ხარ! ვიხსენებ შენს ტუჩებს ვნებიანს
და ვიცი, არ მელის სიმშვიდე დღეს და ხვალ...
ხარ შვილიშვილების ლამაზი ბებია,
თუ მხოლოდ შვილების ლამაზი დედა ხარ?
ბედნიერი გაქვს ცხოვრების შუადღე,
თუ წლებმა ჩაგიქრეს თვალებში მუხტები,
ან ჩემი ლექსები შენამდე თუ აღწევს,
ან როცა კითხულობ, ვისზეა თუ ხვდები.
რატომღაც მგონია, ეს ლექსი მოგძებნის,
შემოგყრის ნაღველსაც და მოგგვრის ღიმილსაც.
სხვა რაღა! გვფარავდნენ ცით ანგელოზები,
პოეტს სიყვარულში იღბალი ვინ მისცა!

??????