*** "ყოველივე იყო წინათ" ექსკლიუზივი
ყოველივე იყო წინათ,
ფიქრს მსაჯული თუ ჰყავს,
მე მიყვარდით, როგორც წვიმას
გაზაფხული უყვარს...
ნუღარ გამახენებ, ნუღარ –
მწუხარებას ქნარის...
ასე ღამეს მთვარე უყვარს,
ბალახს ბროლის ცვარი.
ვწევარ მწარე ფიქრის ჩრდილში
ღამეების ლეწვით,
ჩუმად ვტირი, ვით აპრილში
ტირის ვაზის ლერწი.
შენთვის, შენით იყო სავსე
სული მცნობი ყოვლის,
ფიქრში თრთოდი, როგორც ქარზე
თრთის ალუბლის თოვლი.
სხვა დღეების ნისლი მოდის,
სხვაგვარ როგორ მეთქვა,
შენი გულით ვიცინოდი,
შენი სული მედგა.
ახლა გული ბაღს ჰგავს, უშენს –
გაძარცვულს და მწუხარს,
მე მიყვარდით, როგორც ნუშებს
აპრილის ცა უყვარს!..