ქართული ანბანი ექსკლიუზივი
მამის ხსოვნას!
– ვიწყებთ ანი-დან, დასასრული მოდის ჰაე-თი,
ზამთრის მზესავით რა მალე და უხმოდ ჩავედი...
ვჩქარობთ: ან ვასწრებთ, ან დარჩება გულისნადებად,
ანი-თ ჰაე-მდე ასო-ასო დრო ანბანდება.
უფრო ბაცდება და აღგვიქვამს ჟამი განცდებად,
ყველა სარდალი უკანასკნელ ომში მარცხდება.
ღამე ქვრივია, არა წვება დღის სარეცელზე,
ჩვენს სულს დღევანდელს ხვალინდელის ჩრდილში ეძებენ.
ზოგის ცხოვრება მიზანს ხვდება ფრთიან ისრებად,
ზოგიც დარჩება, ღმერთმა უწყის, სანახ სიზმრებად.
და ჟამი, სანამ გასრულდება სულთა სტუმრობა –
დაგვყოფს ფიქრებად, სულებად და უსასრულობად...
ვიდრე შავეთად – ანბანური არის გზა ერთი:
ვიწყებთ ანი-დან, დასასრული მოდის ჰაე-თი!