ალბუთაშვილი ცოტნე
გაზიარება

ღამე დარეჯანის სასახლეში ექსკლიუზივი

როგორ მინდა, ეგებ წამით,
დაბრუნება გენებათ,
ამ დარბაზთა სარკმლებიდან
გასხლეტილო ბგერებო!
მიმწუხრია, თავისთავად,
შორსაა გათენება,
მაინც გეძებთ მტრედის ფრთებით
გაფრენილო ფერებო.
ეგებ წამით, ამ დარანებს
დაუბრუნოთ სინაზე,
სევდიანად გადამზირალს
კედლებს აივნებიანს...
სადღაც, ქვემოთ, ავტოპორტრეტს
მტკვარი ხატავს სილაზე, –
მიმოქნეულს, ოდნავ მღვრიეს,
იდუმალს და ვნებიანს.
ეგებ მართლა, თქვენი ხმებით,
სიოს სუსტი შეხებით,
აჩრდილებთან შეხვედრისას
იჩურჩულონ ვერხვებმა...
მერე, ჩუმად ჩაჰყვებიან
ხევებს ოჩოფეხებით,
წყალს დალევენ მწყურვალები,
როგორც მოეხერხებათ.
ნელა, ნელა, მეტეხიდან
მთვარემ აიაღმართა.
გაიყოლა საბერველი
თეთრი ღრუბლის ფთილისა...
რა ხანია ნარიყალას
სძინავს, როგორც საღათას,
დროა უკვე, ცოტა თვალი
მოატყუოს თბილისმაც.
როგორ მინდა, თუნდაც წამით,
დაბრუნება გენებათ,
ამ დარბაზთა სარკმლებიდან
გასხლეტილო ბგერებო!
მიმწუხრია, თავისთავად,
შორსაა გათენება,
მაინც გეძებთ მტრედის ფრთებით
გაფრენილო ფერებო.

??????